Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ოთხი ოფიციალური გადასასვლელი არსებობს


აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვარი
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვარი
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, ოთხი ოფიციალური გადასასვლელი არსებობს, რომელსაც ადგილობრივები სპეციალური საშვებითა და სხვა დოკუმენტებით კვეთენ.

ზუგდიდში დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა შესაძლებელია, პრობლემებს ის მოქალაქეები აწყდებიან, რომლებიც ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოდიან და, პირიქით, რადგან, კილანავას თქმით, გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში მიღებული საშვი ყველა მოქალაქეს არ გააჩნია. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებს აკავებენ და გალის მილიციაში გადაჰყავთ, სადაც, ჯარიმის სახით, გარკვეულ თანხას ახდევინებენ. ”ყველა გადასასვლელს რუსი სამხედროები აკონტროლებენ”, - ამბობს კილანავა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელ თორნიკე კილანავასგან განსხვავებით, გალელი რესპონდენტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ზუგდიდში გალის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გაჩერებაზე გაესაუბრა, აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის იმ პერიმეტრზე, სადაც საგუშაგოებია განთავსებული, აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან და მიმოსვლას ისინი აკონტროლებენ. ”რუსი არ გვინახავს საზღვარზე. ჩვენ აფხაზებმა შეგვიმოწმეს საბუთები. ცნობისთვის, გალში არაფერი ხდება განსაკუთრებული. სოფლებში რა ვითარებაა, ვერაფერს გეტყვით”, - ამბობენ გალელები.

მიმდინარე კვირას ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ აფხაზი მესაზღვრეები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თხრილების გაკეთებას დე ფაქტო პრეზიდენტის, მეორე ვადით არჩეული სერგეი ბაღაფშის, ინაუგურაციამდე გეგმავენ. აღნიშნული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში არ დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ე.წ. საზღვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანუ აფხაზეთის მხარეს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საფორტიფიკაციო ნაგებობები იქნა აღმართული. ე.წ. საზღვრის გასწვრივ თხრილების გაკეთებას არც ოკუპირებული გალის მცხოვრებლები ადასტურებენ.
XS
SM
MD
LG