Accessibility links

logo-print
“ვარდების მოედნიდან” დღის 2 საათზე ტრადიციული „ალილო“ დაიწყო.

თეატრალიზებულ მსვლელობას ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი პატარები მიუძღოდნენ წინ. დღევანდელ „ალილოში“, რომელიც სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეგროვდა შესაწირი, რომელიც მოგვიანებით ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

იესო წუხელ დაიბადა. ორი ათას მეათედ იშვა ბეთლემში, იმ გამოქვაბულში, სადაც მწყემსები უამინდობის დროს საქონელს აფარებდნენ ხოლმე. „ალილოს“ დროც მოვიდა.

სულ წინ პატარა ანგელოზები, მათ უკან - თეთრ სტიქარებში გამოწყობილი ახალგაზრდები, კიდევ მათ უკან - მწყემსები, მწყემსებს იმიტირებულ აქლემებსა და სპილოებზე შემომსხდარი მოგვები მოჰყვებიან, მოგვების შემდეგ, ბაირაღებითა და დროშებით ხელში, სტიქაროსნების ჯერი დგება და, ბოლოს, სამღვდელოება, რომელიც შობის ხატს მოაბრძანებს. რუსთაველზე საკმევლის სუნი ტრიალებს. „ალილოს“ მონაწილეები სულ უფრო და უფრო მრავლდებიან. ხარკამეჩშებმულ ურემზე შესაწირავი, რომელიც ბავშვთ სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემა, სულ უფრო და უფრო მატულობს. ეს „ალილოა“.



ტრადიციად ქცეული „ალილო“ საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც განსაკუთრებულად აღინიშნება. რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალი „ალილოს“ მონაწილეები აღდგენილ ტრადიციას სიხარულით ხვდებიან. ნიკა კალათით ხელში უერთდება „ალილოს“, კალათაში საშობაო კვერები და ტკბილეული დევს:

”ვფიქრობ, მთელი ერი უნდა იყოს გამოსული დღევანდელ დღეს „ალილოზე“ და თავიანთი მოკრძალებული წვლილი უნდა შეიტანონ იმ მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.”


საკუთარი წილი შესაწირი შედგა ურემზე აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ. ეს ჩვენი, თითოეული ადამიანის, მოვალეობააო: ”უწმინდესმა და უნეტარესმა მოგვიწოდა, რომ საკუთარი წვლილი შევიტანოთ უპოვართა დასახმარებლად. ჩვენი ვალია დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს.”

„ალილოს“ ურმებს ელოდებიან სტუდენტები, მძიმე ჩანთით ხელში: ”ტკბილეული მიგვაქვს, ჩამოივლიან ურმები და შევდგამთ ტვირთს.”

13 წლის იოსები სტიქაროსანია. შინდისფერ სტიქარში გამოწყობილი მიუყვება მსვლელობას. დიდი მადლია უქონელთათვის შესაწირის გაღებაო, ამბობს იოსები: ”გავდივართ ხალხში, აღვნიშნავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ვაგროვებთ შესაწირს. მართლა დიდი მადლია მიუსაფარ ბავშვთა დახმარება. ერთი ასად დაუბრუნდება თითოეულ ჩვენგანს გაღებული წვლილი.”


გიორგი, ოჯახთან ერთად,“ ალილოში“ პირველად ღებულობს მონაწილეობას. ამბობს, ბედნიერი ვარ, ხალხის ასეთ ერთსულოვნებას რომ ვხედავო.

სიუჟეტის დასაწყისში „ალილოში“ მონაწილე მოგვები ვახსენე. ჰოდა, რეჟისორ ლევან წულაძეს, იმავე ჭოლას, მოგვების სამოსში გამოწყობილი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ელოდებოდნენ: რეჟისორი მოვა და ის გვეტყვის, როგორ უნდა მოვიქცეთო. რეჟისორმა, ანუ ლევან წულაძემ, მოგვებს უშველებელ იმიტირებულ სპილოებზე მიუჩინა ადგილი. როგორც მოგვიანებით ლევან წულაძემ აგვიხსნა, ფიგურები და კოსტიუმები სპეციალურად „ალილოსთვის“ სამი წლის წინ რუსთაველის თეატრში დამზადდა და მას შემდეგ ისინი აქტიურად ღებულობენ „ალილოს“ თეატრალიზებულ მსვლელობაში მონაწილეობას. თვითონ კი, პირადად, მსვლელობას, აი, რა მიზეზით შეუერთდა:


”ჩემს ბავშვობაში ასეთი რამ არ ხდებოდა. მასწავლებელი ჯვარს მართმევდა და, ხელში წითელ კვერცხს თუ დამინახავდა, მშობელს იბარებდა სკოლაში. ვუბრუნდები ისეთ ბავშვობას, როგორიც ჰქონდა ჩემს ბებია-ბაბუას. მიხარია, რომ ნელ-ნელა აღდგა ის ჩატეხილი ხიდი, რომელიც კომუნისტების დროს გაჩნდა. ჩემთვის „ალილო“ ძველ საქართველოსთან დაბრუნებაა.”

„ალილოს“ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. შეგროვებული შესაწირი კი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემა.

უკვე მერამდენე წელია შობის ღამეს ავანთებ სანთელს და გავდგამ ფანჯარაში და ვიყურები ცაში და ვეძებ ყველაზე დიდ, ბრდღვიალა ვარსკვლავს და ველოდები იესოს დაბადებას ჩემს სახლში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG