Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლებს კონტრაქტებს 1 მარტამდე გაუგრძელებენ


ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საზოგადოებრივი რადიოს დირექტორმა თინათინ იზორიამ განუცხადა. მისი თქმით, 1 მარტამდე მოხდება არხის რეორგანიზაციაც. ”გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ რადიო მუშაობას არც ერთი დღე არ შეწყვეტს”, - განაცხადა იზორიამ. მისივე თქმით, პირველ მარტამდე ეთერში გავა ყველა ის გადაცემა, რომელიც აქამდე გადიოდა. პარალელურ რეჟიმში, პირველ მარტამდე გამოცხადდება კონკურსი, რომლის შედეგადაც შეირჩევა როგორც ახალი გადაცემები, ასევე მოხდება თანამშრომლების შერჩევა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საზოგადოებრივ რადიოში თანამშრომელთა მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებს. როგორც პროფკავშირების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არ შეიძლება რეორგანიზაცია თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა სამსახურებიდან ადამიანების ტოტალურად დათხოვნის მიზეზი გახდეს. პროფკავშირების გაერთიანება გამოხატავს პროტესტს მსგავსი გადაწყვეტილებების გამო და მზად არის გვერდში დაუდგეს საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლებს, თუკი მათ სამსახურის დაკარგვის რეალური საფრთხე დაემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი რადიოს 200-მდე თანამშრომელს 1-ელი თებერვლიდან კონტრაქტები აღარ გაუგრძელდებათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, კი საზოგადოებრივი რადიო ორი თვით რეორგანიზაციის რეჟიმზე გადავიდოდა და ამ პერიოდში საერთოდ შეწყვეტდა მაუწყებლობას. რეორგანიზაციის პერიოდში შეჩერდებოდა რადიოს საინფორმაციო სამსახურის მუშაობა და 104.2 სიხშირეზე რადიომსმენელები მხოლოდ მუსიკასა და ჩაწერილ გადაცემებს მოისმენდნენ.
XS
SM
MD
LG