Accessibility links

logo-print
22 თებერვალი, კვირა
დილის 9 საათი. ზარი. მერაბ ნინიძე ავსტრიიდან.
„რა ქენი?“ მე მგონი გავედი-მეთქი.
თითქოს მე გავედიო, მპასუხობს. ძალიან „მბალელშჩიკობს“ და მამხნევებს. ლაპარაკია ფილმზე, რომელშიც მერაბს უნდა ეთამაშა. რატომღაც ვერ შეძლო და მე შომომთავაზეს.
უცნაურია... არასდროს მიფიქრია მსგავს რამეზე, უყოყმანოდ ვთანხმდები - ფულის გამო.
სცენარს ვეცნობი და გმირი, რომელიც უნდა ვითამაშო, ვხვდები, რომ სულაც არ უნდა ვითამაშო - უბრალოდ, ჩემთვის ძალიან ნაცნობ მდგომარეობაში ყოფნით გადავჭრა ფინანსური პრობლემა, რისი შანსიც ჩემს გმირს არ მიეცა. და რამდენია ეგეთი, ვისაც შანსი არ ეძლევა, ან ხელიდან უშვებს, სამწუხაროდ.
მადლობა მერაბს, რომ უარი თქვა ჩემი ცხოვრების ეპიზოდზე.
...რადიო თავისუფლებისთვის დღიურებს ვწერ. დღიურები ადრეც მიწერია და ყოველთვის, როცა ვიწყებდი, ლექსების წერაში გადამდიოდა. ახლაც ასე გამოვიდა...

ვთამაშობ ცხოვრებას,
თუ ვცხოვრობ თამაშში,
ეს ყოფნა-არყოფნაც
ვეღარ გამიგია
თუ სიმარტივეა ჩემი იდეალი
ყოფნა - პატარაა
არყოფნა - დიდია.

საღამოს 6 საათი. რესტორან „პურ-პურში“. კინოსინჯების მერე, სადაც ჩემთვის უჩვეულოდ, მთავარი როლის შემსრულებელი ვარ და არა დამდგმელი მხატვარი, აქ ჩემი საქმით ვტკბები - მხატვარი ვარ...
ფანჯარასთან ვზივარ და ვაკვირდები, სხვადასხვა სახის მაგიდები როგორ ელიან კლიენტებს. მომსვლელებიც ინტერესით არჩევენ და, ბოლოს, პოულობენ თავიანთ ადგილებს.
გარეთ ბინდდება. მაგიდებზე სანთლებს ანთებენ. ერთი ფანჯარა გაიღო და სანთელი ჩაქრა...
- ნუთუ სუბსარქისმა ჩაიარა?
- არა მგონია... - დიალოგი საკუთარ თავთან.
მიმტანი მოდის: - გემრიელად მიირთვით.
მე: - მადლობთ, ყავა თუ შეიძლება.
- თურქული?
- დიახ.

23 თებერვალი, ორშაბათი
კონოსტუდია. ვზივარ ახლად გაკეთებულ ოფისში, რომელსაც წუნს ვერ დაუდებ. ხის იატაკი. ბეტონის კედლები. შუშა და თეთრად შეღებილი აგური. გარეთ ქარია. ფანჯარას მომდგარი ხეების შრიალი ვერ აღწევს ჰერმეტულ შუშებში და ისინი უხმოდ ირხევიან.
შიგნით კი არაფერი არ იძვრის, გარდა ჭერიდან დინჯად შემოსული რაღაც დანადგარის მიერ ამონასუნთქი თბილი ჰაერისა.
ოფისში არ ეწევიან.
ოფისში ტექნიკა ცხოვრობს.
ცხოვრება მინდება და გარეთ გავდივარ მოსაწევად.
ოფისის კარს მიღმა, გაპარტახებულ ძველ ფოიეში კი - ქარი ქრის... ქარი ქრის... ქარი ქრის...

24 თებერვალი, სამშაბათი
დილა.
„ვენი, ვიდი, ვიცი“ - მივწერე მერაბს. როლზე დამამტკიცეს. რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე. ბევრი ადამიანის ისტერიულ მუშაობას, მოლოდინს, დიდ ხარჯებს, ნერვებს და იმედს.
40 დღით უნდა გამოვეთიშო რეალურ სამყაროს, სადაც უკვე აღებული პასუხისმგებლობები, არანაკლები ხალხი და იმედი რჩება.
მაგრამ ამაზე ნუ იღელვებთ - რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, უკეთ გამომდის. ვინაიდან სასწორი ვარ, ბევრი დრო არ უნდა მომცე, თორემ ან ყოყმანს ვიწყებ, ან ფიქრში რეალიზებული პროექტებით ტკბობას. ცაიტნოტში კი ინტუიცია ერთვება და ყველაფერი თავისით გამოდის. რაც ნიშნავს: გადაღებებზე სცენიდან სცენამდე ესკიზების კეთებას, ტელეფონით ხელმძღვანელობას, ღამ-ღამობით მუშაობას და, რასაკვირველია, დღიურის წერას თავისუფლების სადარაჯოზე.

25 თებერვალი, ოთხშაბათი
დილის 12 საათი.
ზარი - ქეთი დოლიძე.
- რას შვრები?
- არ იღელვოთ, ყველაფერი კარგად იქნება, კეთდება, ხვალ გადმოვიტან.
დღის 3 საათი. კინოსტუდია. რა ძვირადღირებული მსახიობი ყოფილხარო, მითხრა ერთმა პროდიუსერმა. მე მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე
- მე მსახიობი არა ვარ...
საღამოს ისევ „პურ-პური“. ნაცნობი სახეები - „გამარჯობა”, „როგორა ხარ”... „რა გვეშველება”... და ასე შემდეგ...

