Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი თბილისს სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ მოუწოდებს


ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს ხელისუფლებას 2010 წელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება დე ფაქტო ლიდერმა საახალწლო პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ეთერში ცხინვალის ტელევიზიამ გადასცა. კოკოითიმ აღიარება კი ითხოვა, მაგრამ, ამავე დროს, აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. მისი აზრით, ქართველებთან ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელია ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროგრესულ ძალებთან კონტაქტის შენარჩუნება. პროგრესულ ძალებში მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ზურაბ ნოღაიდელის - პოლიტიკური მოძრაობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციები იგულისხმა, რომლებიც ოსურ მესამე სექტორთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. კოკოითიმ ოს ხალხს მოუწოდა გამიჯნონ სააკაშვილის ხელისუფლება ქართული საზოგადოებისგან.

კოკოითის განცხადებას უტოპიური უწოდა გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა მალხაზ მინდიაშვილმა. მისი აზრით, საქართველოში დიდხანს ვერ მოვა ის ხელისუფლება, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, რადგან ამისთვის არც სამართლებრივი საფუძველი არსებობს და არც ისტორიული.

ბოლო პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ზოგიერთი ქართული ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს. ექსპერტების აზრით, ესეც ნაწილია კრემლის პოლიტიკური გეგმისა, კოკოითი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში წარმოაჩინოს როგორც ქართულ საზოგადოებასთან დიალოგის მომხრე პოლიტიკოსი. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მისი ბრძანებით გადამწვარი უამრავი ქართული სოფელი და იქ მცხოვრებთა მიმართ მის მიერ გამოჩენილი სისასტიკე ქართულ საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება.
XS
SM
MD
LG