Accessibility links

კანადელი მოდელი ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის სახედ იქცა


ჩეჩნეთის ტელევიზიას სრულიად ახალი სახე ჰყავს: ეს არის კრისტალ კალაჰანი, კანადელი მოდელი ქალი, რომელმაც პოდიუმზე დგომას ტელეწამყვანის კარიერა არჩია - თანაც, ომით განადგურებულ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ჩეჩნეთის მოქალაქეთა ნაწილი მიესალმება ცისფერ ეკრანზე კრისტალ კალაჰანის გამოჩენას, რითაც ნაკლებად ცნობილი რესპუბლიკა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა კანადური წარმოშობის ტელეწამყვანს ზოგიერთი პრეზიდენტ რამზან კადიროვის პროპაგანდისტული მანქანის ნაწილად მიიჩნევს.

კრისტალ კალაჰანს უყვარს საყიდლებზე სიარული, ტანსაცმლის კერვა და სამზარეულოში ტრიალი. მისი საკვირაო პროგრამა,“მთელი კვირა კრისტალ კალაჰანთან ერთად”, ძირითადად, ეთმობა სილამაზესა და მოდას, გაჯერებულს ფოლკლორითა და მუსიკით. ვინც მის პროგრამას ნახავს, ვერ იფიქრებს, რომ კანადელ წამყვანს გადაცემა მიჰყავს ჩეჩნეთზე, სადაც ათასობით მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და სადაც, როგორც ამბობენ, მრავალი გვამი რჩება მასობრივ სამარხებში, რომლებითაც სავსეა ჩეჩნეთის რესპუბლიკა. თუმცა კრისტალ კალაჰანმა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ცხოვრება სულაც არ არის იმაზე მეტად სახიფათო, ვიდრე ჩიკაგოსა და მეხიკოში:

”მე თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ. მე ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს იმიტომ აქვს პრობლემა და იმიტომ შეიძლება ეშინოდეს ჩეჩნეთში ჩამოსვლისა, რომ ძალიან უარყოფითი პრესა არსებობს. როგორც წესი, იმ ამბებში, რომელსაც დასავლეთის მედია აშუქებს, ჩეჩნეთზე კარგი არაფერია ნათქვამი და მე ვფიქრობ, რომ პრობლემა სწორედ ეს არის.”

სწორედ ამიტომ, როგორც კალაჰანი ამბობს, მისი საკვირაო პროგრამა შეგნებულად უვლის გვერდს პრობლემებსა და ნეგატიურ საკითხებზე საუბარს:

“საღამო მშვიდობისა, მე ვარ კრისტიან კალაჰანი და თქვენ კვირის მთავარ ამბებს უყურებთ.”

კალაჰანი ამბობს, რომ მან ოცნება შეისრულა და სულაც არ ნანობს, რომ მოდელის კარიერა წამყვანობაში გაცვალა. წამყვანი ქალი, რომელიც ეკრანზე თავსაფრით ჩნდება, იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩეჩნეთის იმიჯის შეცვლას და იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ამბოხება და ომი წარსულს ჩაბარდა.

თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ჩეჩნეთზე მისი წარმოდგენა ცალმხრივია. ისინი ადანაშაულებენ კალაჰანს იმაში, რომ დიდ ფულად მიეყიდა მოსკოვის ფავორიტ პრეზიდენტ რამზან კადიროვს, რომელიც აგრესიული ფორმით ნერგავს პიროვნების კულტს და ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს.

კალაჰანი არ ამხელს, რა მოცულობის გასამრჯელოს იღებს, თუმც იცავს საკუთარ პროგრამას და ამბობს, რომ პროპაგანდასთან მას არაფერი აქვს საერთო:

“მე ვცდილობ უკეთესი მხრიდან დავინახო ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ კულტურა და ტრადიციები. მე ვსაუბრობ ადამიანებსა და ისტორიებზე, რომლებიც სასიკეთო გავლენას ახდენენ რესპუბლიკაზე. მე კიდევ ერთხელ შევამოწმე ლექსიკონში, რომ სიტყვა „პოზიტიური“ არ არის პროპაგანდის შესატყვისი.”

თავად კალაჰანი არ მალავს, რომ მას მოსწონს პრეზიდენტი კადიროვი, მოხიბლულია “მისი სიბრძნით და იუმორის ნიჭით.” ამიტომაც ჩეჩნეთის ტელევიზიის კანადური წარმოშობის ტელეწამყვანის, კრისტალ კალაჰანის, გადაცემებში დიდი ადგილი ეთმობა პრეზიდენტ რამზან კადიროვს, რომელიც კადრებში ჩანს, თუ როგორ ხსნის ხან ჰოსპიტალს, ხან სკოლებს და ხანაც თეთრ საბურველს აცლის ახალ-ახალ ძეგლებს.

კადიროვის რეჟიმის მიმართ არსებული მყარი რწმენა კანადელ ტელეწამყვანში ჩეჩნეთის უფლებადამცველების - მათ შორის, ნატალია ესტემიროვას - საზარელი მკვლელობის ისტორიამაც ვერ შეარყია.

მიუხედავად მისი კარიერის შესახებ აზრთა სხვადასხვაობისა, კრისტალ კალაჰანი არ აპირებს ჩეჩნეთიდან წასვლას. ცოტა ხნის წინ მან სახელმწიფო ტელევიზიასთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კიდევ უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს ომის შემდგომ რეგიონში.

კრისტალ კალაჰანმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით “მოდელის ჩეჩნური დღიურები”, და საკუთარი თავი მუსიკაშიც მოსინჯა, გამოუშვა რა ჩეჩნურად შესრულებული სიმღერა.
XS
SM
MD
LG