Accessibility links

კარალეთის დევნილები აქციების მოწყობით იმუქრებიან


კარალეთის დევნილთა დასახლება

კარალეთის დევნილთა დასახლება

კარალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები გორსა და თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან. გამაფრთხილებელი აქცია მათ სოფლის ცენტრში მოაწყვეს და დღეს საღამომდე ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვეს.

დილიდან 400-ოჯახიან დასახლებას „ენერგოპროჯორჯიამ“ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც დევნილთა აღშფოთება გამოიწვია. მათი დავალიანება 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დავალიანების გადახდას არ აპირებენ, რადგან ხელისუფლების დაპირება - 18 თვის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ - ჯერ არ დასრულებულა.

აქციაზე ენერგოკომპანიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. რადიო თავისუფლებასთან მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და მხოლოდ ის თქვეს, რომ ენერგიის გათიშვის მიზეზი დავალიანებაა.

აქციაზე ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი რევაზ კახნიაშვილიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ის არის, რომ დევნილებმა ელექტროენერგია ეკონომიურად ხარჯონ და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 100 კილოვატიან შეღავათში ჩაეტიონ.

ეს წინადადება დევნილებისთვის მიუღებელია, რადგან კეთილმოუწყობელ კოტეჯებში, სადაც სითბოს შენარჩუნება ვერ ხერხდება, დენის ეკონომიური ხარჯვა შეუძლებელია.

შეთანხმება ვერ მოხერხდა. დევნილების მიერ ხელისუფლებისთვის და ენერგოკომპანიისთვის წაყენებული ულტიმატუმი ძალაში რჩება და თუ უახლოეს პერიოდში დასახლებას დენის მიწოდება არ აღუდგება, აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციის მასშტაბები გაიზრდება.
XS
SM
MD
LG