Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური დიასპორების საპროტესტო აქცია


რუსული ანტიფაშისტური ორგანიზაციის „ნაში“ აქცია მოსკოვში
რუსული ანტიფაშისტური ორგანიზაციის „ნაში“ აქცია მოსკოვში
დღეს ცხინვალში, მოსკოვში, ბრიუსელსა და ბერლინში ერთდროულად გაიმართა ოსური დიასპორების საპროტესტო აქცია. აქციის ორგანიზატორი ოსური დიასპორების ასოციაცია „აღორძინება“ იყო. ცხინვალში საპროტესტო აქციაზე ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების ოჯახის წევრები და ნათესავები შეიკრიბნენ, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსთხოვეს დაგმონ ქართული სპეცსამსახურების მიერ ოსი ახალგაზრდების გატაცების ფაქტები და მათ გასათავისუფლებლად აქტიურად იმოქმედონ.

ცხინვალში დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის კრიტიკაც ისმოდა. აქციის მონაწილეების აზრით, ჰამარბერგმა დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის ედუარდ კოკოითისთვის მიცემული პირობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების საკითხის გარკვევის თაობაზე არ შეასრულა. აქციის მონაწილის ნაირა პლიევას თქმით, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემათ მათი მოთხოვნები, მოწოდებით, საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა გაათავისუფლონ დაკავებულები.

ანალოგიური აქცია გუშინ მოსკოვში, ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან, რუსულმა ანტიფაშისტურმა ორგანიზაცია „ნაშიმ“ გამართა. რუსმა ახალგაზრდებმა ცოტა ხნის წინ ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული გენადი პლიევის გათავისუფლება მოითხოვეს. დე ფაქტო ხელისუფლება მას ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულად მიიჩნევს, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად არ იზიარებს. ქართველი სამართალდამცავების მტკიცებით, პლიევი შეიარაღებული გადავიდა სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე, სადაც ის დააკავეს. კოკოითის მიწვევით ინციდენტის დეტალების გასარკვევად ცხინვალში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ, რომლებმაც მოგვიანებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში პლიევთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადეს, რომ იგი საკუთარი ნებით გადავიდა ქართველი სამართალდამცავების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული ოსი მოქალაქეების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ თითოეული დაკავებული კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი პლიევის დაკავების დეტალებზე საუბრობს.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ოსური მხარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოწოდების მიუხედავად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ვიდრე, მათი თქმით, ქართულ ციხეებში მყოფი უკანონოდ დაკავებულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი არ გაირკვევა. როგორც ცნობილია, ოსური მხარე ომამდე დაკავებული და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ცხინვალის მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს, რასაც ქართული მხარე არც კი განიხილავს და, თავის მხრივ, მოითხოვს, ცხინვალის ციხეში მყოფი ექვსი ლამისყანელი და სამი ფრონესხეობელი უპირობოდ გაათავისუფლონ.
XS
SM
MD
LG