Accessibility links

logo-print

მაკკეინის ერთდღიანი ვიზიტი საქართველოში


ჯონ მაკკეინი, ამერიკელი სენატორი

ჯონ მაკკეინი, ამერიკელი სენატორი

ჯონ მაკკეინი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი სენატორი ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერსა და მისიის ოფისთან შეკრებილ დევნილებს შეხვდნენ.

ზუგდიდში წასვლამდე ჯონ მაკკეინმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. მაკკეინმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

ამერიკელი სენატორები შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელს დავით უსუფაშვილსა და “დაიცავი საქართველოს” ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს. მაკკეინმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან.

ბათუმში მიხეილ სააკაშვილმა ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა სენატორ მაკკეინს საჩუქრად ის პისტოლეტიც გადასცა, რომელიც რუსმა გენერალმა 2008 წლის აგვისტოში ქართველ მაღალჩინოსანს მიჰყიდა და უთხრა, რომ ეს პისტოლეტი ამერიკელ მფრინავს ეკუთვნოდა, რომელიც ვიეტნამში ტყვედ აიყვანეს. სააკაშვილმა ეს პისტოლეტი სიმბოლურად ჯონ მაკკეინს დაუბრუნა, რომელიც, როგორც ცნობილია, ვიეტნამის ომის დროს რამდენიმე წელი ტყვედ იყო აყვანილი.

ზუგდიდიდან ჯონ მაკკეინი და მისი თანმხლები პირები კვლავ ბათუმში დაბრუნდებიან და საქართველოს დატოვებენ.
XS
SM
MD
LG