Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუშჩენკო: არასოდეს ვიტყვი, რომ წარუმატებელი ვიყავი ამ ხუთი წლის განმავლობაში


ხუთი წელი გავიდა უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო ქვეყნის პრეზიდენტად აქცია. მაგრამ ახლა, როდესაც უკრაინა 17 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება, მოქმედი პრეზიდენტი გამოკითხვებში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იმყოფება. უკრაინაში ბევრი ფიქრობს, რომ ვიქტორ იუშჩენკოს მმართველობამ ქვეყანა პოლიტიკურ ქაოსსა და რუსეთთან უსარგებლო კონფლიქტში ჩაითრია. თუმცა იუშჩენკო, რომელსაც ლვოვში ყოფნის დროს რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, სულაც არ ფიქრობს, რომ მისი პრეზიდენტობა წარუმატებელი იყო:

”როგორც პრეზიდენტი, არასოდეს წავიყრი თავზე ნაცარს და არ ვიტყვი, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში რამენაირად დავმარცხდი. მე ამ ერს მოვუტანე ის, რაც მას სჭირდებოდა. თუკი უკრაინელი ხალხი ამას მიხვდება, ეს მისთვის იქნება ხსნა. თუ ის ამას ვერ მიხვდება, მაშინ ამის საფასური იქნება ის, რომ უკრაინელ ხალხს მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში, როგორც ეს კუჩმას პერიოდში იყო, მოუწევს კრემლის პროექტის - იანუკოვიჩებისა და ტიმოშჩენკოების - ატანა.“

უკრაინის ყოფილი და ამაჟამინდელი პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშჩენკო, 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტები არიან. ორივე მათგანის პლატფორმა განსხვავდება იუშჩენკოს აშკარა პროდასავლური პოლიტიკური კურსისაგან, რომლის გამოც კიევისა და მოსკოვის ურთიერთობა 5 წლის განმავლობაში მტრობამდე მისულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ამბობს, რომ ნაციონალური ინტერესების ღალატი იქნება, თუკი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს გადაუხვევს:

“თუ უკრაინა არ გაიმეორებს პოლონელების, ჩეხების, სლოვაკების, ბულგარელების, ლიტველების, ესტონელების, – ვინ გამომრჩა, – რუმინელების და უნგრელების პასუხს ნატოში შესვლაზე, თუ ჩვენ, როგორც ერი, პოზიტიურად არ ვუპასუხებთ შეკითხვას, გვსურს თუ არა ნატოს წევრობა,მაშინ ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას, ჩვენ დავკარგავთ დემოკრატიას.”

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა ნატოს დაშორდება. ორივე ერთად, ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშჩენკო აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც, მათი თქმით, ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში გაუარესდა - განსაკუთრებით ბუნებრივი აირის ფასის საკითხის პოლიტიზების გამო. მოსკოვმა გასული წლის დასაწყისში, უკრაინაზე ზეწოლის მიზნით, ევროპის გაზით მომარაგება რამდენიმე კვირის განმავლობაში შეწყვიტა.

პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ ბუნებრივ აირს რუსეთი იყენებს, როგორც “ბერკეტს, უკრაინაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG