Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები დენის მიწოდებამდე აქციებს აგრძელებენ


გორის რაიონში მთელი დღის განმავლობაში დევნილთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი პირველად კარალეთის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა გადაკეტეს და ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვეს.

დღეს დილით „ენერგოპროჯორჯიამ“ დევნილებს დავალიანების გამო დენის მიწოდება შეუწყვიტა. ენერგოკომპანიის მონაცემებით, თითოეულ ოჯახზე ელექტროენერგიის დავალიანება 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. დევნილები ენერგოკომპანიის მონაცემებს არ ენდობიან და მრიცხველების შემოწმებას მოითხოვენ.


ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაიკეტა. პოლიციამ აქცია დაარბია. ნანა კორინთელი აცხადებს, რომ სამართალდამცავები ქალებს სცემდნენ.

აქციის მონაწილეები პოლიციელთა სისასტიკეზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ მცირე სოციალური დახმარებით დავალიანებას ვერ გადაიხდიან.

მოგვიანებით შელაპარაკება „ენერგოპროჯორჯიის“ წარმომადგენლებსა და დევნილებს შორის მოხდა. კომპანიის წარმომადგენელ გიორგი ბალახაშვილის განცხადებით, დავალიანება ყველამ უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დენის მიწოდება ვერ აღდგება.

მოგვიანებით ენერგოკომპანიამ დევნილებს შესთავაზა, რომ პირველ ეტაპზე ყველამ 20 ლარი გადაიხადოს და, დენის ყოველთვიური ეკონომიით, გადასახადი სახელმწიფოს მიერ ლიმიტირებული 100 კილოვატიდან დაფაროს. აქციის მონაწილეებთან დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ანდრო ჭულუხაძეც მივიდა, რომელმაც ენერგეტიკოსების მიერ მრიცხველებიდან აღებული ჩვენებები და, შესაბამისად, გადასახადები ეჭვქვეშ დააყენა.


გორთან აქცია ჯერ დასრულებული არ იყო, რომ, იმავე მოთხოვნით, სოფელ ხურვალეთთან იქვე ჩასახლებულმა დევნილებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პოლიციამ აქაც ძალა გამოიყენა. კარალელებისგან განსხვავებით, ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილებს 5 დღეა უკვე ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ხურვალეთში არც ბუნებრივი აირი აქვთ და არც შეშა.

ყოველთვიურად სახელწიფო თითოეულ დევნილს 100 კილოვატსაათი მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს უფარავს. მიუხედავად ამისა, ოქტომბრიდან დღემდე დიდი დავალიანებაა დაგროვილი. აქციის მონაწილეები პროტესტს იმის გამოც გამოთქვამდნენ, რომ მათთვის წინასწარ არავის უცნობებია, რომ ოქტომბრიდან გადახდა მათ დაეკისრებოდათ - მანამდე კოტეჯებში ჩასახლებულებს ყველა კომუნალურ გადასახადს სახელმწიფო უფარავდა.

დევნილთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არსებულ დავალიანებას ვერ დაფარავენ და დენის მიწოდებამდე საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG