Accessibility links

logo-print
როგორც წესი, საშობაო არდადეგების დროს დატვირთული და მრავალფეროვანი ხდება ხოლმე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარი. ”მაკნატუნა” ხომ, საერთოდ, ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა ჩვენში... მაგრამ 2010 წელს ოპერის თეატრი დახურული კარით შეხვდა. ბოლოს და ბოლოს, დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რომლის აუცილებლობის შესახებ თეატრის დირექტორმა დავით საყვარელიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ორი წლის წინ განაცხადა... სხვათა შორის, იმ ინტერვიუში ისიც გვითხრა, თანამდებობას ვტოვებო, თუმცა მაინც დარჩა თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე. ახსენა რემონტიც. მისი თქმით, დასრულდა თეატრის სამწლიანი რეფორმა და დაიწყო ინფრასტრუქტურის შექმნა - სარემონტო სამუშაოებისთვის მზადება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში დავით საყვარელიძემ გაკვრით, მაგრამ მაინც ისაუბრა ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაზე და აღიარა, რომ კულტურის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა უფრო კულტურულ მემკვიდრეობას და განსაკუთრებით ხალხურ ხელოვნებას ანიჭებდა უპირატესობას, ე.ი. ნაკლებად - ოპერას, ბალეტს... ნაკლებად იმ ხელოვნებას, რომელიც დასავლეთიდან შემოვიდა ჩვენში.

”თუკი ევროპეიზაცია გვინდა, აქცენტი არა ჩოხებზე, არამედ ფრაკებზე უნდა გაკეთდეს”, - თქვა ოპერის თეატრის ხელმძღვანელმა.

დავით საყვარელიძე თანამდებობაზე დარჩა. ოპერის თეატრის რემონტიც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ - და ეს ბათუმში ჩატარებულმა საახალწლო კონცერტმაც გვიჩვენა - საუკეთესო მომღერლები (ჩვენი თანამემამულეები) საქართველოში მხოლოდ საგასტროლოდ ჩამოდიან; მიუხედავად იმისა, რომ საბალეტო დასის რამდენიმე სოლისტმა ახლახან თეატრი დატოვა და სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კოლექტივი, როგორც თეატრის თანამშრომლებმა გვითხრეს, რემონტის დროსაც სხვა შენობაში გააგრძელებს მუშაობას. თუმცა ეს დაპირისპირება ”ჩოხასა და ფრაკს” შორის, დასავლურსა და ადგილობრივ-ტრადიციულს შორის საქართველოში კვლავაც გრძელდება და განსკუთრებით სწორედ საშობაოდ და სააღდგომოდ იჩენს ხოლმე თავს.

”არც ერთი სახელმწიფო არაა თავისუფალი იდეოლოგიური და, აქედან გამომდინარე, რელიგიური ფასეულობებისაგან... ყველა შემთხვევაში მას აქვს სიმბოლოები - დროშა, ჰიმნი, დასვენების დღეები. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ტერმინი ”სეკულარული სახელმწიფო” ფარდობითია და გულისხმობს გარკვეული ძალების მხრიდან ამ რელიგიური ფაქტორის შემცირებას ან მის ჩანაცვლებას”, - თქვა ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერმა გიორგი ანდრიაძემ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაში.

დისკუსია, რომელშიც ანდრიაძის ოპონენტი თეოლოგი და ადამიანის უფლებათა დამცველი ბექა მინდიაშვილი იყო, სეკულარიზმის პრობლემას მიეძღვნა... გიორგი ანდრიაძის ამ გამოსვლით შეიძლება გავამართლოთ ქართული ტელეარხების პოლიტიკაც - იმ ტელეარხებისა, რომელთა მესვეურები საინფორმაციო გამოშვებას კათალიკოს-პატრიარქის დაბადების დღის აღნიშვნით იწყებენ. თუმცა, როცა საშობაო დღესასწაული რელიგიური ნაციონალიზმის გამოხატვის ფორმა ხდება, შეიძლება დაიბადოს კითხვა, საფრთხე ხომ არ ემუქრება მულტიკულტურულ სივრცეს, რომლითაც წლების განმავლობაში ამაყობდნენ ქართველები... ხელს ხომ არ უშლის რელიგია ეროვნული კულტურის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურასთან.

”რელიგიურ ნაციონალიზმს არავითარი კავშირი არა აქვს რწმენასთან - ესააა კონსტრუირებული ადამიანების მიერ. რელიგია გამოცხადებაზეა დაფუძნებული, ეს იდეოლოგია კი ადამიანების მიერაა ჩამოყალიბებული და მკაფიოდ ანტიდასავლური ხასიათი აქვს.”

ბექა მინდიაშვილის ეს სიტყვები ამ კვირაშიც გაგახსენდებოდათ, როცა თბილისის საშობაო კულტურულ აფიშას გადახედავდით. ნიშანდობლივია, რომ ყველა სხვა კულტურულ ღონისძიებას შორის ქართულმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეროვნულ მუზეუმში გახსნილ გამოფენას ”ძველი და ახალი საეკლესიო ხელოვნება”, რომელიც, როგორც ქართული საინფორმაციო სააგენტოები გადმოსცემენ, ”საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეძღვნება”. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვნების მუზეუმში დაცული შუა საუკუნეებისა და XX - XXI საუკუნის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები - ფერწერული და ჭედური ხატები, ტიხრული მინანქრის ნიმუშები. ზოგიერთი ნამუშევარი, რომელიც ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმების ფონდებში იყო დაცული, პირველად გამოიფინა. გამოფენის გახსნის დღეს გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიარქო შუა საუკუნეებისა და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ძეგლთა კატალოგების გამოცემას აპირებს. გამოფენის პარალელურად ჩატარდება საჯარო ლექციების კურსი, რომელსაც სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წარუძღვებიან... მოკლედ, ამ შემთხვევაში რელიგიისა და მეცნიერების გაერთიანების ტენდენცია თვალსაჩინოა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ თანამედროვე ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში კვლავაც ძალზე მკაცრადაა დაცული რეგლამენტი და კვლავაც თითქმის დაუშვებელია ინტერპრეტაცია. ამიტომ იმ ნამუშევრებს, რომლებიც გამოფენაზე თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებას წარმოადგენს, მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ”თანამედროვე”... მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს დროშია შესრულებული.

მიუხედავად ამისა, ახალ დროს მაინც თავისი მოაქვს და ყოფიერება ზოგჯერ მაინც ნამდვილად განსაზღვრავს ცნობიერებას... ყოველ შემთხვევაში, ხელოვნების იმ დარგებში, რომლებიც წარმოებაზე, ე.ი. ფულზეა დამოკიდებული - მაგალითად, კინოში.

20 იანვარს დასრულდება განაცხადების შეტანა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად. მნიშვნელოვანი ისაა, რომ კინოცენტრი ამჯერად მხოლოდ ქართულ-უცხოურ წარმოებას, ეგრეთ წოდებულ კოპროდუქციას დააფინანსებს.

ერთიანი ევროპული სივრცის შექმნა კინემატოგრაფის გზით ის პროცესია, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო. არ არის გამორიცხული, პროცესი მთელ ქართულ კულტურაზე აისახოს, თუკი, რა თქმა უნდა, საბჭოთა იდეოლოგიის ჩანაცვლება არ მოხდა რაიმე სხვა, უფრო ფუნდამენტურით და უფრო კონსერვატორულით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG