Accessibility links

logo-print

ჟურნალისტი აპირებს, უჩივლოს პრეზიდენტის დაცვასა და გამგებელს


ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობას უინციდენტოდ არ ჩაუვლია

ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობას უინციდენტოდ არ ჩაუვლია

ინტერნეტგამოცემა “პრესა.გე”-ს ზუგდიდელი კორესპონდენტი ნანა ფაჟავა, რომელსაც ახალი წლის შეხვედრა სასამართლოს დარბაზში მოუხდა - აპირებს, უჩივლოს ზუგდიდის გამგებელსა და პრეზიდენტის დაცვას მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისათვის.

ნანა ფაჟავა და მისი კოლეგა, გაზეთ “ასავალ-დასავლის” კორესპონდენტი ილია ჩაჩიბაია, რომლებიც ზუგდიდში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინასაახალწლო ვიზიტის გაშუქებას აპირებდნენ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგებელ ალექსანდრე ქობალაის შეურაცხყოფისათვის 100-100 ლარით დააჯარიმა და სასამართლოს დარბაზიდან ახალი წლის დადგომის შემდეგ გაუშვა. როგორც ნანა ფაჟავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ორშაბათს იგი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს თბილისში და ადვოკატთან ერთად რამდენიმე სარჩელსაც ამზადებს.

“მე სარჩელს შევიტან სამთავრობო დაცვის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შემიშალა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, ფიზიკური ძალადობა გამოიყენა ჩემს მიმართ, დამიმტვრია ვიდეოაპარატურა და შეურაცხყოფა მომაყენა” - ამბობს ფაჟავა და დასძენს, რომ აპირებს, უჩივლოს ქალაქ ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიასაც. ფაჟავას მტკიცებით, ქობალიამ თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, „უკანონო ბრძანება მისცა პოლიციას და უკანონოდ დააჭერინა ექვსი ადამიანი.“

ჟურნალისტი ამბობს, რომ უჩივლებს პოლიციის პატრულსაც, რომელმაც ყური არ ათხოვა მის თხოვნას და არ მივიდა მანქანის შესამოწმებლად, რომლის ავზშიც, ფაჟავას თქმით, დაუდგენელმა პირებმა შაქარი ჩაყარეს.

განსხვავებულად აღწერს სურათს საქართველოს ხელისუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებმა "სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა" მიაყენეს ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და დააზიანეს მისი ავტომანქანა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს.

„პოლიცია მოუწოდებს ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც, რომ მათ თავისი ქმედება მოაქციონ კანონის ჩარჩოებში და იყვნენ კანონმორჩილნი”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნანა ფაჟავა უარყოფს პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტს. თუმცა, ადასტურებს, რომ მართლაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და მას „ვარლამ არავიძის შთამომავალი“ უწოდა იმ უსამართლობისა და დევნის გამო, რასაც ჟურნალისტი ბოლო ათი წლის განმავლობაში განიცდის.

“არ დავიხევ უკან და ეს სასამართლოზეც ვთქვი, რომ გრიშა ქობალიას [გამგებლის მამას] ვუწოდე ვარლამ არავიძე. და ვუთხარი გამგებელს, რომ სხვას არც მოველოდი გრიშა ქობალიას შვილისაგან”, ამბობს ჟურნალისტი.

ნანა ფაჟავა, რომელიც 2008 წლამდე ტელეკომპანია “იმედში” მუშაობდა, ქართულ ინტერნეტ-გამოცემებს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას სამეგრელოში მიმდინარე იმ მოვლენებზე, რომლებიც ცენტრალური არხების მიერ არ შუქდება. ფაჟავა რეგულარულად აშუქებს ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს ზუგდიდში. მან ერთ-ერთმა პირველმა დაწერა ორი თვის წინანდელ ინციდენტზე, როცა ანაკლიაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილს უცნობმა ახალგაზრდამ ფეხსაცმელი ესროლა.

31 დეკემბერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს სწავლობს სამეგრელოს რეგიონში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბაგრატ ქირია, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დასკვნების გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევად მიაჩნია.

“ფაჟავასთან მიმართებით რამდენიმე საქმე გვაქვს შესწავლილი. მისი საქმეები სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებშიც მოხვდა და აისახა“, ამბობს ქირია. „მაგრამ [ამ ინციდენტს რაც შეეხება] ჯერჯერობით გარკვეული პოზიცია არ გვაქვს. უნდა შევისწავლოთ. ავწონ-დავწონოთ და ამის შემდეგ უფრო ცნობილი გახდება ჩვენი პოზიცია.”

შეკითხვაზე, თუ რით არის განპირობებული ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის მოხსენებებში ყველაზე ხშირად სამეგრელოში მოღვაწე ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები ხვდება, ბაგრატ ქირიამ ივარაუდა, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ზუგდიდი ახლოს არის კონფლიქტის ზონასთანო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG