Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზის მოსახლეობა სახლების რეაბილიტაციის დასრულებას მოითხოვს


სოფელ ნიქოზის მოსახლეობის ნაწილი სახლების რეაბილიტაციის დასრულებას მოითხოვს. აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ აღდგენითი სამუშაოები დღემდე ვერ დასრულდა. პირველ რიგში დაზიანებული სახლების სახურავები გამოიცვალა, მაგრამ შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები გაჭიანურდა. ახლაც ნიქოზში არაერთ სახლს კედლები დაზიანებული აქვს, ზოგან კი ფანჯრები ისევ ჩამტვრეულია. ზამთრის სეზონზე სხვადასხვა ორგანიზაციამ მოსახლეობისთვის მცირეოდენი შეშა შეიტანა, მაგრამ, როგორც ნიქოზელები აცხადებენ, ეს საკმარისი არ არის, რადგან შუშებჩამსხვრეულ სახლებში სითბოს შენარჩუნება შეუძლებელია.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეგიონში სამშენებლო მასალების შემოტანა უკვე დაწყებულია და ნიქოზში სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე განახლდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის თქმით, ნიქოზის გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო დაზიანებული სახლები სხვა სოფლებშიც არის და, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულიდან სამუშაოები ყველგან დაიწყება.

რამდენიმე დღის წინ გორში გამართულ მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოს, პრეზიდენტის პროგრამის „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში კი, პრიორიტეტი გორის რაიონის დაზარალებულ სოფლებს მიენიჭოს. ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის თქმით, მომავალ ზამთრის სეზონს რაიონის სოფლების ნაწილი გაზიფიცირებული შეხვდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი სოფელი, ნიქოზი და ერგნეთი, ყველაზე მეტად დაზარალდა. ერგნეთში სახლების 80 პროცენტი დამწვარია. ამ სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე არც ტყეა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეშა მოიმარაგოს. მოშორებით არსებული ტყეები კი რუსულ და ოსურ სამხედრო დაჯგუფებებს აქვთ ოკუპირებული და იქ შესვლა სახიფათოა. რამდენიმე წლის წინ ნიქოზის მიმართულებით ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ სამუშაოები ვერ დასრულდა. ახლა ნიქოზელებს იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი მათ სოფელშიც შევა და ერთი დიდი პრობლემა მოიხსნება.
XS
SM
MD
LG