Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ქართველების უძრავი ქონების აღწერა მიმდინარეობს?


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის მიერ ქართველების უძრავი ქონების დაკანონება შეაფასა როგორც კიდევ ერთი ანტიქართული აქცია.

ბარამიას თქმით, ქართული მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლების დაკანონება შედის როგორც აფხაზების, ასევე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ინტერესებში. ”აფხაზების მხრიდან ამგვარი ქმედება ყველანაირად მოკლებულია სამართლებრივ ნორმებს და შეიძლება განვიხილოთ როგორც კერძო ქონების კონფისკაცია”, - აცხადებს ბარამია.

თავის მხრივ, რადიო თავისუფლების რესპონდენტები, რომლებიც ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდში დღეს გადმოვიდნენ, აცხადებენ, რომ დევნილი მთავრობის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის შესახებ სმენიათ, მაგრამ ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც აფხაზი ან რუსი მისულიყო სოფლის რწმუნებულთან ან რიგითი მოქალაქის სახლში და უძრავი ქონების აღწერა ეთხოვა. ზოგიერთ რესპონდენტს კი ამის შესახებ არც სმენია.

უფრო მეტის გასარკვევად რადიო თავისუფლება ტელეფონით ოკუპირებულ სოფელ ოტობაიის მკვიდრს დაუკავშირდა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით კომენტარისგან თავი შეიკავა და საუბარში აღნიშნა, რომ ამის შესახებ სოფლის მოსახლეობამ ქართული ტელეარხების საშუალებით შეიტყო.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის სოფელ ნაბაკევის გამგებელი ნანი ქარდავა. მისი განცხადებით, ერთმა რუსმა ოფიცერმა მას იმ ოჯახების სია მოსთხოვა, რომლებიც ამჟამად არ ცხოვრობენ ნაბაკევში, თუმცა, მოთხოვნის მიზანი ან მიზეზი რუს ოფიცერს ნანი ქარდავასთვის არ დაუკონკრეტებია.

ნაბაკევის გამგებლის თქმით, მოსახლეობის აღწერა ოკუპირებულ გალის რაიონში ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური. ნანი ქარდავას, რომელსაც რუსმა ოფიცერმა თანასოფლელების აღწერა მოსთხოვა, დავალება ჯერჯერობით არ შეუსრულებია.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო მთავრობა ქართველების უძრავ ქონებას, კონფისკაციის შემთხვევაში, რუს სამხედროებს გადასცემს, რათა დევნილ მოსახლეობას მომავალში, გიორგი ბარამიას თქმით, აღარ ჰქონდეს სამართლებრივად საკუთარი სახლების მოთხოვნის უფლება.
XS
SM
MD
LG