Accessibility links

logo-print

ახალი წლის დასაწყისში რუსეთის პრესა გასული წლის შედეგებს აჯამებდა. „იზვესტია“ წერს, რომ დმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის მთავარი დასკვნა 2009 წლის თაობაზე ასეთია: „ კრიზისი დაძლეულია. ანტიკრიზისულმა ზომებმა გაამართლა“.

გაზეთები იმ მოვლენათა გამოკვეთას ცდილობდნენ, რომლებიც გასულ წელს რუსეთში განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. „როსიისკაია გაზეტა“ ახალი პატრიარქის მოსვლას ასახელებს, შემდეგ კი დასძენს: „თუ გასული წლის სხვა გამარჯვებებზე ვილაპარაკებთ, ეს არის რუსეთის ნაკრები გუნდის გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოკეიში და სახელმწიფო ნება კაზინოების დახურვის თაობაზეო.“

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გასული წლის ეტაპებზე წერს „ვედომოსტი“ პუბლიკაციაში ”გადატვირთვა ნახევარ გზაზე“. გაზეთი იხსენებს, როგორ გაჩნდა ტერმინი ”გადატვირთვა”, იხსენებს ჰილარი კლინტონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას და სიმბოლურ წითელ ღილაკს, არასწორად თარგმნილი წარწერით – „პერეგრუზკა“, „პერეზაგრუზკის“ ნაცვლად. გაზეთი ამ შეხვედრას შერიგების შეხვედრას უწოდებს.

ჟურნალ „ნიუზვიკის ” საახალწლო ნომერშიც არის საუბარი ამ თემაზე. ”გადატვირთვა არ გამოვიდაო”, წერს „ნიუზვიკი“ პუბლიკაციის სათაურში და განაგრძობს: 2009 წელმა აჩვენა, რომ დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენო.

ამ განსხვავებული პოლიტიკის ერთ-ერთ მაგალითად „ნიუზვიკს“ შემდეგი ამბავი მოჰყავს: ”წერილი ნაურუდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ სექტემბერში მოვიდა. მასში ნათქვამი იყო, რომ წყნარი ოკეანის ამ კუნძულის ხელისუფლება სიამოვნებით აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, თუ რუსეთი ნაურუს კრედიტს გამოუყოფს. სმოლენსკის მოედანზე ბევრი იცინეს, მერე უპასუხეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ნაურუს მთავრობამ პირდაპირ სოხუმსა და ცხინვალს უნდა მიმართოს. შემდეგ კი საერთოდ დაავიწყდათ ეს ამბავი. და რაოდენ დიდი იყო დიპლომატების განცვიფრება, როცა დეკემბრის შუა რიცხვებში მინიატურული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად მოსკოვს ეწვია, შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გამოაცხადა”.

„ნიუზვიკი“ წერს, რომ რუსეთის საგარეო უწყებიდან ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნაურუელ ემისარს (სწორედ ამ სიტყვას იყენებს გამოცემა) ნამდვილად არავინ დაჰპირებია მოთხოვნილი 50 მილიონი დოლარის გაცემას. მაგრამ ეს არ ნიშნავსო, აზუსტებს წყარო, რომ ეს ფული სადღაც სხვაგან არ მოიძებნა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ნაურუს აღიარება გახდა ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ილუსტრაცია რუსეთის საგარეო პოლიტიკის შეუთანხმებლობისა 2009 წელს. ძალზე ბევრი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს და ურთიერთსაწინააღმდეგოს”, - წერს გამოცემა.

”დმიტრი მედვედევს საგარეო ურთიერთობის ერთი გაგება აქვს, ვლადიმირ პუტინს - მეორე, და ისინი მუდმივად კორექტირებას უკეთებენ ერთმანეთს”, - გვითხრა კრემლთან დაახლოებულმა წყარომო, - წერს „ნიუზვიკი“. წყარომ სხვა მაღალჩინოსნებიც დაასახელა, ვინც, ასე თუ ისე, ჩართულია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში. წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ ადრე გადაწყვეტილებები კოლეგიალურად მიიღებოდა. ” ახლა უშიშროების საბჭოს შაბათის სხდომებზე აღარავინ კამათობს - ლაპარაკობენ მხოლოდ პუტინი და მედვედევი, საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი კი ზის და ჩუმად იწერს”, - უთხრა „ნიუზვიკს“, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ”კრემლთან დაახლოებულმა წყარომ”.

XS
SM
MD
LG