Accessibility links

logo-print

კოკოითის გუნდი vs. კრემლის გუნდი?


მოსკოვის უბანი ცხინვალში

მოსკოვის უბანი ცხინვალში

ცხინვალელი ჟურნალისტი კოსტა კოშტე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩასულ მოხელეებს აკრიტიკებს. საავტორო გადაცემა „დეტექტორში“ მან რუსულ მედიაში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგიერთი რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთში ველურები ცხოვრობენ, რომლებსაც საკუთარი რესპუბლიკის მართვა არ შეუძლიათ და ამიტომ კრემლი მათ პროფესიონალი კადრებით უნდა დაეხმაროს. კოშტე იმაზეც წუხს, რომ რუსეთში განათლებამიღებული ოსები საკუთარ რესპუბლიკას უკვე აღარ ეხმარებიან.

კოსტა კოშტე (მარჯვნივ), ცხინვალის ტელევიზიის ჟურნალისტი
გადაცემის მეორე ნაწილში ოსი ჟურნალისტი დაუფარავად აკრიტიკებს იმ რუს მოხელეებს, რომლებიც რუსეთის მმართველმა პარტიამ ცხინვალში სამუშაოდ გამოაგზავნა. კოშტეს თქმით, მათ მიმართ ოსური საზოგადოების უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება, რადგან ადგილობრივ ვითარებას რთულად ერგებიან და მათი საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ, კოშტეს აზრით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ადგილობრივი კადრების მომზადება.

ცხინვალის ტელევიზიით მხოლოდ რუსი მოხელეების კრიტიკა ისმის - დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია არ ახსენებს თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერს ედუარდ კოკოითის. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი კოსტა კოშტე მის უახლოეს მეგობრად ითვლება. მისი გადაცემიდან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ პრობლემების მოუგვარებლობა მხოლოდ რუსების ბრალია. არადა, ეს ხალხი ცხინვალში კოკოითის თანხმობით ჩავიდა.

ამჟამად, დე ფაქტო რესპუბლიკის 13-კაციან მინისტრთა კაბინეტში 5 კრემლიდან გამოგზავნილი მინისტრია. პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბროვცევი ცხინვალში მაშინ ჩავიდა, როცა სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი უკვალოდ გაქრა. ბროვცევმა კი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში საკუთარი კადრების მიყვანა დაიწყო.

პირველი ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ზელიგი, ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი, ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრ ჟმაილო და თავდაცვის მინისტრი იური ტანაევი კრემლის მიერ გაგზავნილი მოხელეები არიან. ამ სიის გაცნობისას თვალნათელია, რომ ეკონომიკური გუნდი მთლიანად რუსეთის მიერაა დაკომპლექტებული და შესაბამისად, რუსეთიდან წამოსულ ფინანსებსაც ეს გუნდი აკონტროლებს. ცხინვალში კი, როგორც ჩანს, ეს ვიღაცეებს აღარ მოსწონთ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ოსი ჟურნალისტი რუსი მოხელეების კრიტიკას დამოუკიდებლად, კოკოითის ნებართვის გარეშე ვერ დაიწყებდა. კოკოითის კი, მისი აზრით, რუსულ ფინანსებს ახლოს აღარ აკარებენ, რაც მისი აღელვების მიზეზი გახდა.

შიდა დაპირისპირება - კოკოითის გუნდსა და მის მთავრობაში რუსულ გუნდს შორის - ჯერ ღიად არ ჩანს, მაგრამ ოსური მედიით გასული მასალები ცხადყოფს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში გავლენათა გადანაწილებისთვის დაუნდობელი ბრძოლა უკვე დაიწყო.
XS
SM
MD
LG