Accessibility links

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი აირჩია


საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამდებობაზე ზურაბ ხარატიშვილი აირჩია. ის ერთ-ერთი იყო იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი სიიდან შეარჩია. პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც კომისიის წევრთა ოპოზიციურმა ნაწილმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ერთის ასარჩევად კონსენსუსს ვერ მიაღწია. ცესკოში 14 იანვარს გამართულ კენჭისყრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, ნაწილმა კი ხმა არავის მისცა. პასიურობის გამო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციას 15 იანვარს პარლამენტის ტრიბუნიდან აკრიტიკებდნენ. კრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდანაც გაისმა.

ცესკოს თავმჯდომარედ არჩეული ზურაბ ხარატიშვილი პრეზიდენტის სამკაციან სიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ის ფონდმა ”ალპემ” დაასახელა. მომავალი საქმიანობის პრინციპებს შორის ცესკოს ახალი თავმჯდომარე ორ მთავარ პრინციპს გამოყოფს:

”მე ვიქნები სამართლიანი და მომთხოვნი, პირველ რიგში, საკუთარი თავის და, შემდეგ, ყველა სხვის მიმართ, რაზეც პასუხს ვაგებ ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე.”

ხარატიშვილმა თავის ორ კონკურენტს, პარლამენტში 15 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, ხმათა საკმაოდ დიდი სხვაობით აჯობა. მან დეპუტატთა 98 ხმა მიიღო, მაშინ როცა მხოლოდ 19 ხმა მოაგროვა გაეროს ასოციაციის მიერ დასახელებულმა ოთარ სიჭინავამ და 36 ხმა მიიღო ”თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ დასახელებულმა ლევან თარხნიშვილმა.

ეს ის 36 დეპუტატია, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, არ გაითვალისწინეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლევან თარხნიშვილის თხოვნა, რომლითაც მან პარლამენტს კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართა:

”მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას, რომ არ მოხდეს პროცესის ხელოვნურად გაწელვა... მაგრამ მე მოგმართავთ თხოვნით, რომ მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილი ორი სხვა კანდიდატურიდან რომელიმეს. ორივე მათგანის კვალიფიკაციას ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.”

ლევან თარხნიშვილმა თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ცესკოს წევრების ოპოზიციური ნაწილის პარტიული დირექტივებით მოქმედება. მათზე ”პარტიული წნეხის” გავლენა, როგორც თავად ამბობს, თარხნიშვილმა დაინახა 14 იანვარსაც, როდესაც ცესკოს წევრთა ოპოზიციურ ნაწილს, 6 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ერთი უნდა შეერჩია. პროცესში მონაწილეობაზე წინასწარვე თქვეს უარი რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა. ამ პოლიტიკურმა ძალებმა პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამივე კანდიდატი ”ხელისუფლების სატელიტებად” შეაფასეს და, ამდენად, არჩევანის გაკეთება აზრსმოკლებულად ჩათვალეს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო სექტორთან გამართული კონსულტაციები ფიქცია იყო და რომ პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა საზოგადოების დაკვეთა.

ცესკოში წარმოდგენილი დანარჩენი პარტიები - ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ”ჩვენ თვითონ” - მაინც ცდილობდნენ მიეღწიათ კონსენსუსისთვის არჩევანის გასაკეთებლად ოთარ სიჭინავასა და ზურაბ ხარატიშვილის კანდიდატურებს შორის, რადგანაც ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან თარხნიშვილის დატოვებას ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ კონსენსუსმა აზრი დაკარგა იმიტომ, რომ, სამი პარტიის ბოიკოტის გამო, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 4 ხმის მოგროვება მაინც ვეღარ ხერხდებოდა. შექმნილ სიტუაციას 15 იანვარს პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციის წარმომადგენლებიც აკრიტიკებდნენ - მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე:

”ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენ, ოპოზიციამ, არ გამოვიყენეთ შანსი, რომ ის ადამიანი ნაწილობრივ მაინც ყოფილიყო ჩვენზე დამოკიდებული, რომელიც გახდებოდა 14 იანვარს თავმჯდომარე.”

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, ისევე როგორც პარტიამ ”ჩვენ თვითონ”, ”ქართულმა დასმა” და ”ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ” უარი თქვა პარლამენტში 15 იანვარს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ისინი აცნობიერებდნენ, რომ მათი ხმა უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვერაფრით დაუპირისპირდებოდა. თუმცა ასეთი არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია თორთლაძისთვის და დეპუტატი კენჭისყრის პროცესს არ გამიჯვნია.

უმრავლესობამ კი ოპოზიცია - საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც - უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. მაგალითად, ტრიბუნაზე გამოსულმა გიორგი გაბაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია მცდარ გზაზე დგას:

”...კერძოდ, გზაზე, რომ არა მონაწილეობა მიიღოს პატიოსან პოლიტიკურ კონკურენციაში, არა იბრძოლოს, არა შეეცადოს, რომ გაიმარჯვოს, არა იმონაწილეოს არჩევნებში, არამედ საარჩევნო კამპანიის გამოცხადების პირველივე დღიდან გაამართლოს სავარაუდო წარუმატებლობა; არა ითამაშოს პატიოსან თამაშში, არამედ წინასწარ ყველაფერი დააბრალოს მსაჯს...”

უმრავლესობის ამგვარი შთაბეჭდილების მიუხედავად, პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებს ბოიკოტი სხვადასხვა ეტაპზე გამოუცხადეს, მაისის არჩევნებში არა მხოლოდ მონაწილეობას, არამედ გამარჯვებას და მოპოვებული ხმების მაქსიმალურ დაცვასაც გეგმავენ. მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მათგან ბოიკოტს მხოლოდ ლეიბორისტული პარტია უცხადებს.
XS
SM
MD
LG