Accessibility links


ნოღაიდელი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს, წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”. პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად 6 კაცია საჭირო. გავრცელებული ცნობით, ეს 6 კაცი ნოღაიდელს უკვე ჰყავს. ოპოზიციაში გამოითქმის ვარაუდები, თუ რა შეიძლება დაერქვას ახალ ფრაქციას. ერთ-ერთი ვერსიით, ნოღაიდელის ფრაქციას ”ხისტი ზურაბის” ფრაქცია დაერქმევაო, წერს ”ახალი თაობა”. ზოგიერთი ოპოზიციონერი იმასაც ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერი მოსკოვში სააკაშვილის დავალებით დაიარება. იმასაც ამბობენ, რომ პუტინთან შეხვედრა მას საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუწყო.

მოახლოებული არჩევნების თემა კვლავ დომინირებს დღევანდელ პრესაში. თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”თუ ოპოზიცია იგივე შეცდომებს გაიმეორებს, ეს იქნება კატასტროფული შედეგი ოპოზიციისათვის. თუ ჩვენ ერთმანეთს ხმებს წავართმევთ, ხელისუფლების კანდიდატები გაიმარჯვებენ. თუ ჩვენ ერთმანეთს კანდიდატები ჩავუსვით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი ცის კიდობანიდან გაქრება. უბრალოდ, ამ ადამიანებს არასდროს სხვა შანსი აღარ ექნებათ. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენ ამას ხალხი აღარ გვაპატიებს”, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ”ახალი თაობა” ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ნესტან კირთაძესთან, სათაურით, რომელიც კითხვის ნიშნით სრულდება: ”ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნები უკვე წაგებული აქვს?” ”როდესაც ჩვენ ვეუბნებით კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და განხორციელდეს ერთიანი და სრული ბოიკოტი, ეს არ არის აკვიატება. ეს არის რეალობა. გავა თვეები და ოპოზიცია იტყვის, რომ ეს არჩევნებიც გაყალბდა და ა.შ. ადგილობრივი არჩევნები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გამარჯვების გაფორმებით დასრულდება თბილისსა და მთელ საქართველოში. მათ ეს გამარჯვება უკვე უდევთ ჯიბეში.”

რატომ ჩაიშალა გუშინ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა? - კითხულობს გაზეთი ”ალია”. კონსერვატორების ოფისში დაგეგმილი ოპოზიციის ლიდერების ფართომასშტაბიანი შეხვედრა ვიწრო წრეში გაიმართა. მიზეზად კი ახალი წელი სახელდება. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ეკა ბესელია, ამბობს, უკვე ყველა პარტიის ლიდერი თანახმაა, მომავალი კვირიდან დაიწყოს შეტევა სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისათვის. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, გუშინვე დაისახა მომავალი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიანი აქტიური კამპანიის წარმართვას. გეგმა დაახლოებით ორ თვეს მოიცავს და იგულისხმება როგორც დახურული ღონისძიებები, ასევე ღია აქციები.

როგორ მოიპოვა სააკაშვილმა მოსახლეობის ნდობის 60 პროცენტი? ამის შესახებ გაზეთი ”ალია” ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან, კობა ხაბაზთან. საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანაა, ეს ”აირაის” გამოკითხვებმაც აჩვენა. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი 60 %-ით ლიდერობს და მესამე ვადითაც რომ შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, შეიძლება კიდეც გაიმარჯვოს, წერს გაზეთი ”ალია”. ”თუ არ ვცდები, ჩერჩილის სიტყვებია: ჩვენ გვქონდა არჩევანი ომსა და სირცხვილს შორისო. საქართველომ და მიხეილ სააკაშვილმა თავიდანვე აირჩია არშერცხვენის გზა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად მიმაჩნია მისი რეიტინგიც და, შესაბამისად, ამ კვლევაშიც ეჭვი არ მეპარება”, - აცხადებს კობა ხაბაზი.

კიდევ ერთი კვლევის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას გაზეთი ”ალია”. არშემდგარ 38 ქვეყანას შორის საქართველო 33-ე ადგილზეა, წერს გაზეთი ”ალია”. ამერიკის ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, ”მშვიდობის ფონდმა”, 2010 წლისთვის საქართველო წითელ ზონაში შეიყვანა და არშემდგარი ქვეყნის კატეგორიაც მიანიჭა. ეს კი კატასტროფაა, წერს ”ალიას” კორესპონდენტი. ”ალია” დეტალებზე ესაუბრა პოლიტოლოგ თამრიკო კიკნაძეს, რომლის განმარტებითაც, „წითელი ზონა“ ნიშნავს საგანგაშოს. ”მარტივად რომ ვთქვათ, დავუშვათ, რომელიმე ქვეყნის საკმაოდ გავლენიან პოლიტიკოსთა ანდა ინვესტორთა ჯგუფს გაუჩნდა ინტერესი საქართველოს მიმართ. საკმარისია, მათ ჩახედონ მშვიდობის ფონდის მიერ შედგენილ სარეიტინგო ნუსხას, სადაც საქართველო წითელ ნუსხაშია, ჩათვალეთ, რომ ძალიან ბევრი პერსპექტივა გვეკეტება დიდი ხნით”, - აცხადებს თამარ კიკნაძე გაზეთ ”ალიას” კორესპონდენტთან საუბრისას.
XS
SM
MD
LG