Accessibility links

logo-print
გასული წლის მიწურულს ქართულ პრესაში გაჩნდა ინფორმაციები სამხედრო უწყებაში დაწყებული მოულოდნელი ატესტაციების შესახებ, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, თანამდებობას 200-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკის წოდების ოფიცერი დაკარგავს. საქართველოს ხელისუფლება ამას აუცილებელ საკადრო ოპტიმიზაციას უწოდებს, რაც, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ხარჯზე, არმიის მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თუმცა ზოგიერთი ჯარისკაცთა უფლებადამცველი და ექსპერტი ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული საკადრო ოპტიმიზაცია სხვა არაფერია, თუ არა შოკური საკადრო წმენდა, რომელსაც თან არ ახლავს შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიები.

ქართული მედიის თანახმად, საკადრო ოპტიმიზაცია სამხედრო უწყების ცენტრალურ აპარატში დაიწყო მოულოდნელად, ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის შემოწმებით. კერძოდ, საპენსიო ასაკს მიტანებულ, ჭარმაგ შტაბის ოფიცრებს ევალებოდათ მიწიდან ხელებზე აზიდვის ნორმატივები ჩაებარებინათ და, აგრეთვე, გაევლოთ ტესტი ტაქტიკურ მომზადებაში. იმის გასაგებად, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა სამხედრო უწყებამ საკადრო ოპტიმიზაციის - გნებავთ, საკადრო შემცირების - განხორციელების პროცესში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს სალომე მახარაძეს დავუკავშირდით. შემცირება შეეხება როგორც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს, ისე გაერთიანებული შტაბის ცენტრალურ აპარატს, ჩაჭრილი პერსონალი კი ახალი ნაკადით შეივსებაო, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანმა სალომე მახარაძემ.

“რაც შეეხება სამხედროებს, ისინი აბარებენ ნორმატივებს და მიმდინარეობს მათთან გასაუბრება. ეს არის წესით დადგენილი ნორმატივები, რასაც ისინი უნდა აბარებდნენ. ასევე არის გასაუბრება იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი იმ სტატუსს, რომელზეც მუშაობენ და რომელიც მინიჭებული აქვთ”, - ამბობს სალომე მახარაძე და დასძენს, რომ, ატესტაციის შედეგად, “სამხედრო ძალების საერთო რიცხოვნება არ შემცირდება, ვინაიდან ახლაც არის სამხედრო ნაწილებიდან კადრების მიღება და შევსება. და, ალბათ, მოხდება გარკვეული ადამიანების წახალისება და გარკვეულის – პირიქით, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტებს.”

ძალა გვაქვს, ტვინი – აღარ გვინდა?

ოფიცრებისა და თავდაცვის სამინისტროს პერსონალის ატესტაციას ემხრობიან როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ოფიცერი, რომლის შენახვაზე სახელმწიფო, საშუალოდ, 900-1000 დოლარს ხარჯავს, მუდმივად უნდა ზრუნავდეს ფიზიკურ და თეორიულ განვითარებაზე. თუმცა საქართველოს პარლამენტის ქრისტიანულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ნიკა ლალიაშვილი შიშობს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ არ გაიმეოროს ვარდების რევოლუციის შემდეგ დაშვებული შეცდომა, როდესაც ოფიცრების შემცირებამ უკონტროლო ხასიათი მიიღო და არმია, ფაქტობრივად, თავისი ოპერატიული ცენტრის გარეშე დარჩა, კადრებისა და შინაარსისაგან დაცლილი გენერალური შტაბის ამარა.

“კარგია, რომ არ მცირდება საბრძოლო ქვედანაყოფები, ანუ იმათ არ ეხებათ ეს შემცირება. მაგრამ ცუდია, ჩემი აზრით, ის, რომ გაერთიანებული შტაბი პრაქტიკულად ნახევრდება. მე ძალიან მეშინია, რომ არ მივიღოთ იგივე მდგომარეობა, რაც ჩვენ ადრე გვქონდა - 2005 წლიდან ძალიან სახიფათო ტენდენცია წავიდა, როდესაც სრულიად იგნორირებული იყო გენერალური შტაბი. ანუ ვავითარებდით მუსკულატურას, როდესაც ტვინი აბსოლუტურად განუვითარებელი გვრჩებოდა. და სადამდე მიგვიყვანა ჩვენ ამან, ეს კარგად ვნახეთ აგვისტოს ომის დროს.”

