Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იქნება ვაშინგტონის პოლიტიკა ირანის მიმართ?


სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი
სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი
როგორ პოლიტიკას განახორციელებს აშშ ხელისუფლება მომავალში ირანის მიმართ? - ეს გახლდათ რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის - რადიო ”ფარდის” კორესპონდენტის - ჰოსეინ არიანისა და ამერიკელი სენატორის ჯოზეფ ლიბერმანის საუბრის თემა. ლიბერმანის თქმით, იანვრის სხდომაზე აშშ-ს სენატი განიხილავს ირანის მიმართ სანქციების შესახებ კანონპროექტს და შეეცდება აიძულოს პრეზიდენტი ობამა გაამკაცროს ირანის რეჟიმის მიმართ პოლიტიკა:

რადიო თავისუფლება: თქვენ და კიდევ რვა სენატორმა წარმოადგინეთ რეზოლუცია ირანში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ, რომელსაც 22 დეკემბერს სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. რა არის ამ რეზოლუციის მთავარი მიზანი და რა გზავნილის მიწოდება გსურთ ირანის რეჟიმისთვის?

ჯოზეფ ლიბერმანი: რეზოლუცია, რომელიც ახსენეთ, ერთხმად იყო მიღებული - არც ერთი პარტიის წევრ არც ერთ სენატორს მის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია. ამ გზით გვინდოდა გვეთქვა ირანელი ხალხისთვის, ”მწვანე მოძრაობის” მონაწილეებისთვის: ჩვენ თქვენთან ვართ, გხედავთ და გვესმის თქვენი, ვდგავართ თქვენს გვერდით თავისუფლების ძიების გზაზე, რადგან ეს არის ფუნდამენტური რამ ამერიკელებისთვის. ჯერ კიდევ თავისუფლების დეკლარაციის მიღებისას, მე-18 საუკუნეში ჩვენმა დამფუძნებელმა პირველ წინადადებაში ჩაწერეს: “ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა”. სწორედ ეს არის, რისი მიღწევაც ირანის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისთ სურს ირანის ხალხს.

ასე რომ, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ ჩვენ გსვურდა ერთხმად გვეთქვა ირანის ხალხისთვის, რომ მათთან ვართ. ბოლო 30 წელი რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თეირანმა ჩვენ დაგვაშორა ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებს - ირანის ხალხს. ვიმედოვნებთ, შევძლებთ მათ დახმარებას. აშკარაა, რაც ირანში ხდება, ირანის ხალხზეა დამოკიდებული. თუმცა, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის მთავრობას სურს, მას რაც შეიძლება მეტად დაუჭიროს მხარი.

რადიო თავისუფლება: რეზოლუციის წარდგენისას, თქვენ და სხვა სენატორები გამოხვედით აგრეთვე ე.წ. ”ვოის აქტის” განხორციელებისკენ მოწოდებით. ამ კანონს ხელი წელს მოეწერა და უზრუნველყოფს ფინანსებს იმ ტექნოლოგიების დანერგვის მხარდასაჭერად, რომელიც ირანელებს საშუალებას მისცემს ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონებზე ცენზურა აიცილონ. ირანში პოლიტიკური არეულობისა და მზარდი ძალადობის გათვალისწინებით, მალე განხორციელდება, თუ არა ეს აქტი?

ჯოზეფ ლიბერმანი: დიახ. ნება მომეცით, ორიოდე სიტყვით გითხრათ - მე ამაყი ვიყავი, რომ წვლილი შევიტანე ”ვოის აქტის” შექმნაში. მასში აღიარებულია შესანიშნავი გზები, რომლითაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია იმ ხალხის მხარდაჭერა, ვისაც აქვს გამბედაობა წინ აღუდგეს დიქტატორულ, სასტიკ რეჟიმს, რისი მოწმეც გავხდით ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ირანის ქუჩებში ხალხს სცემენ და კლავენ.

კლასიკურად დიქტატორული რეჟიმები ცდილობდნენ თავისი ხალხისთვის აღეკვეთათ კომუნიკაცია ერთმანეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან. ახლა ინტერნეტისა და ”ფეისბუკის”, ”ტვიტერისა” და ”იუტიუბის”, გნებავთ, მობილური ტელეფონებისა და ”ბლექბერის” არსებობა ირანის ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. მთავრობა შეეცადა ამის დაბლოკვას და ჩვენ ჩვენი ბიუჯეტის გარკვეულ ნაწილს ჩავდებთ ტექნოლოგიურ დახმარებაში იმისათვის, რომ ირანის ხალხმა, რომელიც დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძვის, შეძლოს რეჟიმის მიერ მათი კომუნიკაციის დაბლოკვის მცდელობას თავი აარიდოს.

