Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: თამარ ხიდაშელი


თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
8 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ესტუმრა. დღეს 4 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილია კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შედეგად, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტისთვის სამ კანდიდატურას პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შეარჩევს. თამარ ხიდაშელმა რადიო თავისუფლების ეთერში ამ და კიდევ სხვა საკითხებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ კონსულტაციებზე დღეს არასამთავრობო სექტორის მხოლოდ უმცირესი ნაწილი იქნება წარმოდგენილი, რადგან კონსულტაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიწვეული არ არის. თამარ ხიდაშელის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, რადგან ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი, რაც, მისივე თქმით, ძალიან ბევრ ღირსეულ და პროფესიონალ ადამიანს არ აქვს. თამარ ხიდაშელი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული კონსულტაციების დროს გეგმავს დაასახელოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის მიერ შერჩეული კანდიდატურა, რომელიც, მისივე განმარტებით, არ არის ასოციაციის წევრი და ის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია.

მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ჩამოყალიბებული შენიშვნების 90 პროცენტი შესრულებულია, თამარ ხიდაშელმა რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა სამართალი მოითხოვს ითქვას, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები საარჩევნო კოდექსში 50 პროცენტით გაითვალისწინა.
XS
SM
MD
LG