Accessibility links

logo-print

ცესკოს თავმჯდომარის ბედი, სავარაუდოდ, პარლამენტში გადაწყდება


პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი სამი კანდიდატურიდან, რომლებიც მან მე-3 სექტორის მიერ რეკომენდებული კანდიდატურებიდან შეარჩია, ერთ-ერთი უნდა აირჩიოს კომისიის წევრთა ოპოზიციურმა ნაწილმა. კენჭისყრა 14 იანვარს გაიმართება. მაგრამ თუკი 6 ასეთი წევრიდან 4-ის ხმას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს. სავარაუდოდ, ეს სწორედ ასეც მოხდება იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა 13 იანვარს გააკეთეს.

იმის პროგნოზირებისთვის, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს, მარტივი არითმეტიკაც საკმარისია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ კომისიაში წარმოდგენილი 6 ოპოზიციური პარტიიდან სამმა უკვე თქვა უარი პროცესში მონაწილეობაზე, უკვე ცხადია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 4 ხმის შეგროვება ვეღარ ხერხდება. უარის მთქმელთა შორისაა საქართველოს კონსერვატიული პარტია, რომლისთვისაც წარმოუდგენელია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან ერთი რომელიმეს შერჩევა, რადგანაც პარტია ”ვერანაირ რეალურ სხვაობას ვერ ხედავს” თავისუფლების ინსტიტუტის მიერ დასახელებულ ლევან თარხნიშვილს, გაეროს ასოციაციის მიერ დასახელებულ ოთარ სიჭინავასა და ფონდ „ალპეს“ მიერ დასახელებულ ზურაბ ხარატიშვილს შორის. პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურისთვის სამივე კანდიდატი ”ხელისუფლების სატელიტი კანდიდატია”:

”ხელისუფლება ისევ აპირებს არჩევნების შედეგებით მანიპულირებას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ, დაე, ეს პასუხისმგებლობა იყოს ისევ ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის კისერზე. ჩვენ რატომ უნდა ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა?! დაე, დატოვონ თარხნიშვილი... არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება მთავრობის სატელიტ პერსონებზე პოლიტიკურად სწორი იქნებოდა. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ არავითარ შემთხვევაში...”

კონსერვატიული პარტია აცხადებს, რომ ვინც უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ოპოზიცია გაიმარჯვებს და, რაც მთავარია, ის ბოლომდე დაიცავს თავის გამარჯვებას. ამ აზრს პრაიმერის ინიციატორი სხვა პარტიებიც უერთდებიან და მათ შორის არის ნოღაიდელის პარტიაც - „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“. მაისის არჩევნებზე მიღებული ხმების დაცვასთან კავშირში 14 იანვარს ნოღაიდელმა სიტყვა ”რევოლუციაც” ახსენა:

”ჩვენ არავის არჩევნებს არ გავაყალბებინებთ ამჯერად. კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები საქართველოში დამთავრდება აუცილებლად აჯანყებით და რევოლუციით. ეს მინდა, ყველას კარგად ესმოდეს... ”

დავუბრუნდეთ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობას და კომისიის წევრთა ოპოზიციურ ნაწილს, რომელმაც პრეზიდენტის მიერ 13 იანვარს წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ერთი უნდა აირჩიოს. კონსერვატორების გარდა, 14 იანვრის კენჭისყრაში მონაწილეობაზე მტკიცე უარი უკვე განაცხადა რესპუბლიკურმა პარტიამ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის, განცხადებით, სამი კანდიდატიდან რესპუბლიკელების მხარდაჭერას ვერც ერთი ვერ მიიღებს, თუმცა ეს არჩევნებში მონაწილეობაზე, გამარჯვებასა და ”ქვეყანაში ცინიზმის დამთავრებაზე” უარის თქმას არ ნიშნავს. ასევე ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ცესკოში ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის ხმას.

”ჩვენ წარმოდგენილი კანდიდატებიდან არც ერთს არ ვუჭერთ მხარს და მეტსაც გეტყვით: ქმედება, რასაც ჰქვია ცესკოს თავმჯდომარის ასე არჩევა, უკანონოა და ჩვენ მასში მონაწილეობას არ ვღებულობთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იოსებ შატბერაშვილმა.

ამრიგად, 6-დან 3 ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13-კაციან შემადგენლობაში, 14 იანვრის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და, როგორც ვთქვით, თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 4 ხმის შეგროვება პრაქტიკულად გამორიცხულია.

შესაბამისად, გარკვეულწილად აზრს კარგავს კონსულტაციები, რომლებსაც ცესკოს ოპოზიციური სპექტრის დარჩენილი სამი პარტია აგრძელებს. თუმცა პარტიები: ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ”ჩვენ თვითონ” მაინც ცდილობენ მიაღწიონ კონსენსუსს არჩევანის გასაკეთებლად ოთარ სიჭინავასა და ზურაბ ხარატიშვილის კანდიდატურებს შორის, რადგანაც ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან თარხნიშვილის დატოვებას ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თარხნიშვილის კანდიდატურის დასახელებას ”პოლიტიკური პარტიების შანტაჟიც” კი უწოდა.

ხსენებული სამი პარტიის მიერ სიჭინავასა და ხარატიშვილს შორის არჩევანის გაკეთების სურვილი განპირობებულია იმ მოლოდინით, რომ, თუკი პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ ლევან თარხნიშვილს ექნება. 14 იანვარს პრეზიდენტის სახელით მისმა პრესსპიკერმა განმარტა, რომ ლევან თარხნიშვილი აპოლიტიკური კანდიდატურაა, რომელიც დასახელებულია მე-3 სექტორის მიერ და რომ მისი შერჩევის მთავარი არგუმენტი მაღალი პროფესიონალიზმია.
XS
SM
MD
LG