Accessibility links

logo-print

რუსეთში „ახალი დრამა“ უარს ამბობს ჩეხოვზე


სცენა მაქსიმ კუროჩკინის პიესიდან

სცენა მაქსიმ კუროჩკინის პიესიდან

„ახალ დრამად“ მოინათლა თეატრალური მოძრაობა რუსეთში, სადაც მედიაში პოლიტიკურ თემაზე ღია სჯა-ბაასი დაუშვებელია და სწორედ დრამატურგების ერთმა ჯგუფმა იკისრა შეევსო ეს დანაკლისი. ვინმეს შეიძლება არც მოსწონდეს თეატრის პოლიტიზება, მაგრამ იმდენად მთავრობის კრიტიკა არ უნდა იყოს „ახალი დრამის“ საგანი, რამდენადაც ტაბუდადებული თუ პრესასა და რადიოში, ასევე ტელევიზიაში ცენზურის მიერ აკრძალული თემები.

ეს „რევოლუცია“ დრამატურგიაში რუსეთის პატარა თეატრებსა და სტუდიებში დაიწყო. ეს თეატრები რუსულ კლასიკას, ჩეხოვსა და მისთანათ, აღარ სწყალობენ და მხოლოდ სოციალურად აქტუალურ სფეროებზე მუშაობენ. და ამ ახალგაზრდა დრამატურგების მიმართ ინტერესმაც დასავლეთში გაიღვიძა. ლიბერალური მიმართულების თეატრები დგამენ ისეთ დრამებს, როგორიცაა იური კლავდიევის „იმიერპოლარული სიმართლე,, ან მაქსიმ კუროჩკინის „არაყი, წერაობა და ტელევიზორი“. კლავდიევის დრამა ეხება სფეროს, რომელზეც რუსეთის ხელისუფალთ არ სურთ ვინმემ სიმართლე ილაპარაკოს, - შიდსს. 35 წლის დრამატურგმა, რომელმაც წერა ადრე დაიწყო, თავიდან ჟურნალისტი იყო და მხოლოდ შემდეგ გახდა მწერალი, თავისი დრამა დააფუძნა ინტერვიუებს, რომლებიც იმუნოდეფიციტური ვირუსის მატარებელ პირებს ჩამოართვა. პიესის გმირები ამ ვირუსის სამი მატარებელია. აღწერილია მათი საზოგადოებისგან გარიყვა. კუროჩკინის პროვოკაციული ნაშრომი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ეხება ერთი კაცის დაცემას, რასაც, პიესის მიხედვით, იწვევს დღევანდელ, ასე თქვათ, პუტინის რუსეთში სამი რუსული მანკიერება: არაყი, სექსი და ტელევიზორი. მოსკოვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეატრში, „ტეატრ.დოკად“ წოდებულ სტუდიაში, 2006 წლის სეზონი ამ პიესებით გაიხსნა. კუროჩკინი უკრაინელი დრამატურგია, ის თავის აზრს გვიზიარებს თეატრის მიზნის შესახებ:

„მთავარი ამოცანა ჩვენს სივრცეში ისეთი თეატრის დაბრუნებაა, რომელიც საათ-ნახევარში ადამიანის შეცვლას, მის ტრანსფორმირებას შეძლებს. ბოლო დროს ასეთი თეატრი ჩვენ არ გვქონია. ისეთი თეატრის ქონაა საჭირო, რომელიც შეძლებს სახიფათო იყოს საზოგადოებისთვის და, ტრანსფორმირების თვალსაზრისით, დამანგრეველად იმოქმედოს.“

„სახიფათო თეატრი“, როგორც ხანდახან რუსეთის ამ „ახალ დრამას“ უწოდებენ, სათავეს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში იღებს. ის ერთობად ჩამოყალიბდა, როცა, ალექსეი კაზანცევმა ჯერ ჟურნალი „დრამატურგი“ დააარსა, შემდეგ კი, 1998 წელს, მოსკოვში „რეჟისორის ცენტრი“ გახსნა. მაშინდელი პროექტი, რომელიც კაზანცევს ეკუთვნოდა, მიზნად ისახავდა ასპარეზი მიეცა ახალგაზრდა დრამატურგებისთვის, მათთვის, ვისი ნაწარმოებებიც არ ქვეყნდებოდა, და დიდ, კლასიკაზე ორიენტირებული თეატრების ალტერნატივად წამოეწია ისინი. პროექტმა იმუშავა და რამდენიმე წელიწადში მცირე, ნაკლები სახსრების მქონე არაკომერციულ თეატრებში მუშაობა გაიშალა. ასეთები იყო კაზანცევის ცენტრი, ზემოხსენებული „ტეატრ.დოკი“, ასევე მოსკოვის მეიერჰოლდის ცენტრი. მოსკოვის გარეთ თეატრის მოყვარულებისა და კრიტიკოსების ყურადღება დაიმსახურა რეჟისორისა და მწერლის, ნიკოლაი კოლიდას ხელმძღვანელობით მოქმედმა თეატრმა ეკატერინბურგში.

აშშ-ში, ბალტიმროში, მუშაობს თეატრის განვითარების საერთაშორისო ცენტრი. ცენტრი, რომელსაც ფილიპ არნო ხელმძღვანელობს, „ახალი დრამის“ პიესების ინგილისურენოვან სცენაზე გადატანის ინციატორი და სულისჩამდგმელი იყო. ეს პიესები მერილენდში, ტაუსონის უნივერსიტეტში, წლიურ პროგრამაში მოხვდა. არნო ამ მოძრაობის მთავარ მახასიათებელზე - მრავალფეროვნებაზე - ლაპარაკობს:

„თითქმის შეუძლებელია ყველა ამ პიესის ერთ ქვაბში მოხარშვა. ეს არ არის ჩეხოვის ახალი პიესები. მათში არ ხვდებით „მაგიური რეალიზმის“ ნიშნებს. საქმე გვაქვს ხმების ეკლექტიკურ ერთობასთან, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ ეტიკეტს, გარდა იმისა, რომ ახალი და თანამედროვეა.“

ამ თეატრში რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ ხიბლად ბევრს მიაჩნია ფაქტი, რომ მისი სოციალური და პოლიტიკური მხარე ხელისუფლების ცენზურის სამიზნე არ ხდება. თეატრის რეჟისორი იური ურნოვი, რომელიც რუსეთის არაერთ დრამატურგს უმაგრებდა ზურგს, გვეუბნება, რომ თეატრი „პოლიტიკურობისთვის“ კარგი ადგილია, რადგან ეს ჟანრი, თავისი ბუნებით, კვლავაც ნაკლებად მომგებიანია:

„თეატრი, გარკვეულად, პოლიტიკისთვის შესანიშნავი ადგილია. ჩემი აზრით, ხელისუფლება არ აქცევს მას დიდ ყურადღებას, რადგან ეს არეალი მცირეა და მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს. მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ის მცირეა და ადგილობრივი, მაგრამ, ჩანს, ხელისუფლება ასე ფიქრობს. ეს არის ის, რაც ამ თეატრს მეტ თავისუფლებას აძლევს.“

ჯონ ფრიდმანი რუსულენოვან „მოსკოუ ტაიმს“-ში მუშაობს და „ახალი დრამის“ მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია. მისი აზრით, ამ პიესებმა ხელისუფლების ცენზურის ყურადღება არ მიიქცია იმის გამო, რომ ისინი არაა აშკარად პოლიტიკური ხასიათის. მისი თქმით, ეს დრამები ნატიფ სოციალურ რეაქციას წარმოადგენს:

„აქ ვერ იხილავთ პიესებს პუტინზე. აქ ვერ იხილავთ პიესებს მასმედიის ჩახშობაზე. აქ ვერ იხილავთ პიესებს, რომლებიც მთავრობას პირდაპირ ეხება. ეს პიესები ისეთ პრობლემებზეა, როგორიცაა გაუცხოება ახალგაზრდებს შორის, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, თვითმკვლელობა. ანუ ესაა პიესები სოციალურ თემებზე და მათ მიმართ ინტერესს ავლენს ინტელექტუალების მცირე წრე, რომელსაც თეატრი და დრამატურგია აინტერესებს.“

ეს ასე არ ყოფილა ყოველთვის. ურნოვი, რომელიც ტაუსონის უნივერსიტეტშია მთელი წლით მივლინებული აშშ-ის მთავრობის - ფულბრაიტის - სტიპენდიით, იხსენებს 2005 წლის მარტს, როცა დიდ თეატრში „როზენტალის ბავშვები“ დაიდგა. ამ სპექტაკლს მოჰყვა პოლიტიკოსებისა და კონსერვატულად განწყობილი ადამიანების პროტესტი. ეს ავანგარდისტული ოპერა შეფასებული იყო როგორც პორნოგრაფია. ურნოვი ამბობს, რომ ხელისუფლება პიესებს მაშინ აქცევს ყურადღებას, როცა ისინი დიდ სცენებს მიაღწევენ ხოლმე. ასე რომ, მწერლებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობენ, უკეთესი იქნება მცირე, უცნობ თეატრალურ სტუდიებში დარჩნენ. ამის მიუხედავად, კუროჩკინი, რომელიც ამბობს, რომ არასოდეს დაუწერია პოლიტიკური პიესა, ამტკიცებს, მთავრობის ცენზურის ზეწოლა არასოდეს მიგრძვნიაო:

„ჩემი საკუთარი ცენზურის გარდა, არავინ მიშლის ხელს მძაფრ და თამამ თემებს შევეხო“, ამბობს დრამატურგი.

ეს შედარებითი თავისუფლებაა ახალი დრამის თვისება, რასაც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მიაქციეს ყურადღება.
არნოს და ფრიდმანის ერთწლიან შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. ახალი რუსული დრამა უცხოეთში გავიდა, მისი წარმომადგენლები დასავლურ თეატრალურ ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას.

არნო დარწმუნებულია, რომ დასავლეთში რუსეთის „ახალი დრამის“ პირველ წარმოდგენას მოჰყვება ამერიკის პროფესიულ თეატრში, ნიუ-იორკში და სხვაგან, რუსეთის „ახალი დრამის“ გამოჩენა, რაც, მისი წინასწარმეტყველებით, მომავალ ხუთ წელიწადში მოხდება. ძალიან გამიკვირდება, ეს ასე რომ არ მოხდესო, უთხრა ჩვენს რადიოს აშშ-ში, ბალტიმროში, მოქმედი თეატრის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ფილიპ არნომ.
XS
SM
MD
LG