Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად რჩება


”თავისუფლება მსოფლიოში”, 2010 წლის ანგარიშის გრაფიკა
”თავისუფლება მსოფლიოში”, 2010 წლის ანგარიშის გრაფიკა
„ფრიდომ ჰაუსის“ 2010 წლის ანგარიშში ”თავისუფლება მსოფლიოში”, რომელიც 2009 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, საქართველოს კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი ერგო. ასევე უცვლელია პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კრიტერიუმებით მინიჭებული ქულები, რაც ორივე შემთხვევაში 4-ს შეადგენს. რას ნიშნავს იმავე ადგილის შენარჩუნება ქვეყნისთვის - შეჩერებას თუ უკუსვლას?

თავდაპირველად მოკლედ განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყანა, „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასების მიხედვით. ნაწილობრივ თავისუფალია ქვეყანა, სადაც შეზღუდულია პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემა. ეს ქვეყნები ხშირად უჩივიან ”კორუფციული გარემოს არსებობას, კანონის უზენაესობის სისუსტეს, ეთნიკურ თუ რელიგიურ დაპირისპირებას”. ასეთ ქვეყნებში ხშირად მოქმედებს სისტემა, რომელიც უფლებას აძლევს ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეინარჩუნოს დომინანტის როლი, შეზღუდული პლურალიზმის ფასადის მიუხედავად.

მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აღმასრულებელი
დირექტორი
იმას, რომ საქართველო, შარშანდელის მსგავსად, „ფრიდომ ჰაუსის“ წლევანდელ ანგარიშშიც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალში გვხვდება, ”წინსვლის სამწუხარო შეჩერებას” უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე. თუმცა ის სულაც არ მოელოდა, რომ ქვეყანა წლევანდელ ანგარიშში უკეთეს პოზიციაზე გადაინაცვლებდა, რადგანაც, მისი შეფასებით, ”არაფერი, დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში წინ არ წასულა.” მანანა კობახიძის მიერ დასახელებულ პრობლემურ მიმართულებებს შორისაა, მაგალითად: ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა.

თუკი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე წინსვლის არარსებობაზე ლაპარაკობს, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის აზრით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ასახული წინსვლის არარსებობა საქართველოსთვის უკუსვლის ტოლფასია. ”ეს იმიტომ, რომ ქვეყანა უკვე სტაბილურად ჯდება, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი დემოკრატიების რიგში და ქვეყანა უკვე იძენს სხვა იმიჯს. ეს არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული სფეროს პრობლემების ბრალი. ეს არის სისტემის შედეგი... რომ საქართველოში დაწყებული რეფორმები, ფაქტობრივად, შეჩერდა და ქვეყანა ადგას უკვე რეგრესის გზას”, - ასეთია ნანუაშვილის მოსაზრება.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის
ხელმძღვანელი
განსხვავებული ახსნა აქვს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძეს. იმ ფაქტის უკან, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველო წელსაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების რიგში დარჩა, თევდორაძე მოლოდინს ხედავს:

”ვფიქრობ, ყველა ელოდება ადგილობრივ არჩევნებს და ზუსტად ადგილობრივი არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ალბათ, იქნება ის ვექტორი, რომელიც ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს გადაიწევა. აქედან გამომდინარე, ამ მოლოდინმა პრაქტიკულად, ჩემი აზრით, გაყინა სიტუაცია, როგორც იყო”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე თევდორაძემ.

რაც შეეხება საქართველოს სეპარატისტისტულ რეგიონებს, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მათი პოზიციაც უცვლელია. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მსოფლიოს სხვა სადავო ტერიტორიებთან ერთად, ცალკე შესაფასებელ ჯგუფში ერთიანდებიან. ამასთან, აფხაზეთი კვლავაც ინარჩუნებს ”ნაწილობრივ თავისუფალი” ტერიტორიის სტატუსს, მაშინ როცა სამხრეთ ოსეთი კვლავ ”არათავისუფალ” ტერიტორიად მოიხსენიება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სამხრეთ ოსეთში შარშან ვითარება გააუარესა ”პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე რუსეთის გაძლიერებულმა გავლენამ”, ხოლო რუსეთისგან მიღებულმა დახმარებამ გააძლიერა კორუფცია ადგილობრივ ელიტაში.

ელენე თევდორაძე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
რეინტეგრაციის საკითხებში
ელენე თევდორაძე ამბობს, რომ დანარჩენი საქართველოსთვის რეალურად უცნობია, თუ რა ხდება ამჟამად მის სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. თუმცა იქიდან გამოღწეული ხმები საკმაოდ შემაშფოთებელ სურათს ქმნის. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე წარმოუდგენლად მიიჩნევს რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რაიმე სახით თავისუფლებას:

”იქ, სადაც დგას ოკუპანტის ჯარი და მათ აქვთ ყველა ბერკეტები მართვისა, ლაპარაკი თავისუფლებაზე ან თუნდაც ნახევრად თავისუფლებაზე, რა თქმა უნდა, ზედმეტია”, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ელენე თევდორაძემ.

აქვე ვთქვათ, რომ თავად რუსეთი, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, ”არათავისუფალი ქვეყნების” რიგშია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG