Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებისა და შსს-ს განსხვავებული ვერსიები


სახალხო დამცველის ოფისი, თბილისი
სახალხო დამცველის ოფისი, თბილისი
დღეს სახალხო დამცველის ოფისში, ომბუდსმენის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებები მისცეს ზუგდიდელმა ჟურნალისტებმა და საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” წევრებმა, რომლებიც 31 დეკემბერს დააკავეს. ზუგდიდის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ხულიგნობის გამო სცნო და 100-100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ერთი მხრივ, ჟურნალისტებს ნანა ფაჟავასა და ილია ჩაჩიბაიას და ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლებს, მეორე მხრივ კი - შსს-ს.

სამინისტრომ 31 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა დავით სორდიამ, ალექსანდრე მალაშხიამ, ალექსანდრე გეთიამ, კახა მიქაიამ, ილია ჩაჩიბაიამ და ნანა ფაჟავამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და მისი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს. თავის მხრივ, პოლიციის მიერ დაკავებული და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დასჯილი ჟურნალისტები და ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და გამგებელმა მიაყენეს.

ინციდენტი 31 დეკემბერს მოხდა ზუგდიდში, სადაც ჟურნალისტების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების ამსახველ კადრებს იღებდნენ. ჟურნალისტ ნანა ფაჟავას განცხადებით, მათ გადაღება იმ მოტივით აუკრძალეს, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლო იყო. მისივე ინფორმაციით, ჩამორთმეული აპარატურა პრეზიდენტის დაცვამ ადგილობრივ პოლიციას გადასცა, მთელ ამ პროცესში კი აქტიურად მონაწილეობდა ზუგდიდის გამგებელი.

ჩამორთმეული აპარატურის დაბრუნება ჟურნალისტებმა სამხარეო პოლიციისა და გამგეობის შენობებთან მოითხოვეს, რასაც გარკვეული დროის შემდეგ და გარკვეული პერიოდულობით მათი დაკავება მოჰყვა. ნანა ფაჟავას ინფორმაციით, სამართალდამცავთა ოქმში, რომელიც სასამართლოს წარედგინა, დაკავების მითითებული დრო რეალურ დროს არ ემთხვევა. ნანა ფაჟავამ რადიო თავისუფლებას ასევე განუცხადა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუგდიდის გამგებლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და მისი ავტომანქანის დაზიანების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჟურნალისტის ცნობით, კონკრეტულად ავტომანქანის დაზიანების ფაქტი თავად ოქმშიც არ ფიგურირებს.

ნანა ფაჟავას განცხადებით, ზუგდიდის სასამართლოს განაჩენი დადგენილ ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. გარდა ამისა, ჟურნალისტები მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელისშეშლისა და უფლებამოსილების გადამეტების გამო, პრეზიდენტის დაცვის წევრებს, ზუგდიდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას, საპატრულო პოლიციასა და ზუგდიდის გამგებელს პროკურატურაში უჩივიან.
XS
SM
MD
LG