Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე ეთანხმება ევროკავშირის მისიის წინადადებას


ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია აუცილებლად მიიჩნევს შეხვედრას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რაც ბოლო პერიოდში შეუძლებელი გახდა ოსური მხარის უარის გამო. მისიის მიერ 6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”შეხვედრის აუცილებლობა ბოლო დროს მომხდარი ინციდენტებით არის გამოწვეული. უკანასკნელი შემთხვევა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მკვიდრ ბ-ნ გენადი პლიევს ეხება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 იანვარს იქნა დაკავებული.” ქართული მხარე შეხვედრის გამართვას მიესალმება და მზადყოფნას გამოთქვამს დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლოს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის როგორი იქნება ოსური მხარის პოზიცია.

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის ჰანს-იორგ ჰაბერის მოწოდებას ქართულ და ოსურ მხარეთა შეხვედრის აუცილებლობასთან დაკავშირებით ერთი დღით უსწრებდა წინ მისიის წარმომადგენელთა სტუმრობა ცხინვალში და შეხვედრები თბილისში, მათ შორის - 4 იანვარს დაკავებულ გენადი პლიევთანაც. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიწვევით, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა ის ადგილიც მოინახულეს, სადაც, ცხინვალის წარმომადგენლების თქმით, პლიევი საქართველოს სპეცსამსახურებმა აიყვანეს. საუბარია ქალაქ ცხინვალის შანხაიდ წოდებულ გარეუბანზე, თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ”ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი”, 1975 წელს დაბადებული გენადი პლიევი ”შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 2010 წლის 4 იანვარს გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დააკავეს.” მას უკვე მიესაჯა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით.

ოსური მხარე ირწმუნება, რომ პლიევი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი და რომ მისი სისხლის კვალი დაკავების ადგილზეც შეინიშნება,რასაც ქართული მხარე დეზინფორმაციას უწოდებს. მიწაზე დარჩენილი სისხლიანი კვალის არსებობა-არარსებობის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ, როგორც ევროკავშირის მისიის წარმომადგენელ ვირჯინია ანტონინის კომენტარიდან ირკვევა, ჭრილობის ხილული კვალი არც დაკავებულის სხეულზე შეინიშნება:

”მას არ აქვს ხილული, ღია ჭრილობები... მაგრამ ეს არის ის, რისი დანახვაც შეგვეძლო და რაშიც დარწმუნებული ვართ. ”

გენადი პლიევის დაკავების ფაქტი ევროკავშირის მისიის მიერ 6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში სახელდება როგორც ბოლო შემთხვევა ბოლო დროს მომხდარი ინციდენტებიდან, რომელთა აღმოფხვრაზე ზრუნვაც მხარეებისთვის აუცულებელია. ვირჯინია ანტონინი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს იმედს, რომ მხარეები დროულად გამოეხმაურებიან ევროკავშირის მისიის მოწოდებას შეხვედრის შესახებ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მომავალი კვირის დასაწყისში უნდა გაიმართოს:

”იმედია, რომ შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება, რადგანაც ეს არის სწორი ფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დაკავებულების საკითხი. ეს იმისთვის, რომ ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. იმედია შეხვედრაზე იქნება ორივე მხარე და ჩვენ შევძლებთ განვიხილოთ ადამიანთა დაკავების საკითხი ფართო პერსპექტივაში და არა მხოლოდ ბატონ პლიევის შემთხვევაში.”

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოსურ და ქართულ მხარეებს შორის დანიშნული ბოლო შეხვედრა 19 ნოემბერს ოსური მხარის უარის გამო ჩაიშალა. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიდრე ქართული მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, ერგნეთის შეხვედრაში ოსური მხარე მონაწილეობას არ მიიღებს. იმხანად საუბარი იყო 5 დაკავებულზე, დეკემბერში კი ოსურმა მხარემ სია 40 კაცამდე გაზარდა და სხვებთან ერთად ომამდე მომხდარი გორის ტერაქტის გამო დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი საშიში დამნაშავეების გათავისუფლებას პრაქტიკულად გამორიცხულად მიიჩნევს, თუმცა მიესალმება ევროკავშირის მოწოდებას მხარეთა შეხვედრების განახლებასთან დაკავშირებით. ქართული მხარე შეხვედრაზე მივა წინადადებით, რომელიც დაკავებულთა მხოლოდ გარკვეული ნაწილის გათავისუფლებას გულისხმობს.

”შესაძლებელია საუბარი იყოს ომის მერე დაკავებულებზე და მათ გათავისუფლებაზე... რაც შეეხება ომამდე დაკავებულებს, - მარეკ დუდაევს და გორის ტერქტში დამნაშავეებს, - რომლებსაც ბრალი ედებათ არაერთი ადამიანის სიკვდილში და შეფარდებული აქვთ სამუდამო პატიმრობა, მათ გათავისუფლებაზე გამორიცხულია ყოველგვარი საუბარი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა უტიაშვილმა.

უტიაშვილი შესაძლებლად მიიჩნევს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გასამართ შეხვედრაზე გენადი პლიევის საკითხის განხილვას, რადგანაც მისი ისტორია ომის შემდეგ დაკავებულთა კატეგორიაში ერთიანდება. პარალელურად, ქართული მხარე კვლავინდებურად მოითხოვს ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული 6 ლამისყანელისა და 3 ფრონესხეობელის გათავისუფლებას.

ჯერჯერობით უცნობია, გამოეხმაურება თუ არა და რა ფორმით გამოეხმაურება ოსური მხარე ევროკავშირის მისიის მოწოდებას. რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში 7 იანვარს შობის დღესასწაული და მიცვალებულთა ხსენების დღე, ტრადიციულად, მასშტაბური სუფრის თანხლებით აღინიშნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG