Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 4 იანვარი 2010

  • ნიკო ნერგაძე


ორშაბათს, როგორც წესი, პრესა განსაკუთრებით უხვია ხოლმე, ბევრი გაზეთი გამოდის, მაგრამ დღეს გამონაკლისი დღეა - ახალ წელთან დაკავშირებით გაზეთების დიდი ნაწილი ისვენებდა. ჩვენც მათ გადავხედოთ, ვინც არ დაისვენა. ამათი დიდი ნაწილი კი ახალი წლის ამბების შეჯამებითაა დაკავებული.

”ვინ დაიჯერებს, რომ ჭეშმარიტად ობიექტურ გამოკითხვაში რუსი დოკუმენტალისტი უფრო დიდი ავტორიტეტი ყოფილა, ვიდრე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი?” - კითხულობს ”კვირის პალიტრა” სტატიაში, რომელიც საზოგადოებრივი არხის მიერ წლის ადამიანის შესარჩევად ჩატარებულ გამოკითხვას ეხება. ”ნეკრასოვმა მოკრძალებულად მიიღო ეს აღიარება, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”პარადოქსული ის კი არაა, რომ ჩვენი ქვეყნისადმი კეთილად განწყობილ ადამიანს გარჯა დავუფასეთ, არამედ ის, რომ დღედაღამ საკუთარ ქვეყანაზე მოფიქრალ პრეზიდენტს ერთი - თუნდაც ჩვენი ინტერესების გამომხატველი - ფილმის გადაღებით სჯობს სხვა ქვეყნის მოქალაქე.”

აქვე წაიკითხავთ საავტორო სვეტს, სადაც ვანო მერაბიშვილის მიერ იუმორისტული შოუს ერთი დღით გაძღოლაა განხილული. ”ხალხმა ნახა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი სულ არ ყოფილა ცხრათავიანი დევი და დემონი. რა ხდება, ბატონო ვანო, იმიჯის გამოსწორების წელი დადგა?” - კითხულობს ავტორი და დასძენს:”პირადად მე ყოველთვის ვიტყვი, რომ მრავალმხრივ განვითარებული ბრძანდებოდით და რომ ერთნაირი წარმატებით შეგეძლოთ ღამით მომიტინგეების დარბევის ბრძანება გაგეცათ და შემდეგ, სუფრაზე, კარგად გეხუმრათ.“

”ახალ თაობასაც” შევხედოთ, რომელიც რამდენიმე სტატიას აქვეყნებს პრაიმერთან და მომავალი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. აქ ნახავთ ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძესთან, რომელიც პრაიმერის მნიშვნელობას ასე აფასებს: ”დღეს თბილისში 4-5 პარტია ჩანს რეიტინგებში, რომლებსაც 4 პროცენტზე მეტი აქვთ - ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატები, „ალიანსი საქართველოსთვის“, ლეიბორისტები და „ეროვნული ფორუმი“. ეჭვი მეპარება, რომ ამ პარტიებიდან რომელიმემ მონაწილეობა მიიღოს პრაიმერში” - უთხრა ლევან ვეფხვაძემ ”ახალ თაობას”.

”კვირის ქრონიკის” პირველ გვერდზე ნახავთ დიდი ასოებით გამოტანილ ციტატას ინტერვიუდან - ”რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე ეს 90-კილოიანი ლუსტრა ჩამოვარდა და დაეცა ერთ-ერთ მანქანას, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მართავდა”. პუბლიკაციას თან ფოტო ახლავს, რომელსაც ასფალტზე დადებული ჭაღია გამოსახული, თუმცა, როგორც ჩანს, ეს უფრო დაკიდების კადრია, ვიდრე ჩამოვარდნილი ჭაღისა. ეს ფრაზა გახლავთ ციტატა ინტერვიუდან ”თანასწორობის ინსტიტუტის” ერთ-ერთ წევრთან, შოთა აფხაიძესთან. ”ქრონიკა” კომენტარისთვის დაუკავშირდა მერიის პრესსამსახურს, სადაც თქვეს, მსგავსი არაფერი მომხდარა, იმხელა ჭაღის ჩამოვარდნა რაც არ უნდა დაფარო, მაინც არ დაიმალება. ასე რომ, არც ჩამოვარდნილა და არც დაგვიმალავსო.”
XS
SM
MD
LG