გასულ კვირაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაითვალისწინა საზოგადოების დიდი დაინტერესება სამხედრო უწყებაში მიმდინარე საკადრო რეორგანიზაციის პროცესით და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებსა და რამდენიმე სამხედრო ექსპერტს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მინისტრ ახალაიას მიერ დასახელებულმა შესამცირებელ ოფიცერთა საერთო რაოდენობამ იგი საკამოდ შეაშფოთა:

“დაახლოებით 200-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დღეს გადაყვანილია კადრების განკარგულებაში. გარდა ამისა, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ცალკე, როგორც თავად მინისტრმა განაცხადა, მაიორის წოდების ოფიცრებშიც ჩატარდება ასევე ტესტირებები და, შესაბამისად, მაიორებიც შემცირდება.” ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დაახლოებით 700-მდე კაცი მსახურობს, თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმით კი შემცირება დაახლოებით ნახევარს შეეხება. “მათი შემცირება იგეგმება დაახლოებით 46-დან 50 პროცენტამდე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პროცესში მოჰყვებიან მცოდნე, ღირსეული ოფიცრებიც.”

გადაყვანილია კადრების განკარგულებაში

დაახლოებით 50-მდე მაღალი რანგის ოფიცერმა, რომლებიც ატესტაციის შემდეგ კადრების განკარგულებაში მოხვდნენ, რეაგირებისათვის ჯარისკაცის უფლებადამცველ ორგანიზაციას, “სამართალსა და თავისუფლებას”, მიმართა, თუმცა, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ბევრი ოფიცერი, რომელიც კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, იმედს არ კარგავს, რომ ორთვიანი პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც კადრების განკარგულებაში მყოფ ოფიცერს ხელფასი უნაზღაურდება, ან დააბრუნებენ თანამდებობაზე, ან სხვა სამსახურში გადაიყვანენ. თუმცა, რამდენად საფუძვლიანია მათი ეს იმედი, ძნელი სათქმელია, რადგან პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკადრო ოპტიმიზაცია ჯერ კიდევ გასული წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა დასრულებულად და მინისტრ ახალაიას ამისთვის მადლობაც საჯაროდ გადაუხადა.

“უხმაუროდ, მაგრამ გატარდა ძალიან მტკივნეული რეფორმები - მათ შორის, პირად შემადგენლობასთან მიმართებაში. ძალიან სერიოზული ატესტაციები ჩატარდა, ძალიან სერიოზულად ამაღლდა თითოეული მებრძოლის, თითოეული ოფიცრის მომზადების დონე. მოთხოვნები ამაღლდა მკვეთრად და, ამავე დროს, ახალი შევსება მოდის და მოვა მომავალშიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში.”

მაგრამ, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, საქართველოს პრეზიდენტი ამაოდ იმშვიდებს თავს, რომ საკადრო რეორგანიზაცია სამხედრო უწყებაში უხმაუროდ და უმტკივნეულოდ დასრულდა. თუკი საქართველოს ხელისუფლება არ დაიჭერს თადარიგს და არ შეეცდება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებული სამხედრო ოფიცრების ხელახლა დასაქმებას სამხედრო ან სამოქალაქო სექტორში, ოფიცრები შეეცდებიან სასამართლოში გაასაჩივრონ მათი სამსახურიდან დათხოვნის კანონიერება. ირაკლი სესიაშვილის თქმით, მის არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე მიმართა იურიდიული კონსულტაციისათვის რამდენიმე ათეულმა ოფიცერმა, რომლებსაც უკვე ჩამოართვეს თავდაცვის სამინისტროს საშვები, გაუთიშეს კორპორატიული მობილურის ნომრები და “გაიყვანეს კადრების განკარგულებაში.” ეს სამსიტყვიანი წინადადება კი საქართველოს სინამდვილეში სოციალური უბედურების მომასწავებელია. თუკი პატრონი გამოგიჩნდა, კადრების განკარგულებიდან შეიძლება ვინმემ დაგაბრუნოს შტატიან სამხედრო სამსახურში, თუ არადა, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ორი თვის შემდეგ შეგიჩერდება კომპენსაციის გადახდა და შეუერთდები საქართველოს ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან არმიას - უმუშევართა, უპოვართა, ყველაფერზე გულაყრილთა და ხელჩაქნეულთა არმიას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG