Accessibility links

logo-print

აფეთქება, რომელმაც ავღანეთში ამერიკელი აგენტები მოკლა, ორმაგმა აგენტმა მოაწყო?


აშშ-ის შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობას, რომელიც გასულ კვირაში ავღანეთში მოწყობილ აფეთქებას ეხება: მან 8 ადამიანი მოკლა, რომელთაგან 7 - შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომელი იყო, ერთი კი იორდანიის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი. და აი, მედიის ცნობით, ირკვევა, რომ თვითმკვლელი თავდამსხმელი, რომლის მიერ მოწყობილმა აფეთქებამაც 8 კაცი, მათ შორის ამერიკელი აგენტები შეიწირა, თვითონ ორმაგი აგენტი იყო.

36 წლის იორდანელი ექიმი, ჰუმამ ხალილ აბულ-მულალ ალ-ბალავი წელიწადზე მეტი ხნის წინ დააპატიმრა იორდანიის დაზვერვის სამსახურმა: ის „ალ-ყაიდის“ მხარდაჭერაში იყო შემჩნეული. მაგრამ დაზვერვამ მისი გადაბირება შეძლო და დავალებად მიუჩინა „ალ-ყაიდის“ მმართველ სტრუქტურაში შეღწევა. ამის შემდეგ ჰუმამ ხალილ აბულ-მულალ ალ-ბალავი, როგორც იუწყებიან, ავღანეთში მუშაობდა, სანამ გასულ კვირაში, 30 დეკემბერს ავღანეთშივე, აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში ბომბს ააფეთქებდა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს იქაურ ბაზაზე.

NBC News - ამერიკული საინფორმაციო ტელეარხი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცნობა ამფეთქებლის აგენტობის შესახებ, იუწყება, რომ ალ-ბალავი ამ, როგორც უკვე ითქვა, წელიწადზე მეტი ხნის წინ დაპატიმრებამდე, უძღვებოდა საინტერნეტო ფორუმს „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთ ვებსაიტზე. იორდანიის აგენტობაზე დაყაბულების შემდეგ ალ-ბალავის მთავარი ამოცანა იყო, დაედგინა „ალ-ყაიდის“ რანგით მეორე ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფებლი. ავღანეთის ხოსტის პროვინციაში, ამერიკელების ბაზაზე ის სწორედ იმის გამო მიიწვიეს, რომ აგენტს, მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია ალ-ზავაჰირის მისაკვლევად. როგორც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ ვკითხულობთ, ალ-ბალავი მანქანაში ჩაისვეს ამერიკელების ბაზასთან ახლოს ისე, რომ გულდასმით არ შეუმოწმებიათ.

აფეთქების შემდეგ იორდანიის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, რომ თვითმკვლელი მოიერიშე იორდანელი იყო. არ დაუდასტურებიათ არც ის, რომ აფეთქების შედეგად დაღუპული ერთადერთი არაამერიკელი, კერძოდ, იორდანელი ალი ბინ ზეიდი, რომელსაც საინფორმაციო საშუალებები სამეფო ოჯახის წევრად მოიხსენიებენ, იორდანიის დაზვერვის სააგენტოსთვის მუშაობდა.

სხვათა შორის, იორდანია ერთადერთი არაბული სახელმწიფოა, რომელიც სამხედრო კონტინგენტით არის წარმოდგენილი ავღანეთში, მრავალეროვანი სამხედრო ალიანსის შემადგენლობაში. ნატოს ვებსაიტზე როგორც ვკითხულობთ, ავღანეთში 90 იორდანელია განთავსებული.

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველო უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც მედია ორმაგ აგენტსა და ავღანეთში 30 დეკემბერს მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე აქვეყნებს. თუმცა, ხმამაღალი განცხადება, რომელიც ავღანეთში დაზვერვის საქმიანობას ეხება, მაინც გაკეთდა. ეს არის მკაცრი კრიტიკა, რომელსაც 4 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქვამს ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი მაიკლ ფლინი. ის გამოთქვამს რეკომენდაციას, რადიკალურად შეიცვალოს „დაზვერვის აპარატი“, რომელმაც დღემდე ვერ შეძლო, პასუხი გასცეს მთავარ შეკითხვებს იმ გარემოს შესახებ, რომელშიც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ჯარებს უწევთ მოქმედება.
XS
SM
MD
LG