Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი აირჩიეს


დღეს საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრამდე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა, დეპუტატებს მოუწოდა, მისი მხარდაჭერისგან თავი შეეკავებინათ.

იმ ფაქტს, რომ ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლეს, თარხნიშვილმა არა სინდისის და კანონის, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისი მოქმედება უწოდა. ”ეს ოპოზიციის წარმომადგენელთა ბოლო ორწლიანი უპასუხისმგებლო მოქმედებების გაგრძელება იყო და ამ ფორმაციის ცესკოს თავმჯდომარეობა წარმოუდგენლად მიმაჩნია” - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. მის კანდიდატურას კენჭისყრისას მხარი 36-მა დეპუტატმა დაუჭირა, მესამე კანდიდატს - ოთარ სიჭინავას კი - 19-მა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვინაობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაირკვა. მას შემდეგ რაც ცესკო-ს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა თავმჯდომარის საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხეს, პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სახელისუფლო გუნდმა აირჩია.

თავმჯდომარეობის კანდიდატები იყვნენ: ოთარ სიჭინავა, ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი.
XS
SM
MD
LG