Accessibility links

კოკოითიმ გამონაკლისი დაუშვა - დამკვირვებლები მიიპატიჟა



2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცხინვალში პირველად შევიდნენ. ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში კოკოითის ხელისუფლების მიწვევით ჩავიდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, საიდანაც, ოსური მხარის მტკიცებით, 4 იანვარს, გამთენიისას ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლის გენადი პლიევის გატაცება მოხდა.

ქართული მხარე ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ შეიარაღებული პლიევი ქართული სოფლის ნიქოზის ტერიტორიაზე დააკავეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ცხინვალში ვიზიტის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიით განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა გააკეთა. მისი თქმით, ევროპელები შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ პლიევის ოჯახის წევრებს და რუსული და ოსური მხარეების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდნენ. ჩიგოევის ინფორმაციით, ევროპელები მოკვლეული მასალების შესახებ მხარეებს დეტალურ ინფორმაციას რამდენიმე დღეში წარუდგენენ.

ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოკვლევის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. მერაბ ჩიგოევი კი აცხადებს, რომ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლები დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვრიდან 500 მეტრის სიღრმეში შევიდნენ და ადამიანი გაიტაცეს. ამის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს.

ჩიგოევის განცხადებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი გამოეხმაურა. მისი თქმით, შეიარაღებული პლიევი ნიქოზის ტერიტორიაზე დააკავეს, ოსური მხარე კი საკუთარი დაუფიქრებელი განცხადებებით შეურაცხყოფას პირველ რიგში რუსულ სასაზღვრო სამსახურს აყენებს.

საინფორმაციო საშუალებებით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პლიევი აგვისტოს ომის დროს ქართველების მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა და თამარაშენში მოხუცი ცოლ-ქმარიც კი დახვრიტა. ომში პლიევის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ჩიგოევმაც დაადასტურა. ვლადიმერ ჯუღელმა კი პლიევის ომისდროინდელი საქმიანობის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის. მისი თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას ცხინვალის რეგიონში როგორც რუსული მხარე, ისე კოკოითის ხელისუფლება ეწინააღმდეგება. ევროპელთა გუშინდელი ვიზიტის შესახებ კი დე ფაქტო ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. ამავდროულად, ოსურმა მხარემ ამით აღიარა, რომ დამკვირვებლებთან თანამშრომლობის გარეშე ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG