Accessibility links

აშშ-საქართველოს ქარტიას ერთი წელი შეუსრულდა


ერთი წელის წინ, 2009 წლის 9 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ქარტიას ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

ერთი წელის წინ, 2009 წლის 9 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ქარტიას ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერეს ქარტიას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ექვსგვერდიანი დოკუმენტით გათვალისწინებულია თანამშრომლობა უსაფრთხოების, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში. უფრო დეტალურად კი, მთავარი პუნქტების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, სამართლის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკის უსაფრთხოების გაძლიერებას.

ქარტიის მიხედვით, მხარეები ასევე აცხადებენ, რომ მათი საერთო მიზანია საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში, საქართველოს მიერ აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების საფუძველზე.

ქარტიის პუნქტები ასევე ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის გამარტივებას. კერძოდ, ქარტიის საფუძველზე ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.

ასევე გამარტივდება ვიზები ამერიკის შეერთებულ შტატებში კულტურის, განათლების, ბიზნესის, სამედიცინო სფეროს კვალიფიციური პირებისთვის. აშშ საქართველოს ასევე დაეხმარება თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს პოლიტოლოგი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ქარტიის ხელმოწერით ამერიკამ მკაფიოდ გამოხატა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელების სურვილი, რაც იმ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო: ”თუმცა აღსანიშნავია, რომ დღემდე მოსამზადებელ სამუშაოებს ვერ გასცდა”, - აღნიშნავს ანდრო ბარნოვი.

გასული წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის სამუშაო ჯგუფმა ქარტიის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური სპექტრისა და მედიის წარმომადგენლები მაშინ ერთსულოვნად აღნიშნავდნენ, რომ შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა და ამერიკული მხარე ბევრ საკითხში იყო ინფორმირებული და ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულნი. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები იმის იმედსაც გამოთქვამდნენ, რომ აღნიშნულ შეხვედრას უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგებიც მოჰყვებოდა.

ქარტიის მეოთხე ნაწილი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ეძღვნება. სწორედ ამ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გვაღიარებს პარტნიორად, თუ ჩვენს ქვეყანაში არ განვითარდა დემოკრატია:

”აქ ჩამოთვლილია ის თემები, რომელიც ამერიკულ მხარეს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება, რათა ჩვენ გვაღიარონ ამერიკის სრულფასოვან პარტნიორებად”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი შეუცვლელ და შეუდარებელ ნაბიჯს უწოდებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ ქარტიას. ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზე: ”გარდა ამისა, ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმ დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც დეკემბერში შემუშავდა და რომელიც გულისხმობს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი საქართველოს თავდაცვისუნარიონობისა და რეგიონში სამხედრო ბალანსის აღსადგენად”, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

”ვიცი, რომ ეს ქარტია დაეხმარება ორ ერს თანაზიარი მიზნების განხორციელებაში უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და აყვავებული მსოფლიოს შექმნის კუთხით”, - განაცხადა ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის 9 იანვარს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთად ერთად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ქარტიის ხელმოწერის დაწყებამდე ვაშინგტონში გაიმართა.
XS
SM
MD
LG