Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი დაზვერვის სამსახურებს აკრიტიკებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დაზვერვას საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა საიმისოდ, რომ არ დაეშვა ამრიკული ავიალაინერის აფეთქების მცდელობა 25 დეკემბერს. ამ შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს გააკეთა ვაშინგტონში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევლებთან და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტმა ობამამ „მიუღებელი“ უწოდა დაზვერვის უწყებების უუნარობას, სწორი დასკვნები გამოეტანათ ინფორმაციიდან -„საკმარისი ინფორმაციიდან“ საიმისოდ, რომ არ დაეშვათ ამერიკული ავიალაინერის აფეთქების მცდელობა გასული წლის მიწურულს, შობის დღეს.
ობამას შეფასებით, შეერთებული შტატების მთავრობას საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა საიმისოდ, რომ ფარდა აეხადა ამ განზრახვისთვის და შეძლებისდაგვარად აღეკვეთა თავდასხმა შობის დღეს. მაგრამ დაზვერვამ „ვერ შეძლო შეემჩნია კავშირი მინიშნებებს შორის, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ეჭვმიტანილის ამოცნობა მგზავრების სიაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრობლემა იყო არა სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვება, არამედ იმ სადაზვერვო ინფორმაციის ინტეგრირება და გაგება, რომელიც უკვე ხელთ გვქონდა“, განაცხადა ობამამ, რომელსაც, მისივე თქმით, ნულოვანი ტოლერანტობა აქვს ასეთი უუნარობის მიმართ.

„ჩემთვის გასაგებია, რომ დაზვევრვა, თავისი არსით, სრულყოფილი არ არის, მაგრამ სულ უფრო ნათელი ხდება, რომ სადაზვერვო ინფორმაცია არ იყო სრულად გაანალიზებული და სრულად გამოყენებული. ეს მიუღებელია და ამას მე არ შევურიგდები“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ავიალაინერზე, რომელიც აშშ-ის ქალაქ დეტროიტის აეროპორტში, 25 დეკემბერს უნდა დაშვებულიყო, აფეთქების მოწყობა სცადა ერთ-ერთმა მგზავრმა - ნიგერიის მოქალაქე უმარ ფარუკ აბდულმუტალაბიმ. მაგრამ აფეთქებას ხელი შეუშალეს მგზავრებმა, რომლებმაც ცეცხლი შეამჩნიეს და მალევე ჩააქრეს. აბდულმატალაბი დაპატიმრებულია, მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტის შემდეგ ობამამ მალევე გასცა განკარგულება თვითმფრინავის მგზავრების შემოწმების პროცედურის გამკაცრების შესახებ და თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დაავალა, შეემოწმებინა იმ პირთა სია, რომელთაგანაც შეერთებული შტატებისთვის შესაძლოა, ტერორიზმის საფრთხე მომდინარეობდეს.

ობამას გამოსვლა - შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების მიმართ საჯაროდ უჩვეულოდ მკაცრი კრიტიკის გამოთქმა - მოჰყვა თეთრ სახლში გამართულ შევხედრას, რომელშიც დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელები, ისევე როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხბში პრეზიდენტის მრჩევლები მონაწილეობდნენ. პრეზიდენტის თქმით, ეს ლიდერები მან თეთრ სახლში მოიწვია იმის გამო, რომ საქმე ეხება „უკიდურესად მწვავე გამოწვევას“. „როგორც შობის დღეს ვიხილეთ, „ალ-ყაიდა“ და მისი ექსტრემისტი მოკავშირეები არაფერზე დაიხევენ უკან ამერიკელების დასახოცად. და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არა მარტო ჩავუშალოთ ეს გეგმები, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დავანგრიოთ, დავშალოთ და დავამარცხოთ მათი ქსელები“, - განაცხადა ობამამ.

იემენში დაფუძნებული ჯგუფი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გადაბირებული და გაწვრთნილია აბდულმატალიბი, საკუთარ თავს არაბული ნახევარკუნძულის „ალ-ყაიდას“ უწოდებს...

ობამას განცხადებით, დაზვერვისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაცია, მიმართონ ზომებს იმის გამოსასწორებლად, რის გამოც აფეთქების მცდელობის თავიდან აცილება ვერ შეძლეს და მიმდინარე კვირაშივე წარმოადგინონ საქმიანობის გადასინჯვის პირველი შედეგები. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ეს შედეგები საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი. რამდენიმე დღეში კი გავრცელდება ინფორმაცია უსაფრთხოების ახალი ზომების შესახებ.

ბოლოს ისევ იემენს დავუბრუნდებით, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მას შემდეგ, რაც იქ გაწვრთნილმა ეჭვმიტანილმა სცადა ამერიკული თვითმფრინავის აფეთქება. იემენეში სამშაბათს დააპატიმრეს „ალ-ყაიდის“ წევრობაში ეჭვმიტანილი სამი ექსტრემისტი. მათი ჯგუფი, შეერთებული შტატების ინფორმაციით, დაკავშირებული იყო იემენში ამერიკის და ზოგი სხვა ქვეყნის საელჩოებზე თავდასხმის მზადებაში. შესაბამისად, საფრთხე, როგორც ჩანს, ჩავლილად ითვლება: სამშაბათსვე იემენში ისევ გაიხსნა შეერთებული შტატების საელჩო, რომელიც, ზოგი ევროპული საელჩოს მსგავსად, დროებით დახურეს „ალ-ყაიდის“ იერიშის მუქარასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG