Accessibility links

logo-print
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო, დღეიდან, ერთი წლით, ყაზახეთის თავმჯდომარეობით იმოქმედებს. ამ 56 წევრიანი ორგანიზაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იბარებს ხელმძღვანელობას, რასაც დადებითი მხარეცა აქვს და უარყოფითიც, ამბობს ეუთოს ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ სტუბი.

სტუბის აზრით, მართალია, ეუთო მხოლოდ კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ თავმჯდომარეს დიდი მნიშვნელობა აქვს ეუთოსა და თვით ამ ქვეყნისთვის. ყაზახეთს რაც შეეხება, აქ დადებითი ისაა, სტუბის აზრით, რომ ასტანა ზედმიწევნით მოემზადა ახალი ამოცანისთვის, აქვს ამბიციური გეგმები და, მთლიანობაში, ამ ქვეყნის თავმჯდომარეობა დადებით მომენტებთანაა დაკავშირებული. მაგრამ საკუთრივ შუა აზიის ამ ქვეყანაში არის პრობლემები, ადამიანის უფლებების მხრივ, რომლებითაც ეუთო თვითონ არის დაკავებული. სტუბი ფიქრობს ასევე, რომ ეუთო საუკეთესო არენაა რუსეთთან, პრეზიდენტ მედვედევთან, ევროპის უსაფრთხოების მისეული „ახალი არქიტექტურის“ გარშემო სასაუბროდ. და არამხოლოდ ამ კონტექსტში. ეუთოს დაარსებიდან 35 წელი გავიდა და, სტუბის აზრით, საჭიროა რეფორმები. ექნება თუ არა რუსეთს მეტი და საგანგებო გავლენა ეუთოზე, რომლის თავმჯდომარე ყაზახეთთან კრემლს ახლო ურთიერობა აქვს? სტუბი ამ შეკითხვას გადაჭრით ვერ უპასუხებს და ამბობს, ამაზე ნაადრევია ლაპარაკიო. რაც შეეხება საქართველოში ეუთოს მისიის გაუქმების თემას და მისი აღდგენის პერსპექტივას, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეკითხვას ასე უპასუხა:

ალექსანდერ სტუბი: „ჩემი აზრით, ამ მხრივ, პერსპექტივა, გულწრფელი რომ ვიყო, არ არის ნათელი. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამ საკითხში მე პირადად ვიყავი ჩართული ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოში ეუთოს მისია გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.“


თავისუფლება:
მოიძებნება თუ არა საქართველოში მისიის დახურვის გამართლება ან არგუმენტი, გარდა გეოპოლიტიკურისა?

ალექსანდერ სტუბი: „ჩემი აზრით, გეოპოლიტიკა აქ დიდ როლს თამაშობს. თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, თავმჯდომარის საშუალებების, შესაძლებლობებისა და უნარის შესახებ, გავიმეორებ, რომ ბევრს ვერ გააკეთებთ, როცა საქმე გაქვთ კონსენსუსის პრინციპთან. ყველა უნდა მიემხროს მისიის გაგრძელებას და თუკი ერთი ქვეყანა წინააღმდეგია, ვერაფერს გააწყობთ.“

თავისუფლება:
პირადად თქვენ მოუწოდებთ თუ არა ყაზახეთს, როგორც ეუთოს თავმჯდომარეს, მოსთხოვოს რუსეთს შეცვალოს ამ სფეროში პოზიცია?

ალექსანდერ სტუბი: „კი, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, მოითხოვონ ეს, რადგან ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა. თბილისში მისიის შენარჩუნება ძალიან საჭირო იქნებოდა“, უთხრა ჩვენს კორესპონდენტს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG