Accessibility links

logo-print

სამგანზომილებიანი ტელევიზიის პერსპექტივები


სამგანზომილებიანი გამოსახულება სპეციალურ სათვალეში

სამგანზომილებიანი გამოსახულება სპეციალურ სათვალეში

გასულ კვირაში ამერიკაში გამოცხადდა ერთდროულად სამი სიახლის შესახებ ფართო მოხმარების ელექტრონული ტექნოლოგიის სფეროში. იტყობინებიან მსოფლიოში პირველი სამგანზომილებიანი ტელემაუწყებლობის გამოშვების შესახებ. Microoft-მა წარმოადგინა ახალი კომპიუტერი - „ტაბლეტი“. Google-ი კი გასაყიდად უშვებს ტელეფონს სახელწოდებით Nexus One.

- კომპანიები Sony, Panasonic-ი, Samsung-ი და სხვები, რომლებიც ტელვიზორებს უშვებენ, იმედოვნებენ, სამგანზომილებიანი მაუწყებლობის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაზრდის მოთხოვნილებას ტელევიზორებზე, რომლებიც გაყიდვაში გამოვა წლის შუაში. თავად სამგანზომილებიან მაუწყებლობას გაზაფხულზე თანამგზავრების მეშვეობით დაიწყებს კომპანია Direct TV. მაგრამ სკეპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამგანზომილებიანი ტელევიზია არც ისე სწრაფად გავრცელდება. მომხმარებლებმა ეს-ესაა შეიძინეს მაღალი რეზოლუციის ტელევიზორები და ძნელი წარმოსადგენია, რომ ახალი ტექნოლოგიის სასარგებლოდ უარი თქვან მათზე. სპეციალისტები მოელიან, რომ 2010 წელს მსოფლიო მასშტაბით შესაძლოა გაიყიდოს მილიონამდე სამგანზომილებიანი ტელევიზორი. მაშინ, როცა მსოფლიოში საერთო ჯამში 200 მილიონი ტელევიზორი იყიდება. ასე რომ, ძნელი განსაჭვრეტია, რამდენად სწრაფად შეაღწევს სამგანზომილებიანი ტელევიზორი ყველა ოჯახში. ჩვენი რადიო ესაუბრა ჩიკაგოს კომპანია Support Station-ის პრეზიდენტს, გრეგორი კოვალსკის.


- „სამგანზომილებიანი ტელევიზიის ტექნოლოგიები უხვად არსებობს, ამბობს კოვალსკი. „მათი ყურება შეიძლება ლურჯ-წითელი სათვალით ან პოლარიზებული ლინზებით. არსებობს პოლარიზებული ეკრანები, ეკრანები სტერეოგამოსახულებით, რომლების გათვლილია თავის გარკვეულ პოზიციაზე, ეკრანიდან გარკვეულ დაშორებაზე. არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც სიხშირის სიზუსტის მიხედვით ცვლიან გამოსახულებას მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის. ანუ ტექნოლოგიები, მადლობა ღმერთს, მრავლად მოგვეპოვება. მაგრამ, ჩემი აზრით, არც ისე ბევრია შინაარსი. საკუთრივ სამგანზომილებიანი ფილმები ან პროგრამები თითებზე ჩამოსათვლელია. ძალზე ცოტაა დიდი სტუდიები და სერიოზული რეჟისორები, რომლებიც სამგანზომილებიანი ტექნოლოგიებით მუშაობენ. დევიდ ლინჩი ერთ-ერთ ინტერვიუში მოჰყვა, რის გაკეთება შეიძლება. ცნობილია, რა ტექნოლოგიური ბომბი გაუშვა კემერონმა უკანასკნელ ფილმში „ავატარი“. ტექნოლოგიურად „ავატარი“ უბრალოდ არაჩვეულებრივია, მაგრამ მასში შინაარსი არც ისე ბევრია, რომ ახალი ტელევიზორის ყიდვა გაამართლოს.

შემდეგ გრეგორი კოვალსკის ვკითხეთ, რა აზრისაა Microsoft-ის ახალ პერსონალურ კომპიუტერზე, „ტაბლეტზე“.

- ეკრანი ძალიან სიმპათიურია. ორმაგი ეკრანი, რომელიც ლამაზ ბლოკნოტს ან წიგნს ჰგავს, ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. პრაქტიკულობის თვალსაზრისით აქ დიდ პერსპექტივებთან გვაქვს საქმე. იმედი მაქვს რომ Microsoft-ი, რომელსაც ამდენი სპეციალისტი, ამდენი ფული აქვს, შეძლებს მის ინტეგრირებას Windows-თან და ქსელებთან. მაშინ ეს იქნება შესანიშნავი მოწყობილობა საკითხავად, ჩანაწერების გასაკეთებლად, სურათების სათვალიერებლად. რამდენად პროდუქტიული იქნება ის? არა მგონია, ჯერჯერობით ამ კომპიუტერის მონაცემებმა შესაძლებელი გახადოს ტექსტზე მუშაობა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს სერიოზული მოწყობილობა იქნება თამაშებისთვის. მაგრამ ეს ისევ და ისევ სპეციალისტების პრობლემაა.

რა რეაქცია ჰქონდა გრეგორი კოვალსკის გუგლოფონ Nexus One-ის შესახებ ცნობაზე?

- სუპერტელეფონია. დეტალები და ტექნოლოგია მშვენივრად გამოიყურება. კაცმა რომ თქვას, ეს ხომ კომპიუტერია, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სატელეფონოა. ერთობ მიმზიდველია ისიც, რომ დიდი ეკრანი და შედარებით მოსახერხებელი კონფიგურაცია აქვს. სწრაფი პროცესორი, სხვადასხვა ქსელებთან მიერთების უამრავი შესაძლებლობა, საოპერაციო სისტემისა და აპლიკაციების გაფართოების საშუალებები. თავისი ამ ტელეფონით Google-ი აჩვენებს, რომ საკმარისად ძლიერად მიაჩნია თავი არა მხოლოდ Microsoft-ის Windows-ის ჯიბის ვერსიისთვის კონკურენციის გასაწევად, არამედ ასე ვთქვათ, რკინის ფრონტზეც, Apple-ის „აიფონთან“ კონკურენციისთვისაც.
XS
SM
MD
LG