Accessibility links

„ძველი ევროპა“ ნამდვილად, ნამდვილად ძველია


ხარების ზოომორფული ფიგურები ვარნის მუზეუმიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4-მე-5 ათასწლეულები)

ხარების ზოომორფული ფიგურები ვარნის მუზეუმიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4-მე-5 ათასწლეულები)

მრავალი წლის განმავლობაში ეგვიპტე და მესოპოტამია დედამიწაზე უძველესი ცივილიზაციის აკვნად ითვლებოდა, მაგრამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოფენილი არქეოლოგიური ექსპონატები იმაზე მიუთითებს, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეოთხე ათასწლეულში, თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე კარგად იყო განვითარებული მეტალურგია და სამთო მრეწველობა. ნიუ-იორკში უძველესი რელიკვიების გამოფენას, სახელწოდებით „ძველი ევროპის დაკარგული სამყარო“, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევიც ესტუმრა. გაგაცნობთ მის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს.

როგორ კვალს ტოვებს ცივილიზაცია დამწერლობისა და გადარჩენილი დოკუმენტირებული ისტორიის გარეშე? ეს პრობლემა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე ათასწლეულებში ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ უძველეს საზოგადოებებთან მიმართებაში. კულტურები, რომლებიც ყვაოდა თანამედროვე ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვის, სერბიის, მაკედონიისა და უკრაინის ტერიტორიებზე, მოულოდნელად დაეცა და გაქრა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გახსნილი გამოფენიდან ირკვევა, რომ ევროპის ტერიტორიაზე იმ დროის ყველაზე მოწინავე ცივილიზაცია იყო. გამოფენის კურატორი დევიდ ენტონი განმარტავს:

ეს იყო პირველი კულტურები, რომლებმაც მეტალურგია გამოიგონეს - ეს იყო მთავარი ტექნოლოგიური მიღწევა.
„ეს იყო პირველი კულტურები, რომლებმაც მეტალურგია გამოიგონეს - ეს იყო მთავარი ტექნოლოგიური მიღწევა. შემდგომი ძველი ცივილიზაციები, ბერძნულისა და რომაულის ჩათვლით, დამოკიდებულნი იყვნენ ლითონზე. შესაბამისად, ლითონისგან ხელსაწყოებისა და იარაღის შექმნის ისტორია ძველი ევროპის ამ კულტურებიდან იწყება.“

გამოფენას „ძველი ევროპის დაკარგული სამყარო“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი 25 აპრილამდე უმასპინძლებს. მასზე ექსპონატების სახით წარმოდგენილია 160 ნაკეთობა, სამკაული და სხვა დეკორატიული ობიექტი, რომლებსაც არქეოლოგებმა სამარხებსა და უძველეს ნასახლარებში მიაკვლიეს.

„ძველმა ევროპამ“, რომელიც გამოფენაზე ექსპონატების სახითაა წარმოდგენილი, საფუძველი ჩაუყარა ევროპის სასოფლო-სამეურნეო კულტურის განვითარებას. ექსპონატები, მათ შორის ადამიანის მეტისმეტად სტილიზებული ქანდაკებები, თიხის ძერწვისა და ლითონის დამუშავების გასაოცარ გაწაფულობაზე მეტყველებს.

კომუნისტების დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არქეოლოგიური გათხრებისა და კვლევის საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. ხანგრძლივი პოსტსაბჭოთა მიჩუმების შემდეგ, დევიდ ენტონის თქმით, დაიწყო ძველი ევროპის კულტურის გლობალური შეფასება.

„მთლიანობაში, როცა უყურებთ წინაისტორიულ სინთეტურ ნამუშევრებს, როგორც წესი, აღმოსავლეთ ევროპას სათანადოდ ვერ აფასებთ. სინამდვილეში, თუ ვიქნებით სამართლიანები, უნდა ვაღიაროთ ამ პრეისტორიული კულტურების პროდუქტიულობა. ვგულისხმობ კულტურებს, რომლებიც თავის დროზე ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით განვითარდა და გარკვეული დროის განმავლობაში, ასე თუ ისე, ყველაზე მოწინავე იყო ევროპაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დევიდ ენტონიმ.

თიხისა და ლითონის გამოფენილი საგნები მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად იყო განვითარებული ცეცხლთან და ღუმელთან მუშაობის ტექნოლოგია. მაშინდელ საზოგადოებაში ასევე კარგად იყო განვითარებული სამთო მრეწველობა. ოქროსა და სპილენძის მადანი მიწიდან - 30 მეტრი სიღრმიდან - ამოჰქონდათ.

გამოფენაზე წარმოდგენილი კულტურები მაღალი სოციალური ორგანიზებულობითაც გამოირჩეოდა. ენტონის თქმით, აღმოსავლეთი ევროპა ითვლება ყველაზე დიდი დასახლებების, მათ შორის, ათი ათასზე მრავალრიცხოვანი ქალაქების სამშობლოდ:

უკრაინაში დასახლება იზრდება ჯერ 150-დან 500 სახლამდე, შემდეგ 2000-მდე. ამასთან, ორიათასიანი დასახლება კილომეტრზე მეტი სიგრძის იყო
„განსაზღვრულ დროსა და განსაზღვრულ ადგილას, - კერძოდ, უკრაინაში, - ვხედავთ, რომ დასახლება იზრდება ჯერ 150-დან 500 სახლამდე, შემდეგ 2000-მდე. ამასთან, ორიათასიანი დასახლება კილომეტრზე მეტი სიგრძის იყო.“

ძველი ევროპის კულტურის ასაკი ემთხვევა მესოპოტამიის განვითარების პირველ დღეებს, მაგრამ ამ ცივილიზაციამაც კი, თავისი მონუმენტური არქიტექტურით, ვერ მიაღწია დასახლების იმ მასშტაბებს, როგორიც აღმოჩენილია თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა დღემდე დავის საგნად რჩება ის გარემოება, თუ რამ გამოიწვია ძველი ევროპის დინამიკური და განვითარებული საზოგადოების დაღუპვა. ჯენიფერ ჩაის - საზოგადოებრივი პროგრამების დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის - თქმით, ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ დასახლებების გაქრობა ჩრდილოეთიდან მოსული მომთაბარე ტომების შეჭრამ გამოიწვია:

„ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ოთხი ათასიდან სამი ათას ხუთას წლამდე ევრაზიის ტრამალებიდან მომთაბარე ტომები შეიჭრნენ. არის უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ევროპის სამხრეთში გადაიწვა ქალაქები და ეს ქალაქები დაცარიელდა.“
ერთი ჰიპოტეზის მიხედვით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 000-დან 3 500 წლამდე ევრაზიის ტრამალებიდან მომთაბარე ტომები შეიჭრნენ.

სხვა თეორიის მიხედვით, ძველი ევროპის ცივილიზაცია კლიმატის ცვლილებამ დაღუპა. არქეოლოგიური კვლევებით დგინდება, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 ათას წელს რეგიონში იმდენად აცივდა, რომ ადამიანები იძულებული გახდნენ უფრო თბილი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ვარგისი მიწების მოსაძებნად ადგილიდან აყრილიყვნენ.
XS
SM
MD
LG