ვინაიდან თეირანის რეჟიმი სულ უფრო სასტიკი ხდება ხალხის მიმართ, ნებისმიერი ყოყმანი (რომელიც, ვშიშობ, არსებობს ამერიკის მთავრობაში - ირანის ხალხის მიმართ ღია და აგრესიული მხარდაჭერის გამოხატვის საკითხზე) ქრება.

როგორც აშშ-ს ერთ-ერთმა სენატორმა, შემიძლია გითხრათ, რომ მე და ჩემი კოლეგები ვიმუშავებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა და ობამას ადმინისტრაციამ სწრაფად განახორციელონ ”ვოის აქტის” მუხლები და ირანის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მხარდამჭერი სხვა ზომები.

რადიო თავისუფლება: რაც ეხება ბირთვული პროგრამის საკითხს: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა უგულებელყო საერთაშორისო ულტიმატუმი ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ, აშშ-ს სენატმა გააფრთხილა ირანი, რომ დეკემბრის დასასრული არის ბოლო ვადა, როცა ირანმა პასუხი უნდა გასცეს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წინადადებას. დადგა წლის დასასრული, ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრების პროგრამას და, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის თანახმად, კიდევ მეტი გამამდიდრებელი ცენტრის შექმნას გეგმავს. რა იქნება ”5+1” ჯგუფის წევრთა შემდეგი ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი არ ემხრობიან ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესების იდეას?

ჯოზეფ ლიბერმანი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან ჩვენ ახლა საქმე გვაქვს ირანთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან მომენტთან. ერთი მოსალოდნელი იყო, მეორე კი - არა. პირველ მნიშვნელოვან მომენტს განაპირობებს ის, რომ ირანის მთავრობამ, რეჟიმმა უგულებელყო პრეზიდენტ ობამას მიერ გაწვდილი ხელი. ფაქტობრივად ის განაგრძობს ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის მუშტის მოღერების პოლიტიკას. ახლა კი გავიდა პრეზიდენტ ობამას მიერ დაწესებული ვადაც.

ვიცი, ნათელია, რომ პრეზიდენტის მოთმინება ამოიწურა და ახლა ძალიან ბევრს იმუშავებს თეირანის რეჟიმისა და ლიდერების მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის. იმედია, იქნება მხარდაჭერა ”5+1” ჯგუფისგანაც. ისე ჩანს, ჩინეთი და რუსეთი უფრო მეტად მხარდამჭერ პოზიციას იკავებენ, ვიდრე ტრადიციულად ეკავათ. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, თუკი ჩინეთი და რუსეთი არ დაუჭერენ მხარს სანქციების დაწესებას, დარწმუნებული ვარ, აშშ ამას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად გააკეთებს. ვნანობ, მაგრამ, ეს არის ის, რაც თეირანის მთავრობამ თავს დაიტეხა იმით, რომ პრეზიდენტ ობამას ინიციატივა არ გაიზიარა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მოულოდნელი იყო, არის ”მწვანე მოძრაობისა” და ირანის ხალხის მნიშვნელოვანი, შთამაგონებელი, გაბედული პროტესტი ამ რეჟიმის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ ითქვას, ეს პროტესტი განაპირობებს ირანის მთავრობის ისეთ არამყარ მდგომარეობას, რომ ძნელი წარმოსადგენია ახლა რაიმე შეთანხმების მიღწევა. ახლა დიდი სიფრთხილის დროა.

მე, მაგალითად, მჯერა ირანთან ურთიერთობის, მაგრამ ის არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების გადავადებისთვის. სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც აშშ-ს სენატი იანვარში განიხილავს, მხოლოდ ეკონომიკური სანქციების შესახებ არ არის, არამედ, მსურს, ირანის ხალხი დავარწმუნო, რომ სენატი სერიოზულ განაცხადს აკეთებს ადამიანის უფლებებზეც.

მსურს წაგიკითხოთ ნაწყვეტი ამ კანონპროექტიდან, რომლითაც პრეზიდენტ ობამას მოვუწოდებთ განსაზღვროს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ირანში და გაუყინოს მათ აშშ-ში არსებული ქონება. სენატი მოუწოდებს აგრეთვე სახელმწიფო მდივანს შექმნას და გაავრცელოს დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია 12 ივნისის არჩევნების შემდეგ მომხდარი დარღვევების შესახებ.

ვკითხულობ ნაწყვეტს სენატის რეზოლუციის პროექტიდან, რომელიც იანვარში განიხილება: ”ამერიკის ხალხს ირანის ხალხთან მეგობრობის დიდი ისტორია აქვს. გამოვთქვამთ სინანულს, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მოვლენათა განვითარებამ ამ მეგობრობაში წინაღობები შექმნა. ირანის ხალხს, მის კულტურას, უძველეს და მდიდარ ისტორიას ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ღრმად გვაშფოთებს ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები”.

