Accessibility links

logo-print

წალენჯიხაში ქარბორბალამ 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა და მრავალწლიანი ნარგავები გაანადგურა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ქარდავა წალენჯიხიდან იტყობინება, ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ნაკიფუს მიადგა. ”შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რამდენია ზარალი მუნიციპალიტეტის მასშტაბით”, - ამბობს გამგებელი.

სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ნაკიფუს ახლადგარემონტებული სკოლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დირექტორის, რუსუდან სამუშიას თქმით, სკოლას ქარბორბალამ სახურავი სანახევროდ გადახადა. სკოლაში ასზე მეტი მოზარდი სწავლობს. რუსუდან სამუშია იმედოვნებს, რომ სკოლა არდადეგების დასრულებამდე გადაიხურება.


სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც. იქ ქარბორბალამ ათეულობით სახლს გადახადა სახურავი. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანატოლ ლემოჯავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ზარალის ოდენობა რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, თუმცა მანამდე მოსახლეობას, რომლის სახლებსაც სახურავი აქვს ახდილი, დროებით გადასახურ მასალას მისცემენ. ”საგანგაშო მდგომარეობაა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ იმ სოფლებში, სადაც ქარბორბალა იყო. უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მუშაობას ცუდი ამინდი ართულებს”, - ამბობს ანატოლ ლემოჯავა.

ამ დროისთვის ელექტროენერგია სრულად მიეწოდება წალენჯიხის რაიონის იმ სოფლებს, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზარალა. ხოლო რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს, ელექტროენერგიის მიწოდებას რამდენიმე დღეში ვარაუდობენ, რადგან, როგორც ჩხოროწყუდან იტყობინებიან, ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ძლიერი წვიმაც აფერხებს.

XS
SM
MD
LG