Accessibility links

logo-print
მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებულებისთვის დღეს დაგეგმილი განაჩენის გამოტანა 11 იანვრისთვის გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ოთხი ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა, მათ შორის - რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის, ლევან ამირიძის. ბრალდება ამირიძისთვის 29 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ნახევარი საათის დაგვიანებითა და შობა-ახალი წლის მილოცვით დაიწყო დღევანდელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა. სხვა სხდომებისგან განსხვავებით, დღეს დარბაზში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებულებისთვის განაჩენის გამოტანას ოთხი განსასჯელის - გიორგი ჩალათაშვილის, ზურაბ ბზიშვილის, ლევან ამირიძისა და კახა კობაიძის - საბოლოო სიტყვის შემდეგ ელოდნენ. ყველაზე ვრცელი საბოლოო სიტყვა რეინჯერთა ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა, 32 წლის ლევან ამირიძემ წარმოთქვა. პროკურატურა მის მიმართ თითქმის ყველაზე მკაცრ განაჩენს - 29 წლიან პატიმრობას - ითხოვს.

” უკმაყოფილება გამაჩნდა, მაგრამ არა ხელისუფლების, არამედ სამხედრო მეთაურების მიმართ და დროდადრო ამას გამოვხატავდი, რადგან კონფლიქტის რეგიონში საბრძოლო მოქმედებისას ჩემი ბატალიონი ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა. ჩვენ არავინ შეგვატყობინა,რომ ქართული ჯარი უკან იხევდა და, მიუხედავად ამისა, 27 აგვისტოს დანაკარგების გარეშე გამოვედით”, - განაცხადა ამირიძემ.

თითქმის 15 წუთიან გამოსვლაში რეინჯერთა ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, რომ პროფესიონალი სამხედროა და არც ერთი საბრძოლო ამოცანა არ ჩაუგდია. მან ბრალდების ვერსიას, რომლის თანახმადაც, რეინჯერთა ბატალიონი მუხროვანში ჩასვლას და იქიდან სატანკო ბატალიონთან ერთად სტრატეგიული ობიექტების აღებას გეგმავდა, სამხედრო ტაქტიკის თვალსაზრისით მცდარი უწოდა.

” შინაგან საქმეთა სამინისტრო 200-300 მეტრის დაშორებითაა, სადაც რეინჯერთა ბატალიონია განლაგებული თბილისში. ჩემი ხალხი იდგა დაცვაში გენშტაბთან, ჩემი შეიარაღებული ასეული იდგა თავდაცვის სამინისტროსთან. დაბრკოლება არ მექნებოდა თავდაცვის სამინისტროს შენობაში შევსულიყავი და დაუმორჩილებლობა გამომეცხადებინა. მე ვიყავი საქართველოს არმიის ერთ-ერთი საუკეთესო ბატალიონის მეთაური და მე რომ ამბოხი დამეგეგმა, ამას შევასრულებდი... მაგრამ ეს არც ჩემს და არც გორგიაშვილის ამოცანაში არ შედიოდა”, - განაცხადა ამირიძემ.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომელიც დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, მიიჩნევს, რომ დღეს ბევრი უცნობი დეტალი გამოიკვეთა:

„ორი პილოტი, რომლითაც ასე ამაყობდა ჩვენი ხელისუფლება, -მხედველობაში მაქვს სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, - 2 პილოტი სწორედ ამირიძის ქვედანაყოფმა დააკავა და გამოიყვანა. მის ბოლო სიტყვაში გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ზოგადად ქართულ ჯარსა და ხელისუფლებაში არსებობს. ხელისუფლებას სამხედროების არ ესმის. სწორედ ამან გამოიწვია ეს გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ადამიანთა ჯგუფს თუ პროტესტი ჰქონდა შიგნით, მათ არ მოუსმინეს, რადგან არ იციან მათი ენა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც დღესაც არის ქართულ ჯარსა და ხელისუფლებას შორის.“

საქმეში განსასჯელი დარჩა 20 პირი, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ. მათ ბრალი ედებათ დაუმორჩილებლობაში, ამბოხებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში. პროკურატურა მათთვის 4 დან 30 წლამდე პატიმრობას ითხოვს. ყველაზე მეტს, 30-წლიან პატიმრობას, პროკურატურა კობა ოთანაძისთვის ითხოვს, ხოლო ლევან ამირიძისთვის - 29-წლიანს; შოთა გორგიაშვილისთვის - 18-წლიან პატიმრობას. ბრალდების მხარე 13 წელს და 6 თვეს ითხოვს კობა კობალაძისთვის. კობა კობალაძის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ გენერალს მთავარ - ამბოხის ორგანიზების - ბრალდებას მოუხსნიან:

„იმიტომ რომ სასამართლო განხილვამ დაადასტურა, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია ამ მოვლენებთან - დაუმორჩილებლობასთან; იმიტომ რომ ამბოხება თვითონ პროცესზეც არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი. ამის შემდეგ იქნება თუ არა ის დარბაზიდან გათავისუფლებული, თუ იმ მეორე მუხლით, რომლისთვისაც პროკურატურამ წელიწად-ნახევარი მოითხოვა, იარაღის უკანონოდ შენახვისთვის რა სასჯელს მიუსჯის მოსამართლე, რომელსაც არც ამას ვეთანხმებით, ეს უკვე მეორე საკითხია.“

დღეს საბოლოო სიტყვაში მე-3 ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა, კახა კობაიძემ, განაცხადა, რომ ”არანაირი ილუზია” არ გააჩნია, რომ ”ვინმეს ამ დარბაზში გაათავისუფლებენ”. თავის მოკლე საბოლოო სიტყვაში მან მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ”მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სიმართლესთან მიახლოებული განაჩენი გამოიტანოთ, რათა მომავალში სინანული არ გქონდეთ”, - მიმართა კობაიძემ მოსამართლე ჯემალ კოპალიანს, რომელმაც რჩევისთვის მას მადლობა გადაუხადა.

კობაიძის მიმართ პროკურორმა 4 წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა.

მუხროვანის ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. თავდაპირველად 41 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. 21-მა აღიარა დაუმორჩილებლობაში მონაწილეობა და მათთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. მათი განმარტებით, დაუმორჩილებლობის ამ ფორმით უარი თქვეს 26 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე.

ამჟამად მოსამართლე ჯემალ კოპალიანის განაჩენს 11 იანვრისთვის 20 განსასჯელი ელოდება.
XS
SM
MD
LG