Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დევნილები არასაკმარისი შეშით და შუქით ხვდებიან ზამთარს


დევნილთა დასახლება
დევნილთა დასახლება
გორის რაიონის იმ სოფლებში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ხელისუფლებამ შეშის შეტანა გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო. შეშა დევნილთა იმ ჩასახლებებშიც შეიტანეს, რომლებიც გაზიფიცირებული არ არის. კოტეჯებში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ კეთილმოუწყობელი სახლების გამო, სადაც ქარი ყოველი მხრიდან აღწევს, სითბოს დაჭერა შეუძლებელია, შეშაც არასაკმარისი იყო, ამიტომ გასათბობად ელექტროგამათბობლებსაც იყენებდნენ.

ოქტომბრიდან მთავრობამ დევნილთა ყველა გადასახადის დაფარვა შეწყვიტა და ელექტროენერგიის მოხმარებაზე 100 კილოვატიანი ლიმიტი დააწესა. დევნილთა უმრავლესობას გადახარჯვა აქვს, ამიტომ „ენერგოპროჯორჯიამ“ დასახლებებს დენის მიწოდება შეუწყვიტა, რაც დევნილთა პროტესტის მიზეზი გახდა.

დევნილთა ნაწილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი პრობლემა მათი არაინფორმირებულობა იყო, რადგან ხელისუფლების დაპირება გადასახადების 18 თვიანი პროგრამის შესახებ არ შესრულდა და მათ არ იცოდნენ, თუ ოქტომბრიდან გადასახადების ნაწილი თვითონ უნდა დაეფარათ. გარდა ამისა, მათ ენერგოკომპანიის კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარებათ და მრიცხველების ჩვენებას და, შესაბამისად, გადასახადების ოდენობასაც ეჭვქვეშ აყენებენ. ამჟამად დევნილთა დავალიანება 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.

„ენერგოპროჯორჯიამ“ დავალიანების მქონე დევნილებს ვალის ეტაპობრივი დაფარვა დენის ეკონომიისა და მთავრობის მიერ გამოყოფილი ლიმიტის ხარჯზე შესთავაზა, თუმცა თითოეული ოჯახიდან 20 ლარის შეტანა მოითხოვა. ეს წინადადება დევნილებისთვის მიუღებელია.

საპროტესტო აქციების მონაწილე დევნილებთან დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ანდრო ჭულუხაძე ჩავიდა, რომელმაც დევნილებისგან ელექტროენერგიის ქვითრები წამოკრიფა და პირობა დადო, რომ ნებისმიერ საეჭვო შემთხვევას თვითონვე გადაამოწმებს.

გორის რაიონში ძლიერი ყინვა ჯერ არ ყოფილა. დევნილები აცხადებენ, რომ აცივებასთან ერთად ელექტროენერგიისა და შეშის ეკონომია შეუძლებელი იქნება.
XS
SM
MD
LG