Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ხელმძღვანელი და მისეული „ხედვა“


კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი
კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს არამხოლოდ ოფიციალურად. კეტრინ ეშტონი დიპლომატიური გამოცდილების არმქონე პოლიტიკოსია, რომელიც ვაჭრობის კომისარი იყო ამავე ევროკავშირში და ახლა ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე მოსმენებზე სამსაათიანი კითხვა-პასუხის დროს, რომელში მონაწილეებსაც ის პოსტზე უნდა დაემტკიცებინათ, მან თავი აარიდა ყველა სადავო საკითხზე ლაპარაკს და დეპუტატების თანადგომაც გაინაღდა.

ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ძალაში შევიდა ეს ახალი - ასე ვთქვათ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის - თანამდებობა, რომელზეც კეტრინ ეშტონის დასახელება მოულოდნელი იყო. ეშტონი სავარძელში მოხვდა ევროკავშირის წევრებს შორის კომპრომისის წყალობით. გამოკვეთილი პროფილის პოლიტიკოსების გამო შეთანხმება ვერ ხერხდებოდა, ეშტონს უმეტესობა მიემხრო და, როგორც ითქვა, ეს საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელი ქალი ბლოკის მთავარი დიპლომატი გახდა. თუმცა დიპლომატიური უნარი ზედმიწევნით გამოავლინა ეშტონმა კითხვა-პასუხის დროს, როცა ის სადავო თემებს არ შეეხო და დადებითზე ილაპარაკა, პირობა დადო, რომ თავისი მუშაობის პერიოდში შეეცდება ევროპის კავშირს უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი მიანიჭოს:

„ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის შიგნით და მთელ მსოფლიოში მოწოდება ასეთია: უფრო დიდი უნდა იყოს ევროპის კავშირის აქტიურობა მშვიდობისთვის ხელშეწყობის, სუსტთა დაცვის, სიღარიბის დაძლევის და სხვა არაერთი გამოწვევის დაძლევის საქმეში. ამ მოწოდებას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ წარმმართველის და პარტნიორის როლის შეთანხმებით, ჩვენი ფასეულობების და ჩვენი ინტერესების დაცვით, იმის შესმენით, რასაც ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ და იმისთვის ზრუნვით, რომ ჩვენი ხმა შეისმინონ სხვებმა.“

მიუხედავად იმ საკითხებში გამოუცდელობისა, რაზეც მას შეკითხვები დაუსვეს, ეშტონმა მოახერხა მშვიდი ყოფილიყო და ბრიტანელი კონსერვატორების, ასევე ევროსკეპტიკოსების თავდასხმები ოსტატურად მოეგერიებინა. ისევე როგორც დეკემბერში, ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, მან ახლაც არ ისურვა პატიება ეთხოვა ბირთვული განიარაღების საქმეში ბრიტანეთის ადრინდელი აქტიურობის გამო. ვარაუდობენ, რომ ამ კამპანიებს 1970-იან და 80-იან წლებში საბჭოთა კავშირი აფინანსებდა.

ასე რომ, მთლიანად, ეშტონს არ გასჭირვებია საგარეო საქმეთა კომიტეტში შეხვედრაზე ყოფნა, რის შემდეგაც ყველა დიდი ფრაქციის დეპუტატები კმაყოფილნი იყვნენ.

რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკური მიზნების, ასე ვთქვათ, მისეულ ხედვას, კეტრინ ეშტონი შემოიფარგლა იმით, რომ თქვა, ევროკავშირი კარგად ურთიერშეთანხმებული უნდა მოქმედებდესო. ეშტონი მოწოდებით გამოვიდა, უფრო ეფექტიანი იყოს პარტნიორობა ვაშინგტონთან და უფრო მყარი ურთიერთობა რუსეთთან. ეშტონი ემხრობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეგრეთ წოდებული „ორი სახელმწიფოს“ შექმნით მოგვარების პრინციპს, სინანულს გამოთქვამს ირანის უარის გამო, შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამა, და განზრახული აქვს უფრო ფართოდ ჩართოს ევროკავშირი ავღანეთში. ამ სფეროებში უკეთ გათვითცნობიერებისათვის ეშტონი აპირებს იმოგზაუროს ვაშინგტონში, ასევე პეკინში, რუსეთში, ჩავა ახლო აღმოსავლეთშიც. უნდა ითქვას, რომ მისი თანამდებობა ითვალისწინებს ორმაგ ფუნქციას: ის ევროპის კავშირის წევრების წარმომადგენელიცაა და, ამავე დროს, ევროკომისიის, ევროკავშირის აღმასრულებელი ნაწილის, ვიცე-პრეზიდენტიც. ამდენად, ეშტონს მოუწევს დაიცვას წონასწორობა. საქმე ისაა, რომ კავშირის წევრ ქვეყნებს სრული დამოუკიდებლობა აქვთ საგარეო პოლიტიკაში. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეუძლია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება. ეშტონის თანამდებობაზე ყოფნა არსებით გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის, ბალკანეთის თუ ახლო აღმოსავლეთის მიმართ ბრიუსელის პოზიციაზე. მისი მოვალეობა უფრო სტრატეგიის დამუშავება იქნება.

არაერთმა დეპუტატმა დაუსვა მას შეკითხვა ადამიანის უფლებების პრობლემის ირგვლივ ევროპის კავშირის არაწევრ ქვეყნებში. ეშტონმა აღიარა, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ერის კულტურული და ტრადიციული განსხვავება სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს. ეშტონმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი მთავარი მიზანია, ევროკავშირის მუშაობაში შედეგებს მიაღწიოს. ეშტონი იძულებული იყო განემარტა, რას გულისხმობს ის „წყნარ დიპლომატიაში“, რომელიც არაერთხელ ახსენა. კეტრინ ეშტონმა თქვა, თუმცა ის ძალიან წყნარი არ არის, ვფიქრობ, „ხმაურიანი ან მძაფრი საჯარო დიპლომატია“ ნაკლებად ქმედითიაო“. მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს, სად ვიმყოფებით, სად არის კონფლიქტები, რისი გაკეთება შეგვიძლიაო. მისი აზრით, ევროკავშირი ამ სხვადასხვა გამოწვევის ერთმანეთთან შეჯერებით იქნება წარმატებული.

საინტერესოა ეშტონის მიდგომა ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობისადმი. ის შეეხო ამჟამინდელ მიზნებს და პრობლემებს, მეზობელი ქვეყნების მიმართ სტრატეგიაზე ლაპარაკს კი თავი აარიდა. მისი თქმით, საქართველოსა და ბელორუსიის მომავლის განსაზღვრაში მთავარ როლს შეასრულებს მათი ურთიერთობა რუსეთთან. ეს ეხება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, უკრაინასაც, რომელზე საუბრის დროსაც თქვა, ევროკავშირის პოლიტიკური მიდგომა მეზობელი ქვეყნებისადმი მათ განვითარებაზეა დამოკიდებულიო. კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებით კი შენიშნა:

„უკრაინაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 17 იანვარს და 7 თებერვალს კარგი მაგალითია. ჩვენ არ ვიცით, - და საინტერესოა, რომ არ ვიცით, - ვინ მოიგებს არჩევნებს. და, ჩემი აზრით, აღსანიშნავია, რომ არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს. იქნებ, ეს იმის ძლიერი მაჩვენებელია, რომ დემოკრატია მოქმედებს.“

რუსეთის შესახებ შეკითხვას ეშტონმა უპასუხა, ევროკავშირს სჭირდება მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც გადაჯაჭვულია ენერგეტიკულ სტრატეგიაზე და რომლის მიზანიც ენერგომატარებლების მოწოდების დივერსიფიკაცია უნდა იყოსო. რუსეთზე, თქვა ეშტონმა, უნდა მოხდეს ზეწოლა იმაში დასარწმუნებლად, რომ ენერგია არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ფაქტორია.

თავისი განზრახვა ამ საკითხში ეშტონმა არ გაამხილა და თქვა, რომ ის გადახედავს წარსულს, რათა გაარკვიოს, რუსეთთან ურთიერთობაში რამ იმუშავა და რამ ვერა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG