Accessibility links

logo-print

„ფრიდომ ჰაუსი“: მსოფლიოში, თავისუფლების მხრივ, 2009 წელსაც წარუმატებლობა მეტი იყო, ვიდრე წარმატება


ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განვლილი წლის მანძილზე მსოფლიოში წარუმატებლობა მეტი იყო, ვიდრე წარმატებები. ამ შეფასებას გამოთქვამს „ფრიდომ ჰაუსი“, შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტორიტეტიანი უფლებადამცავი ორგანიზაცია, რომელმაც სამშაბათს გამოაქვეყნა 2010 წლის ანგარიში. მასში ასახულია ვითარება მსოფლიოს 194 ქვეყანაში და 14 ტერიტორიაზე, მათ შორის უთანხმოების გამომწვევ ტერიტორიებზე, როგორიცაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. გთავაზობთ „ფრიდომ ჰაუზის“ ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, შესაბამისად, საქართველოსაც ეხება.

"ფრიდომ ჰაუსი" 1972 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურ მიმოხილვებში ასახავს ვითარებას მსოფლიოში ადამიანების თავისუფლების კუთხით. საამისოდ ის აგროვებს ინფორმაციას ფაქტორებზე, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, შეკრების თავისუფლება და თითოეულ ქვეყანას მიუჩენს სტატუსს: მას თავისუფლად, ნაწილობრივ თავისუფლად, ან არათავისუფლად მიიჩნევს.

12 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „თავისუფლება მსოფლიოში 2010“ ასახულია 2009 წლის ვითარება. ის კი ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის გამოკლებით, შეშფოთების საფუძველს იძლევა უკვე რამდენიმეწლიანი უარყოფითი ტენდენციის გაგრძელების გამო. ასეთია ანგარიშის ავტორთა ზოგადი შეფასება, თუმცა უარყოფითი ტენდენცია, როგორც ირკვევა, ყველას არ ეხება. „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის განყოფილების დირექტორი და ანგარიშის თანაავტორი, კრისტოფერ უოლკერი როგორც აღნიშნავს, საქართველოსთვის 2009 წელი შედარებით სტაბილური პერიოდი იყო წინა ორი წლის შემდეგ, რომლებიც მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტით აღინიშნა.

„განმუხტვის გარკვეული ელემენტი შეინიშნება უაღრესად მწვავე დაპირისპირებებით გამორჩეულ გარემოში, რომელიც საქართველოში 2007და 2008 წლებში ვიხილეთ. მომავალი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, დაიწყოს დამაჯერებელი ალტერნატიული პროგრამების მომზადება და შეუდგება თუ არა სააკაშვილის მთავრობა თავისი დაპირებების განხორციელებას ქვეყანაში დემოკრატიზაციის გასაგრძელებლად“, განაცხაია უოლკერმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტ ნიკოლა კრასტევთან საუბარში.

„ფრიდომ ჰაუსს“, თუ მისი კვლევითი განყოფილების უფროსის, არჩ პუდინგტონის სიტყვებს მოვიშველიებთ, „გულუბრყვილოდ არ სჯერა“ საქართველოს პრეზიდენტის. „სააკაშვილის მმართველობის დასაწყისში რამდენიმე პოზიტიური პროცესი ვიხილეთ, მაგრამ სააკაშვილს რაც შეეხება, გულუბრყვილოები არა ვართ“, ამბობს პუდინგტონი. მისივე თქმით, „ფრიდომ ჰაუსში“ ესმით, სააკაშვილისთვის უცხო არ არის იმპულსურობა და ავტორიტარიზმის ელემენტები და რომ საქართველოში რეალური პრობლემები არსებობს. „მიუხედავად ამისა, თუ ნახავთ იქაურ პრესას, იქაურ არასამთავრობო ორგანიზაციებს - საქართველოში რაღაც შესაძლებლობები არსებობს. არსებობს ძალები საქართველოში, რომლებიც წინაღამდეგობას უწევენ სააკაშვილის ყველაზე ცუდ იმპულსებს. ასე რომ, საქართველოზე ხელი ნამდვილად არ ჩაგვიქნევია“, დასძენს პუდინგტონი.

„ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგით, საქართველოს შეუნარჩუნდა „ნაწილობრივ თავისუფლის“ სტატუსი, არ შეცვლილა არც პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ შარშან მიჩენილი ქულები: 4 და 4. „ნაწილობრივ თავისუფლად“ არის მიჩნეული ვითარება აფხაზეთშიც, რომელიც უთანხმოების გამომწვევი ტერიტორიების სიაში შეუყვანიათ. თუმცა მას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ერთით უარესი - 5 ქულა მიუჩინეს, სამხრეთი ოსეთი კი „არათავისუფალია“, პოლიტიკური თავისუფლების მხრივ, ყველაზე დაბალი შესაძლო მაჩვენებლით - 7 ქულით.

ყოფილ საბჭოთა სივრცეში - გავიმეორებთ, ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის გამოკლებით - უფლებების დაცვისა და დამოკრატიულობის კუთხით ყველაზე დამაიმედებელი სურათი უკრაინაშია ასახული, შესაბამისად, მას „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგით, „თავისუფლის“ სტატუსი ენიჭება.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, უკრაინა, წარუმატებლობებისა და რთული ამოცანების მიუხედავად, რომლებიც 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომმა წლებმა მოიტანა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობის ნიმუშად რჩება.

კრისტოფერ უოლკერი შემდეგ არგუმენტებს იშველიებს: „არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში 2004 წლის მიწურულის შემდეგ გაიმართა, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, პლურალისტური იყო, პოლიტიკურ ბრძოლებში ერთმანეთს უპირისპირდებოდა მთელი რიგი ერთმანეთისაგან განსხვავებული ძალები. და საინფორმაციო საშუალებებს, მთლიანობაში, საკმაოდ ღია გარემოში შეეძლოთ ამ პროცესის კომენტირება“.

„ფრიდომ ჰაუსის“ წლევანდელი ანგარიშის მიმოხილვისას აქამდე ყოფილი საბჭოთა სივრცის იმ ორ ქვეყანაზე ვილაპარაკეთ, რომლებიც, სხვებთან შედარებით, უკეთეს შეფასებას იმსახურებს უფლებების დაცვის კუთხით. როგორც აღინიშნა, ეს, უწინარეს ყოვლისა, უკრაინას ეხება, საქართველოსადმი დამოკიდებულებაში მეტი სკეპტიციზმი ჩანს.

დანარჩენი ქვეყნები კი „ფრიდომ ჰაუსის“ გაცილებით უფრო მწვავე კრიტიკას იმსახურებენ. ამ მხრივ გამოირჩევიან თურქმენეთი და უზბეკეთი: „თურქმენეთი დედამიწაზე ყველაზე უფრო რეპრესიული ქვეყნების რიცხვში რჩება. თურქმენბაშის პერიოდის შემდეგ იყო გარკვეული შემსუბუქების ნიშნები, წინა რეჟიმთან შედარებით. მაგრამ ეს მართლაც ძალიან მცირე ცვლილებებია“, ამბობს უოლკერი. მისივე თქმით, „უზბეკეთიც კვლავაც უაღრესად ავტორიტარულია, პოლიციური სახელმწიფოს ყველა მახასიათებლით და ჩვენი რეიტინგით, ისიც ყველაზე დაბალ საფეხურზე რჩება“.

„ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენლის ამ განმარტებას დავამატებ, რომ უზბეკეთს, ისევე როგორც თურქმენეთს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 7 ენიჭებათ, როგორც პოლიტიკური თავისუფლების, ისე სამოქალაქო უფლებების შეფასების საფუძველზე.

არათავისუფალ ქვეყნებს შორის არის რუსეთიც, სადაც მიუხედავად პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის დაპირებისა, რომ აღადგენდა საჯარო დებატებს და იზრუნებდა პოლიტიკური გარემოს ლიბერალიზაციაზე, პირიქით - გაგრძელდა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის შეზღუდვის ტენდენცია.

ამ შეფასებას გამოთქვამს „ფრიდომ ჰაუსი“, რომლის ზოგადი დასკვნაც ნამდვილად არ იძლევა სიხარულის საფუძველს: თავისუფლების მხრივ მსოფლიოში 2009 წელს, ანუ ზედიზედ მეოთხე წელი, წარუმატებლობები აღემატებოდა წარმატებას, რაც ყველაზე ხანგრძლივი უარყოფითი ტენდენციაა „ფრიდომ ჰაუზის“ ანგარიშების გამოქვეყნების თითქმის 40-წლიან ისტორიაში.
XS
SM
MD
LG