Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”აირზენას” თვითმფრინავი მოსკოვში გაფრინდა


კომპანია "აირზენას" თვითმფრინავი ჩარტერული რეისით თბილისი-მოსკოვი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან "დომოდედოვოს" აეროპორტის მიმართულებით 8 იანვარს გაფრინდა. 120 ადგილიან ბოინგში 85 ადგილის ბილეთი გაიყიდა. ბილეთი 170 ევრო ღირდა. ”აირზენაში” აცხადებენ, რომ გაყიდულია ბილეთები მოსკოვიდან თბილისში დასაბრუნებელ რეისზეც.

უკანასკნელად თბილისიდან მოსკოვში პირდაპირი რეისი ”აირზენას” თვითმფრინავმა წელიწად-ნახევრის წინ შეასრულა. მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მოქალაქეებს ჩასვლა შემოვლითი გზებით - ერევნის ან კიევის გავლით - უწევდათ. საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე გაურკვეველია რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღიც, თუმცა მომდევნო სამი დღის განმავლობაში დაგეგმილმა რამდენიმე ჩარტერულმა რეისმა მგზავრებს შორის ასეთი რეაქცია გამოიწვია:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
”ძალიან სასიამოვნოა, რომ პირდაპირი რეისი დაინიშნა და გადაჯდომისა და წვალების გარეშე შემიძლია ნათესავებთან რამდენიმე დღით ჩავიდე საახალწლოდ მოსკოვში.. და თუ რეგულარული რეისებიც აღდგება, მთლად უკეთესი”, - გვეუბნება თამარ მამათელაშვილი.

რომან დარასელია თბილისში შვილიშვილებს სტუმრობდა და უკან ბრუნდება: ”რეგულარული რეისები თუ აღდგება, წელიწადში სამჯერ ჩამოვიდოდი...”

ლაშა გოგნიაშვილიც ფიქრობს, რომ პირდაპირი ფრენის აღდგენა, პირველ რიგში, ხალხის მდგომარეობას შეამსუბუქებს: ”ხალხისთვის ეს ძალიან კარგი იქნება.. ნაკლებს იწვალებენ.”

8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე "აირზენამ" თანხმობა რუსული მხრიდან 31 დეკემბერს მიიღო. კომპანიის გენერალურ დირექტორს თამაზ გაიაშვილს იმედი აქვს, რომ რეგულარული მიმოსვლაც მალე აღდგება:

თამაზ გაიაშვილი, ”აირზენას” გენერალური დირექტორი
”ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რადგან ხალხი ბევრს წვალობდა, მეტი დრო ეხარჯებოდათ, მეტი ფული... ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალე აღდგება რეგულარული რეისებიც. ვაპირებთ კიდევ სამ დღეზე ვითხოვოთ ფრენის უფლება - 16, 20 და 24 იანვარს.”

„აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, პირდაპირი რეისის ბილეთებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო.

”აირზენა” ჩარტერულ რეისს, რუსეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, 16, 20 და 24 იანვარსაც შეასრულებს, თუმცა ეს მხოლოდ ერთჯერად ჩარტერულ ფრენებს გულისხმობს. რაც შეეხება რეგულარული მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თარიღს, ის ცნობილი არ არის.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოკუჩავა გვეუბნება, რომ მათ და რუსეთის შესაბამის უწყებას დღეს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ და რეგულარული ფრენების აღდგენაც პოლიტიკური საკითხია. შესაბამისად, ყველა კითხვის ადრესატი ამ მიმართულებით საგარეო უწყებაა. რაც შეეეხება ”აირზენას” მიერ განხორციელებულ ჩარტერულ რეისს, ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს ფრენა მათ გარეშე შეთანხმდა და ”აირზენას” კვლავ შეუძლია მსგავსი თხოვნით რუსეთის შესაბამის უწყებას მიმართოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG