Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობი და გამოჩენილი სოლომონი


სოლომონ კატნერ (1902-1988), პიანისტი
სოლომონ კატნერ (1902-1988), პიანისტი
ისტორია საკმაოდ ხშირად, სხვადასხვა მიზეზთა გამო, უსამართლოდ ექცევა გამოჩენილ პიროვნებებს. ამ თვალსაზრისით მუსიკის - კერძოდ კი, პიანიზმის - ისტორია გამონაკლისს არ წარმოადგენს. დღესდღეობით ბევრ პროფესიონალ მუსიკოსს არც კი გაუგია სოლომონის სახელი - სახელი პიანისტისა, რომელმაც თავის დროზე დიდი ხელოვანის სტატუსი მოიპოვა.

ლონდონში 1902 წლის 9 აგვისტოს დაბადებულმა სოლომონ კატნერმა კლარა შუმანის მოწაფე მატილდა ვერნესთან მიიღო საწყისი მუსიკალური განათლება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისტ-ენდის ღარიბი მკერავის შვილმა, 7 წლის ასაკში, ახლობლები ჩაიკოვსკის უვერტიურის - ”1812 წლის” - საფორტეპიანო ინტერპრეტაციის შესრულებით გააოცა. გასაკვირი არ არის, რომ საჯარო გამოსვლები სოლომონმა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. ბიჭუნას, თურმე, თვით ინგლისის დედოფლისთვისაც კი დაუკრავს. 8 წლის ვუნდერკინდმა ლონდონში, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. სწორედ იმხანად მან, ასე ვთქვათ, ”დაკარგა” თავის გვარი და შემდგომში უკვე მხოლოდ სოლომონის სახელით გამოდიოდა სცენაზე. დირიჟორ ჰენრი ვუდის რჩევით, ახალგაზრდა პიანისტმა სწავლა პარიზში, ლაზარ ლევისა და მარსელ დიუპრესთან განაგრძო, თუმცა მცირე ხნით დაკარგა ინტერესი ფორტეპიანოსადმი, რომელსაც 1924 წელს ისევ დაუბრუნდა. ევროპისა და შეერთებული შტატების ქალაქებში გასტროლებმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა. ფართო მსმენელს იზიდავდა ახალგაზრდა პიანისტის მაღალი ვირტუოზობა და ინტერპრეტაციის რომანტიულობა. აღსანიშნავია, რომ გამოსვლის დროს ის თითქმის გამორიცხავდა საკუთარ არტისტულ ”ეგოს” და ცდილობდა რაც შეიძლება ზუსტად ეჩვენებინა კომპოზიციის ავტორის ჩანაფიქრი. სოლომონმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატებისა და კონცერტების შესრულებით, თუმცა იშვიათად წერდა ამ ნაწარმოებებს გრამფირფიტებზე. ბრწყინვალედ ჟღერდა მისი შესრულებით აგრეთვე მოცარტის, შოპენის, ბრამსის და დებიუსის პიესები. პიანისტის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა ახალ ნაწარმოებებს. მაგალითად, ნიუ-იორკის 1939 წლის მსოფლიო გამოფენაზე სოლომონი აუდიტორიის წინაშე არტურ ბლისის ახალი საფორტეპიანო კონცერტით წარდგა. მოგვიანებით ეს ნაწარმოები მან პრესტიჟულ ფირმა EMI-ს გრამფირფიტაზე ჩაწერა. მეორე მსოფლიო ომის დროს პიანისტი გამოდიოდა ფრონტებზე, ხოლო საკონცერტო დარბაზებში გამართული კონცერტებიდან მიღებულ ჰონორარს, როგორც წესი, ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების სხვადასხვა ფონდებს ურიცხავდა.

ომის შემდეგ სოლომონი კონცერტებს მართავდა სხვადასხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მისი გასტროლები შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იმ პერიოდში პიანისტი არ დათანხმა ვილჰელმ ფურტვენგლერთან ერთად ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტის ჩაწერაზე იმის გამო, რომ დიდი გერმანელი დირიჟორი ნაცისტებთან თანამშრომლობდა. 1946 წელს სოლომონს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი.

1955 წელს სოლომონი ზინო ფრანჩესკატისა და პიერ ფურნიესთან ერთად საფორტეპიანო ტრიოთი წარდგა ედინბურგის ფესტივალის მსმენელთა წინაშე. სამი გამოჩენილი მუსიკოსის ერთობლივმა გამოსვლამ დიდი წარმატებით ჩაიარა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ პიანისტის საშემსრულებლო კარიერა უცაბედად შეწყდა - მიღებული ინსულტის შედეგად, მისი ხელები სიცოცხლის ბოლომდე პარალიზებული დარჩა. სოლომონი 1988 წელს გარდაიცვალა. მუსიკოსის სიკვიდილის შემდეგ ბევრი მისი მანამდე უცნობი ჩანაწერი გამოიცა. ზოგიერთმა საქმეში ჩაუხედავმა კრიტიკოსმა იფიქრა, რომ ეს მუსიკოსის ახალი ჩანაწერები იყო, იმდენად საინტერესოდ და ახლებურად ჟღერდა შესრულებული ნაწარმოებები.
XS
SM
MD
LG