Accessibility links

საქართველო ნატოსგან 2010 წლის ”საშინაო დავალებას” მიიღებს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი (მარცხნივ) და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, გიორგი ბარამიძე

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი (მარცხნივ) და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, გიორგი ბარამიძე

ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული 2010 წლის სამოქმედო გეგმა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დამტკიცდება. სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, პროექტი მომზადებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. კვლავაც დიდი ყურადღება ექცევა დემოკრატიის განვითარების აუცილებლობას.

ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველო უკვე მეორე წლის ”საშინაო დავალებას” ელოდება. 2010 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი ნატოს წევრი ქვეყნების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა დამტკიცდეს და მის შესრულებას ქვეყანა, სავარაუდოდ, თებერვლიდან შეუდგება. წინამორბედის მსგავსად, საჯარო არც ამ ახალი გეგმის შინაარსი გახლავთ. თუმცა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დოკუმენტის ძირითად აქცენტებს მაინც ასახელებს. ჩამონათვალში შედის, მაგალითად: რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უნდა გაგრძელდეს; ცალკეული სტრატეგიული დოკუმენტები, რომელთა გადასინჯვაც უნდა გაგრძელდეს, რუსეთთან ომის გაკვეთილების გათვალისწინებით; ცვლილებები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სრტუქტურებს შეეხება.

”...ასევე ეს დოკუმენტი მოიცავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. საუბარია როგორც მედიის თავისუფლების ხარისხსა და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელებაზე, ისე სასამართლოს რეფორმის მიმართულებით მეტის გაკეთებაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და ამ წელს ჩასატარებელი არჩევნების ყველანაირი მოსამზადებელი ეტაპის შესაბამისად წარმართვაზე და, ბუნებრივია, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე... ასევე ეს დოკუმენტი ეხება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ფინანსურ სტაბილურობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას და საგარეო პოლიტიკის გეგმებს”, - აღნიშნა ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, 2010 წლის სამოქმედო გეგმა განმარტავს, ”თუ რა ექნება დაგეგმილი საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობის კუთხით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით. ასევე განიხილება ურთიერთობა აშშ-თან, ევროკავშირთან. და ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საზოგადოების ინფორმირებას ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ.”

ის, რომ ჩამონათვალში მნიშვნელოვანი აქცენტები სწორედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით კეთდება, სავსებით ბუნებრივად მიაჩნია უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს, რადაგანაც ”ნატოს წევრ ქვეყნებს, პირველ რიგში, დემოკრატიული სისტემა აერთიანებთ.” ეს არის აუცილებლად შესასრულებელი ნორმა, თუმცა მისი შესრულება ვერ იძლევა ნატოში გაწევრიანების გარანტიას:

”რაც უნდა დავაკმაყოფილოთ ის სტანდარტები, რასაც ნატო ჩვენგან მოითხოვს, შეიძლება არ იყოს საკმარისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც 29 ქვეყანა იღებს კონსენსუსის სახით, მაგრამ ნატო ჩვენ გვაჩქარებს, ვიყოთ მზად იმ დროისთვის, როდესაც შეიძლება შესაბამისმა საერთაშორისო პოლიტიკურმა მოცემულობამ მოგვცეს საშუალება სწრაფად გავხდეთ ალიანსის წევრი.”

ნატოს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორის ექსპერტები ასახელებენ როგორც რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე ნატო-რუსეთის დამოკიდებულებასა და მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას. თუმცა ალიანსი ერთგული რჩება ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო და უკრაინა ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები და ეს დეკემბერში მოსკოვში სტუმრობის დროსაც გაიმეორა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. თუმცა არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ნატოს კარი გაიღება მხოლოდ მაშინ, ”როდესაც ეს ორი ქვეყანა ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.”

სწორედ ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა საქართველოს მიერ 2009 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების განხილვის პროცესს. ყოველწლიური ეროვნული პროგრამის პირველი წლის ”საშინაო დავალება” პირველად 18 ნოემბერს ბრიუსელში ელჩების დონეზე შეფასდა. განხილვის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ:

”შეფასების არსი იყო ის, რომ საქართველომ პროგრესს ბევრ სფეროში მიაღწია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურის მრავალმხრივი გადახედვის წარმატებული დასაწყისი, ასევე დიალოგი საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ელჩებს, ძირითადად, დადებითი შეფასება ჰქონდათ, თუმცა აღინიშნა შემდგომი პროგრესის საჭიროება, რასაც ნატო შეუწყობს ხელს.”

საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის 2009 წლის ნაწილის შესრულებამ დაახლოებით იგივე შეფასება დაიმსახურა 3 დეკემბერსაც, როდესაც ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარდა.

სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ ალიანსი "დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2010 წლის გაზაფხულზე" და რომ საქართველომ უნდა "გააღრმავოს მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები".
XS
SM
MD
LG