Accessibility links

logo-print

ცესკოს თავმჯდომარე და ახალი სამი წევრი 20 იანვრამდე ეყოლება



მომავალი ერთი კვირის განმავლობაში მედიის ყურადღება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაკენ იქნება მიმართული, რადგან კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განცხადების მიღება 4 იანვრიდან უკვე ოფიციალურად დაიწყო. კონკურსი კომისიის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. 20 იანვრამდე უნდა გაირკვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის ვინაობაც.

საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მოვლენები ორი თვით დააჩქარა. ცესკოს 13 წევრიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს ხუთწლიანი ვადით დაამტკიცეს, სამს - გიზო მჭედლიძეს, ლუხუმ ბურჯალიანსა და ემზარ ფაჟავას - უფლებამოსილება უწყდება. ეს ცვლილება ეხება კომისიის თავმჯდომარესაც, თუმცა ისინი თანამდებობებზე რჩებიან მანამ, სანამ ყველა გამოთავისუფლებულ ადგილზე ცესკო - ან შემდგომში პარლამენტი - ახალ კანდიდატურებს არ დაამტკიცებს. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო ვადა, როდესაც პარლამენტს კომისიის წევრების არჩევა შეუძლია, ისევე როგორც თავმჯდომარისა, არის 18 იანვარი:

” სავარაუდოდ, 18-ში აირჩევენ, 19-ში შევა ძალაში და 20-ში უკვე სამივე წევრს და თავმჯდომარეს შეუწყდება უფლებამოსილება. მანამდე კი ისინი განაგრძობენ მუშაობას. პრეზიდენტს აქვს ვადა 8 იანვრამდე და მან ამ პერიოდში უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეარჩიოს თავმჯდომარის სამი კანდიდატურა. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო მოხელის შესაბამისი სერტიფიკატი, გამოცდილება და ა.შ.”

პრეზიდენტის მიერ შერჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამ კანდიდატზე თავდაპირველად ცენტრალური საარჩევნო კომისია მსჯელობს. ცესკოში შემავალი ექვსი ოპოზიციური პარტიის - მრეწველების, რესპუბლიკელების, კონსერვატორების, ლეიბორისტების, ქრისტიან-დემოკრატების და პარტიის „ჩვენ თვითონ“ - წარმომადგენლები 11 იანვრამდე იკრიბებიან და კენჭს უყრიან ამ სამ კანდიდატურას. არჩევნები ფარულია. თითო წევრს თითო ხმის უფლება ქვს. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე კანდიდატმა წარმოდგენილი სამიდან მოაგროვა 4 ხმა, ის ხდება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურა უკვე პარლამენტში გრძელდება და საკანონმდებლო ორგანოს ერთი კვირის ვადა აქვს ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად. კომისიის წევრებს საკუთარი კანდიდატურების წარდგენის ვადა 8 იანვარს ეწურებათ. ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ, თუ მისი კანდიდატურა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატურაში მოხვდება, ის მეორე ვადით თავმჯდომარეობაზე თანახმა იქნება:

”კომისიის წევრების შემთხვევაში, პრეზიდენტი თითო ვაკანტურ ადგილზე ირჩევს 2 კანდიდატს და ეს ექვსკაციანი სია შედის პარლამენტში. თვმჯდომარის შემთხვევაში კი, მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტი წარადგენს, ისინი აცხადებენ თავის თანხმობას ან არ ეთანხმებიან მას. თუ ჩემი კანდიდატურა ამ სამ ადამიანში მოხვდება, მე დავთანხმდები ამ შემოთავაზებას.”

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ დგება თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია, რომელ არასამთავრობოებთან გაივლის კონსულტაციებს პრეზიდენტი და გაითვალისწინებს თუ არა ის მათ რჩევებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია გვეუბნება, რომ კანონში ეს ნათლად განსაზღვრული არ არის.

ნინო ლომჯარია იხსენებს, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში გამართული კონსულტაციების დროს მმართველი პარტია კატეგორიულად წინააღმდეგი გამოვიდა იმისა, რომ გადახედოს საკუთარ ინიციატივას, აუცილებლად პრეზიდენტმა წარადგინოს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურები.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონეც ამბობს, რომ მათ ჯერ პრეზიდენტის კანცელარიიდან არავინ დაჰკავშირებია.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, განმარტავს, რომ პრეზიდენტი ვალდებული არ არის არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული კანდიდატურა განიხილოს. ბერძენიშვილი საინტერესო შემოთავაზებას მიხეილ სააკაშვილისგან არც ამჯერად ელის:

”რესპუბლიკელების, კონსერვატორების და ლეიბორისტების თანხმობა, ვეჭვობ, რომელიმე კანდიდატმა მიიღოს და ისე კი სააკაშვილისგან კარგი პაკეტის შემოთავაზებას არც ამჯერად ველით.”

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების ვინაობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG