Accessibility links

logo-print
ახალი წლის პირველი კვირა უცხოეთის გაზეთებისთვის ჩვეულებრივი არ ყოფილა: პრესა დასავლეთში შარშან მომხდარ უმთავრეს მოვლენებსაც მიმოიხილავდა და 2010-თან დაკავშირებულ იმედებსაც ავლენდა. რამდენიმე სტატია საქართველოზეც დაიბეჭდა.

„არარსებული ქვეყნები - ისინი იწყებენ, როგორც რეალური სახელმწიფოები, იმ იმედით, რომ ასეთები გახდებიან“ - ასეა დასათაურებული აშშ-ის ჟურნალ „საგარეო პოლიტიკაში“ დაბეჭდილი სტატია, რომლის ავტორი, გრემ ვუდი, ჩანს, აფხაზეთს სტუმრობდა. ვუდი სტატიის თავშივე წერს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ - ქვეყანაში, რომელიც არ არსებობს - ინტერვიუ ჩამოართვა საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიას მისი სამშობლოს საგარეო ვაჭრობის შესახებ შავი ზღვის რეალურად არსებულ სახელმწიფოებთან. საუბრის ბოლოს მინისტრის მოადგილეს სტუმრისთვის უკითხავს, ფეხზე რა გაქვს, სისხლი გდისო. მას მერე, რაც ღვინჯიამ შეიტყო, რომ ვუდი დაცემულა და წვივი დაშავებია, მას საავადმყოფოში წაყვანა შესთავაზა, ოღონდ წინასწარ გააფრთხილა, იქაური პირობები შოკს მოგგვრისო. ვუდი, მართლაც, წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ჭრილობა თვით ჯანდაცვის მინისტრმა დაუმუშავა. ამ დროს უფიქრია ჟურნალისტს: ფიქტიურ ქვეყნებს მეტის კეთება უწევთო და საკუთარი თავისთვის უკითხავს, იქნებოდა თუ არა ბედთან თამაში, ფინანსთა მინისტრი დაეყოლიებინა, გაეკეთებინა თავისი პირადი საგადასახადო წლიური ანგარიში, ხოლო ტრანსპორტის მინისტრისთვის ეთხოვა დაედასტურებინა უკან, საქართველოში, -ასე ვთქვათ, უკან, რეალობაში, - მიმავალი ავტობუსის ბილეთი.

ამ ვრცელ სტატიაში აფხაზეთის ვითარებაა მოთხრობილი, ძველი და ახალი ამბები, და, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან ერთად, მსოფლიოს სხვა, ამავე კატეგორიის, ანუ არარსებული სახელმწიფოების მაგალითები და დახასიათებაა მოყვანილი. ღვინჯიასთან სტატიის ავტორს დამოუკიდებლობა-დამოკიდებულებაზეც უსაუბრია და მინისტრის მოადგილეს უთქვამს, რუსეთის ბატონობის ქვეშ ყოფნა არანაკლებ შემაწუხებელია, ვიდრე ამერიკის ბატონობის ქვეშ, როგორც სააკაშვილიაო. ყოველ შემთხვევაში, ღვინჯიას აზრით, აღიარებას ზედმეტი ყურადღება ექცევა, სანამ ასეთი, ვითომ ქვეყნის ეკონომიკა ღარიბიაო. რას იძლევა ავღანეთის აღიარება? - უკითხავს ღვინჯიას. - გაეროში ამ ქვეყნის დროშა პირველ ადგილზე კიდია, მაგრამ სურს განა იქ ვინმეს ცხოვრებაო?

საინტერნეტო გამოცემა „იურეიშავიუ“ ჯოშუა კუცერას სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ოფიციალური პირები იწონებენ აშშ-ის მაღალი რანგის სენატორის ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც ვაშინგტონს მოუწოდებს, განიხილოს თბილისისთვის იარაღის მიყიდვის განახლების საკითხი. ამავე დროს, სეპარატისტულმა რეგიონებმა, აფხაზეთმა და სამხრეთ-ოსეთმა, რუსეთთან ერთად, ანგარიშის გამო შეშფოთება გამოხატეს - ისინი ამტკიცებენ, თბილისისთვის იარაღის მიწოდების გამარტივება რეგიონში ბრძოლის განახლების შესაძლებლობას ზრდისო.

აშშ-ის მთავრობა საქართველოს, რუსეთთან 2008 წელს ამ ქვეყნის დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ, იარაღს აღარ აწვდის. ანგარიში, სახელწოდებით ”ბალანსის მიღწევა: აშშ-ის პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში”, სენატორ რიჩარდ ლუგარის ჯგუფმა მოამზადა. ლუგარი, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში რესპუბლიკური პარტიის წამყვანი წარმომადგენელია. დოკუმენტი, რომლის ავტორები სიტყვებს ფრთხილად არჩევენ, შეერთებულ შტატებსა და ნატოს საქართველოს შეიარაღებისკენ პირდაპირ არ მოუწოდებს, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ რუსეთის ზეწოლას იარაღის პოტენციურ მიმწოდებლებზე თბილისის წინააღმდეგ ”შეიარაღებაზე დე ფაქტო ემბარგო” მოჰყვა.

2008 წლის ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 1 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო საქართველოში აღმშენებლობისა და სოციალური საჭიროებებისთვის, მაგრამ ამ თანხიდან არაფერი ყოფილა სამხედრო ძალების დახმარებისთვის გათვალისწინებული. შარშან ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონს თავისი ქვეყნისთვის ”თავდაცვითი” შეიარაღების - მათ შორის, საჰაერო და ანტისატანკო თავდაცვის აღჭურვილობის - მიწოდება სთხოვა. მაშინ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ თხოვნას სწრაფი და მტკიცე უარით უპასუხეს. თავდაცვის მდივნის თანაშემწემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის პოლიტიკის საკითხებში სელესტა უოლანდერმა განაცხადა, რომ ”შეერთებული შტატები… არ არის დარწმუნებული, რომ საქართველო მზადაა ამ ტიპის თავდაცვითი აღჭურვილობის მისაღებად.”

აშშ-ის საზღვაო ქვეითები ახლაც წვრთნიან ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის მისიისთვის, მაგრამ ეს პროგრამა ფოკუსირებულია ტაქტიკაზე და არ ითვალისწინებს აღჭურვილობით უზრუნველყოფას. სტატიაში მოყვანილია ვაშინგტონის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლის, პოსტსაბჭოთა საკითხების სპეციალისტ ჯონ ჩიკის სიტყვები: ”ნატო დაინტერესებული არ არის საქართველო ფიზიკური რესურებით (ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვითი შეიარაღებით) უზრუნველყოს. უფრო ბალტიისპირეთის ქვეყნები და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები იხრებიან იქითკენ, რომ მხარი დაუჭირონ მას, მაგრამ რაც უფრო დასავლეთისკენ მივდივართ, მხარდაჭერა მით უფრო მცირდება.” ჩიკის აზრით, პრობლემა ის არის, რომ აშშ-ის აღჭურვილობა ძალიან ძვირია და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული, ვიდრე ეს საქართველოს სჭირდება. რუსული აღჭურვილობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო შეეფერება, მაგრამ ქვეყნები, რომლებსაც ამგვარი შეიარაღება აქვთ, - უმთავრესად, აღმოსავლეთ-ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, - დიდწილად, რუსეთის ზეწოლას ექვემდებარებიან. ”არ ვიცი, ქართველების წინააღმდეგ რამდენად რეალურად მოქმედებს ეს ”შეიარაღებაზე ემბარგო”, როგორც ამას თავად აცხადებენ, მაგრამ თუკი ისინი შეეცდებიან თავდაცვითი აღჭურვილობის (საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო და მსგავსი შეიარაღების) შეძენას და ქვეყნები მათ უარს ეტყვიან, მაშინ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? როგორ იქნება დაცული საქართველოს უსაფრთხოება, თუკი მათ არა აქვთ თავდაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აღჭურვილობა?” – კითხულობს ჩიკი.

გერმანიაში გამომავალი გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ „პირველი კავკასიური არხის“ ამოქმედებას აუწყებს მკითხველს. სტატიას ასე ჰქვია: „მებრძოლები სპორტულ კოსტიუმებში“. ავტორი ამ არხის კორესპონდენტებზე წერს, რომ ისინი კადრში სპორტულ კოსტიუმებში გამოწყობილები ჩანან, რაც, წერილის ავტორის აზრით, ქართულ სინამდვილეს შეესაბამება.

„საქმე ეხება სიმართლეს, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიგოს - ყოველ შემთხვევაში, მათ, ვინც რუსული ენა იცის“, - ვკითხულობთ ამ მცირე წერილის დასაწყისში. – „საქართველომ რუსულენოვანი სადგური შექმნა - „პირველი კავკასიური არხი“, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ის ეთერში ორშაბათიდან გადის.“ „ჩვენ გვინდა აუდიტორიას ჩვენი სიმართლის შესახებ ვუამბოთ“, -განაცხადა ლევან გახელაძემ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარემ. ხოლო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსულად თავისუფლად, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე საუბრობდა, აღნიშნა: რუსული ენა ჩემი ქვეყნისთვის „კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტიაო“, - მოჰყავს სააკაშვილის სიტყვები მიუნხენში გამომავალ გაზეთს.
XS
SM
MD
LG