26 თებერვალი, ხუთშაბათი
დილა. 3 მარტამდე არ მეწყება გადაღებები. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ეს დრო. დრო კი მიდის... რილკეს თუ გავიხსენებთ - დრო ახალგაზრდობაში მიდის, ახლა კი ხვდები, რომ დრო კი არ მიდის, შენ მიდიხარ.
ასე რომ, წავედი...
ისევ ზარი. ქალბატონი ქეთი: „რა დიეტაზე ხარ, ისე არ ქნა, რომ არაფრის ძალა არ გქონდეს, მე ყველაფერი გავარკვიე, ღამის გადაღებები არა გაქვს. ასე რომ, ღამ-ღამობით ვიმუშაოთ.“
ტატომ დარეკა. ტატო ჩემი შვილია, პოლონეთში სწავლობს საოპერატოროზე. პირველი ფილმი უნდა გადაიღოს. 4-წუთიანი მოცემულობა. ძალიან ბევრს ფიქრობდა და ინტერნეტითაც კი ითხოვდა იდეებს და დახმარებას. მერე ბოლოს თავისით მშვენიერი არჩევანი გააკეთა - „პახმელიას“ იღებს. ტელეფონში მომიყვა სიუჟეტს - ძალიან მომეწონა.

27 თებერვალი, პარასკევი
დღეს მგლის კოსტიუმი მომაზომეს, გავარკვიე, რომ ფილმში სიმღერაც მიწევს. ჩემი აზრით, ყველაზე რთული ეპიზოდი ჩემთვის - ჩემი სმენიდან გამომდინარე.
ისევ ქეთი დოლიძის ზარი.
- ქალბატონო ქეთი, 3-ში მეწყება გადაღებები, ასე რომ, არ იღელვოთ, ხვალ გადმოვიტან. - ლაპარაკია თუმანიშვილის თეატრში კაფეს მოწყობაზე.
გამახსენდა, რომ სტუმრად დაპატიჟებული ვარ ორი ლამაზი ქალბატონის დაბადების დღეზე. არანაკლებად ლამაზ სახლში, გოგი მესხიშვილისა და მაკა მიქაძის სახლში. ნატო მურვანიძისა და ნინო ბაბუხადიას დაბადების დღეზე.
ვიყიდე „კალას“ ორი თაიგული და შევუყევი მთაწმინდის მშვენიერ აბაკელიას ქუჩას. კარები შევაღე და აღმოვჩნდი ვისკონტის ფილმში, სადაც ულამაზესი ქალები და მელოტი კაცები ლაღად გრძნობენ თავს, ვინაიდან ყველა ახლობელია და უხარიათ ერთმანეთის ნახვა.
სამწუხაროდ, ცოტა რამ გვახარებს ამ ბოლო დროს. ვინაიდან ბევრად მეტი ცუდი ემოციაა გარშემო, ვიდრე კარგი. გადავეჩვიეთ.
და აი, ვისკონტის ფილმმა სადღაც დამაბრუნა, სიყმაწვილეში. ამას წინათ ტელევიზორში ფელინის „რვანახევარს“ მოვკარი თვალი. როგორ სხვა ფილმებს იღებდნენ და როგორი სხვა დრო იყო!.. ჩემთვის ძალიან ღირებული... და სულ სხვა რიტმი.
მე მაინც მეოცე საუკუნის ადამიანი ვარ და მუდამ დავრჩები.
ცუდია, რომ არ ვსვამ. ვსვამ კი არა, ამ ულამაზეს სუფრაზე, სადაც კობალტის თეფშებზე შემოწყობილ გოჭის ნაჭრებს ძახველის მტევნები აბოლოებდნენ და სქლად დაჭრილ სულგუნის ნაჭრებზე შუშის ყურძნები ელაგა, მე მაგიდას მივუჯექი, ჩემი ხაჭო ამოვიღე, და კოვზი მოვითხოვე.
გაოგნებული სახეები იმას ნიშნავდა, რომ უნდა გამემხილა ჩემი დიეტისა და, მაშასადამე, ფილმში გადაღების ამბავი, რაც თბილისური ცხოვრების ახალ შტრიხს ნიშნავდა, რომელიც ნიავის მსგავსად ჩამოუვლის რაიმე სიახლის ყურისმოკვრის მომლოდინე საზოგადოებას.
შევეცდები, იმედი არ გავუცრუო.
იქ ღამის სამ საათამდე დავრჩი.

28 თებერვალი, შაბათი
ქარია... წავედი „პურ-პურში“. რესტორნის კართან შევეფეთე ნესტან ნიჟარაძეს და მასთან ერთად მშვენიერ ასაკოვან ქალბატონს - კარტიე-ბრესონის მეუღლეს. შენ გეძებთო. რაღაც პროექტთან დაკავშირებით - იგულისხმება „მაგნუმის“ პროექტი საქართველოზე. ამ ქალბატონს ოჯახების გადაღება უნდა, მათ შორის ჩემის. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მეძლევა, ყავაზე დავპატიჟო და ამ სახით მაინც შევეხო კარტიე-ბრესონს.
ახლა რადიოში მივდივარ...
ასე ლამაზად დამთავრდა ჩემი კვირა რადიო თავისუფლებისათვის.
XS
SM
MD
LG