Accessibility links

მიიღო თუ არა გაეროს უარი ოპოზიციამ?


ლეიბორისტთა ლიდერს, შალვა ნათელაშვილს, არჩევნებში გაეროს მონაწილეობის იმედი აქვს

ლეიბორისტთა ლიდერს, შალვა ნათელაშვილს, არჩევნებში გაეროს მონაწილეობის იმედი აქვს

მართალია, გაეროს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე 5 იანვარს გარკვეული უარმყოფელი კომენტარი გაკეთდა, ნიუ-იორკში გაგზავნილი მიმართვა-მემორანდუმის ინიციატორი ლეიბორისტული პარტია იმედს გადაწურულად არ მიიჩნევს. საუბარია მემორანდუმზე, რომელიც საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარების მოთხოვნას გულისხმობს და რომელსაც ხელს აწერს ქვეყნის ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი. ზუსტად რა ითქვა ნიუ-იორკში და რას ეყრდნობა ლეიბორისტების ოპტიმისტური სიმშვიდე?

ლეიბორისტული პარტია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების მიმართვაზე ოფიციალურ და საბოლოო უარს გაერო თუნდაც იმ უბრალო მიზეზით ვერ იტყოდა, რომ დოკუმენტი ჯერაც გზაშია და ნიუ-იორკამდე, ყველაზე ადრე, ხუთშაბათს თუ მიაღწევს. ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, ამბობს, იდეას მხარდამჭერები გაეროშიც ჰყავს და მას საფუძვლად დაედო სწორედ ”გაეროს გენერალური მდივნის ერთ-ერთი მოადგილისა და ევროპული დეპარტამენტის თავმჯდომარის რჩევა.”

”ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას, ნოემბერში, გაეროს ევროპულ დეპარტამენტში წამოაყენა თხოვნა, რომ ვინაიდან საქართველოში ადგილობრივი ძალებით არ ხერხდება პატიოსანი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარება, საქართველოში არჩევნები ჩაატაროს გაერომ. პასუხი იყო, რომ მსგავსი საკითხის განხილვა გაეროში შესაძლებელია, თუკი შედგება მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერს ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას იოსებ შატბერაშვილმა.

მემორანდუმს 30 დეკემბერს ხელი მართლაც მოაწერა ოპოზიციური სპექტრის უდიდესმა ნაწილმა, სულ 17-მა პოლიტიკურმა ძალამ. თუმცა დოკუმენტის შინაარსი, როგორც ჩანს, მათ მიერ ზოგ შემთხვევაში სხვადასხვანაირად აღიქმება. როგორც მოვისმინეთ, შატბერაშვილი გაეროს მიერ არჩევნების ”ჩატარებაზე” ლაპარაკობს, მაშინ როცა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მემორანდუმის შინაარსში სწორედ ამ სიტყვის არსებობა უარყო:

”იქ არ წერია, რომ გაერომ უნდა ჩაატაროს არჩევნები. იქ წერია, რომ დაიწყოს აქტიური კონსულტაციები საქართველოში საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვისთვის საარჩევნო პროცესში, რომ პროცესი წარიმართოს ნორმალურად.”

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრის მიმართვა-მემორანდუმი ჯერ ისევ გზაშია, 5 იანვარს ნიუ-იორკში გარკვეული უარი მაინც ითქვა. მთავარი კი ის არის, რომ კომენტარში, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა მარტინ ნესირკიმ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, გარკვევით არის ნათქვამი, რომ არჩევნების ჩატარების პროცესში დახმარების თხოვნა მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივაა:

”არჩევნების ჩატარების პროცესში დახმარების მოთხოვნა ხელისუფლების საქმეა.. და, შემდეგ, ჩვენ ინდივიდუალურად განვიხილავთ ყოველ ასეთ შემთხვევას. საერთოდ კი, როგორც იცით, არჩევნების მეთვალყურეობა გაეროს საქმე არ არის. ის უზრუნველყოფს ტექნიკურ და სხვა სახის დახმარებას.”

მიუხედავად იმისა, რომ მარტინ ნესირკის თვითმმართველობის არჩევნები არ უხსენებია, ლეიბორისტი იოსებ შატბერაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ნესირკიმ სწორედ ეს იგულისხმა, ხოლო ოპოზიციური სპექტრის მიმართვა სულაც არ უკავშირდებოდა თვითმმართველობის არჩევნებს. შატბერაშვილი ამბობს, რომ ლეიბორისტების ინიციატივა შეეხება არჩევნებს, რომლებსაც ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ძირეული შეცვლა შეუძლია. იოსებ შატბერაშვილი და მისი ლეიბორისტული პარტია იმედს ოფიციალური პასუხის მოსვლამდე არ კარგავენ.

აქვე ვთქვათ, რომ ოფიციალური პასუხი ჯერ არც ხელისუფლებას მიუღია იმ მოთხოვნაზე, რომელიც მან ევროკავშირს გაუგზავნა და რომელიც სწორედ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესში დახმარებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG