Accessibility links

logo-print

ახალი რეალობა, რომელსაც ნატო უნდა მოერგოს


მედლინ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი

მედლინ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაძლიერება კოლექტიური თავდაცვითი ამოცანებისათვის, ალიანსის საზღვრებს გარეთ მიმდინარე მისიის დაბალანსება წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მოთხოვნებთან - ეს იყო პრაღაში გამართული ნატოს კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხები. ნატოს კონფერენციას პრაღაში შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი უძღვებოდა.

დადგა დრო, “ნატომ შეასრულოს პირობა და უზრუნველყოს თავისი წევრების უსაფრთხოება უფრო და უფრო სახიფათო სამყაროში” - შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მედლინ ოლბრაიტმა ეს განცხადება პრაღაში 12 იანვარს, ნატოს საერთაშორისო კონფერენციის გახსნის დროს, გააკეთა. ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ხელმძღვანელობდა ექსპერტთა იმ პანელს, რომელზეც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტი მუშავდებოდა. თავად დოკუმენტში, რომელიც ნატოს ლისაბონის სამიტზე აპრილში უნდა დაამტკიცონ, ხაზგასმული იქნება ალიანსის ძირითადი პრიორიტეტები.

პრაღაში გერნინსკის სასახლეში გამოსვლისას მედლინ ოლბრაიტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიანსი 10 წლის წინანდელი სტრატეგიით მოქმედებს.

“ბოლო სტრატეგიული კონცეფცია შემუშავდა 1999 წელს, მანამდე, ვიდრე ნატოს ახალი აქტიური წევრები შეემატებოდნენ და 2001 წლის 11 სექტემბერი მოხდებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, 60 წლის ალიანსს – ზოგიერთი ჩვენგანი ცოტა უფრო ასაკოვანიც არის – სჭირდება თავისი ფიცის განმეორება, ფიცისადმი ერთგულების ხელახლა დადასტურება.”

სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობის დაწყება დაემთხვა ვითარებას, როდესაც ნატოს ახალი წევრები - წარსულში ყოფილი საბჭოთა ბანაკის სატელიტიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - შეშფოთებულნი არიან რუსეთის გაძლიერებით და იმით, თუ რამდენად შესწევს ძალა ევროატლანტიკურ ალიანსს, დაიცვას ისინი. ასეთი შეშფოთება განსაკუთრებით ძლიერია პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, სადაც ფიქრობენ, რომ ნატოს აღმოსავლეთი საზღვრები, დიდწილად, დაუცველია.

კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში მის დასაცავად მთელი ალიანსი უნდა გამოვიდეს, არ შესრულდება, თუკი რუსეთი ვარშავის პაქტის რომელიმე ყოფილი ვასალის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ივლისში აღმოსავლეთ ევროპის ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა ეს თავისი შეშფოთება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასადმი გაგზავნილ ღია წერილშიც გამოხატეს.

ალექსანდრ ვონდრამ, ჩეხეთის სენატის წევრმა, ცოტა ხნის წინ გაიმეორა, რომ “ახალ წევრებს სჭირდებათ იმის ხელახლა დამტკიცება, რომ კოლექტიური Eთავდაცვის ვალდებულება სერიოზულად არის აღებული.”

მედლინ ოლბრაიტი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, პრაღაში შეეცადა ასეთი შიშის გაქარწყლებას და განაცხადა, რომ ნატოსათვის ცენტრალურია მეხუთე მუხლიც და რუსეთთან ურთიერთობის ხელახლა გადატვირთვაც:

“ეჭვგარეშეა, მთავარი იდეა არის მოკავშირეთა დარწმუნება, რომ მე-5 მუხლი ცენტრალურია ნატოს ალიანსისთვის და, იმავდროულად, ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ხელახლა გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან.“

მაგრამ როცა საუბარი ნატოს კოლექტიურ თავდაცვისუნარიანობას ეხება, საქმეს კიდევ ერთი გარემოება ართულებს. ესაა ე.წ. საზღვრებს გარეთ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია, კერძოდ, ნატოს მისია ავღანეთში. ალიანსის ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობს, რომ ავღანეთში ნატოს იმდენად დიდი სამხედრო ძალა ჰყავს გადასროლილი, რომ ალიანსს საკმაოდ მცირე საშუალება რჩება თავისი მთავარი სტრატეგიული თავდაცვითი ამოცანის შესასრულებლად.

ბრატისლავაში გასული წლის ოქტომბერში გამართულ ნატოს საერთაშორისო კონფერენციაზე ცალკე ნატოს ახალი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ცალკე შეერთეული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ ცდილობდა გაექარწყლებინა ეს შიში. ვერშბოუმ ბრატისლავაში განაცხადა, რომ უნდა იქნეს “გამოძებნილი სწორი ბალანსი ძველსა და ახალ ამოცანებს შორის”.

12 იანვარს, პრაღაში სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მედლინ ოლბრაიტმა განაცხადა, რომ ნატოს მისია ავღანეთში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ალიანსის წევრების უსაფრთხოებისათვის.

“ვფიქრობ, ნატოს საზღვრებს გარეთ მიმდინარე ოპერაციები ისეთი სტაბილურობის შექმნის ნაწილია, რომელიც 21-ე საუკუნეში არა მხოლოდ უშუალოდ ნატოს წევრებისათვის არის აუცილებელი, არამედ ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც.”

იმავდროულად, მედლინ ოლბრაიტმა განაცხადა, რომ ნატო ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. “ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსთან, რომლის მნიშვნელობაც განუზომელია სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის”, – განაცხადა ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა და დასძინა, “საჭიროა ნატომაც მოახერხოს საკუთარი თავის ადაპტაცია ახალ ვითარებაშიო.”
XS
SM
MD
LG