შემდეგ გრძელდება იმით, რომ ვთხოვთ პრეზიდენტ ობამას მოახდინოს ზეწოლა ირანის მთავრობაზე სასტიკი, დიქტატორული ქმედების შესაჩერებლად და გაატაროს ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც პრეზიდენტი პასუხისმგებლად ჩათვლის ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, მათ შორის - მათი ქონების ”გაყინვით”.

მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეკონომიკური სანქციების შესახებ გადაწყვეტილება, რომელზეც აშშ იანვარში იმსჯელებს, არ იქნება უბრალოდ რეაქცია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მიმართ დამოკიდებულებაზე. არამედ, ეს იქნება აშშ პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება ირანის ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებისთვის მის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ვფიქრობ, ეს გაამხნევებს ირანის მამაც ხალხს თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე. თავისუფლება არის მათი უფლება, რომელიც დაბადებიდან არგუნა ღმერთმა.

რადიო თავისუფლება: სენატორო, როგორც ვხვდები, იმედი გაქვთ, რომ ჩინეთი და რუსეთი ითანამშრომლებენ აშშ-სთან. თუკი ასე არ მოხდება, დაუწესებს, თუ არა აშშ ცალმხრივად სანქციებს ირანს, როგორიც არის ”2009 წლის აქტი ირანის გადამუშავებული ნავთობპროდუქტების შესახებ”?

ჯოზეფ ლიბერმანი: ვფიქრობ, პრეზიდენტი ობამა ძალიან ეცდება ირანის მთავრობის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაში ჩინეთისა და რუსეთის ჩართვას, რადგან ეს იქნებოდა სანქციების დაწესების ყველაზე მძლავრი გზა. თუკი რაიმე მიზეზით ჩინეთი და რუსეთი არ იქნებიან თანახმა თანამშრომლობაზე, მაშინ ეს კანონი უფლებამოსილებას მიანიჭებს პრეზიდენტ ობამას გაატაროს ცალმხრივი სანქციები, მათ შორის - გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით.

ვიტყოდი, რომ მოცემულ მომენტში ამერიკის ხალხი აუცილებლად მოითხოვს, რომ ჩვენმა მთავრობამ მიიღოს რაღაც ზომები. არ ვიცი, რამდენად აღიქვამს ირანის ხალხი იმას, რომ იმის შესახებ, რაც დღეს ირანის ქუჩებში ხდება, ამერიკის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე იწერება, ტელე და რადიო გადაცემებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. ამერიკის ხალხმა გადალახა გრძნობა, რომელიც ათლწეულების მანძილზე ჰქონდა, რომ ირანი ამერიკის მტერი იყო, რადგან ახლა ჩვენ დაკავშირებული ვართ ირანის ხალხთან. იმის თქმა მინდა, რომ ამერიკის ხალხი მოახდენს ზეწოლას ამერიკის პრეზიდენტზე, რომ ის მხარში ამოუდგეს ირანის ხალხს.

რადიო თავისუფლება: ვიცით, რომ სანქციების შესახებ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 15 დეკემბერს მოიწონა. როგორ ფიქრობთ - დაამტკიცებს მას სენატი?

ჯოზეფ ლიბერმანი: დიახ. მე და რამდენიმე სენატორს, ვინც ამ კანონპროექტზე ვმუშაობდით - იმედი გვქონდა, რომ სენატი მას არდადეგების დაწყებამდე მიიღებდა. თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ჯანდაცვის რეფორმაზე ვიყავით კონცენტრირებული. სენატი სხდომას 19 იანვარს შეიკრიბება და ჩვენი ჯგუფი, რომელშიც ორივე პარტიის წარმომადგენლები არიან, მუშაობს, რომ ირანის სანქციების შესახებ დოკუმენტი იმავე კვირაში გავიდეს სხდომაზე. იმედი მაქვს, გამოგვივა. შემდეგ დოკუმენტი წავა საკონფერენციო კომიტეტში, რომ ჩვენმა კოლეგებმა წარმომადგენლობითი პალატიდან შეაჯერონ განსხვავებები ორ კანონს შორის, ამის შემდეგ კი პირდაპირ პრეზიდენტს გაეგზავნება. ასე რომ, ვიმედოვნებ, მალე, ძალიან მალე - სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე - ეს პროექტი იქცევა ამერიკის კანონად. თუმცა, მანამდე გარწმუნებთ თქვენც, ”მწვანე მოძრაობის” წევრებსა და ირანის ხალხს, რომ ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენთან ვართ. ვაღიარებთ თქვენს სიმამაცეს. ყველაფერს გავაკეთებთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში თქვენს მხარდასაჭერად, ისე, როგორც ათწლეულების მანძილზე სხვებს ვუჭერდით მხარს დიქტატურის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG