Accessibility links

logo-print
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებული კობა კობალაძე უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კობალაძე მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ნაწილში გაამტყუნეს და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ რადგან კობალაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, იგი სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. დანარჩენი განსასჯელების მიმართ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებს: კობა ოთანაძეს 29-წლიანი, ლევან ამირიძეს 28-წლიანი, შოთა გორგიაშვილს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

კობა ოთანაძეს მსჯავრი დაედო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხებაში, სამხედრო ხელმძღვანელის მიერ კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში დახმარებაში და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადებასა და ტარებაში - მიესაჯა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლევან ამირიძეს მსჯავრი დაედო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხებაში, დახმარება სამხედრო ხელმძღვანელის მიერ კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში და სამხედრო ხელმძღვანელის მიერ კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში - მიესაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შოთა გორგიაშვილს მსჯავრი დაედო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხებაში და სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასა და კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარ დაუმორჩილებლობაში - მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განსასჯელ დავით სულხანიშვილს მიესაჯა პირობითი მსჯავრი, განსასჯელ ზაზა სანდოძის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო დანარჩენ მსჯავრდებულებს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3-დან 15 წლამდე ვადის ფარგლებში.

ხუთთვიანი სასამართლო განხილვის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დაასრულა ე.წ. ”მუხროვანის ამბოხის მონაწილეთა” სასამართლო პროცესი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG