Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს განათლების ხელახალი რეფორმა სჭირდება?


ნათელა სახოკია, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი
ნათელა სახოკია, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი
ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში პედაგოგები შეკრიბა, რათა, როგორც თავად თქვა, განათლებაზე სერიოზულად ელაპარაკათ. 40-წუთიანი მონოლოგის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის უმთავრესი პრობლემები საბჭოთა პერიოდიდან დამოუკიდებელ საქართველოს გადმოეცა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებით კორუფცია მოისპო და სოციალური სამართლიანობა აღდგა, ”ბევრი რამ წავიდა ცუდად” და ქვეყანაში ”განათლების ხარისხი მკვეთრად დაეცა.” მდგომარეობის გამოსწორებაზე საუბრისას მან რამდენიმე იდეაც გამოთქვა, მაგალითად, გამოცდების რაოდენობის გაზრდა, სკოლებში დისციპლინის აღდგენა და სამხედრო-პატრიოტული აღზრდა.

სად არის პრობლემები - რეფორმის ცალკეულ დეტალებში თუ მთლიანად განათლების ქართულ სისტემაში?

ნებისმიერი რეფორმა პრობლემების გაცნობიერებით და მისი მოგვარების მიზნის დასახვით უნდა იწყებოდეს. ”ეს ლოგიკური პროცესი მთელი მსოფლიოსთვის ერთი და იგივეა და საქართველოს რაიმე ახლის გამოგონება არ სჭირდება. უნდა თქვა რა გაწუხებს, რა მიზნებს ისახავ, რა სტრატეგიით მიხვალ მიზნამდე, რა საშუალებები გაქვს, და ეს საშუალებები აწონ-დაწონო. უნდა დასახო ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია, თორემ, თუ ნატვრა დაისახე მიზნად, ყველაფერი აირევა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორმა ნათელა სახოკიამ.

თუ რა პრობლემები ჰქონდა საქართველოს განათლების სისტემას და რა უნდა გაკეთებულიყო მათ მოსაგვარებლად, ეს ექსპერტთა დიდმა ჯგუფმა კარგად ჩამოაყალიბა 2002 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ქვეყანაში განათლების რეფორმა დაიწყო. ნათელა სახოკიას თქმით, განათლების საბჭოთა სისტემამ დამოუკიდებელ საქართველოს მემკვიდრეობად კორუფცია, მწირი დაფინანსება, განადგურებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო პროგრამები დაუტოვა. ამ ყველაფრის გარდაქმნა განათლების რეფორმით დაიწყო. ნათელა სახოკიამ, რომელიც პროცესის ერთ-ერთი მონაწილე იყო, იხსენებს, რომ განათლების რეფორმა არცთუ კარგად, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად მიმდინარეობდა. 2002 წელს დაიწერა უმაღლესი განათლების კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო. ამასთან, უნდა შექმნილიყო განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებელი სააკრედიტაციო კომისია, რათა, ნათელა სახოკიას განმარტებით, ”აკრედიტაცია არ ქცეულიყო, რაც შემდეგ მოხდა, პოლიტიკური ანგარიშსწორების, თუ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად.” უმაღლესი განათლების კანონპროექტი ასევე განსაზღვრავდა დაფინანსების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. ამ პროექტის კანონად გადაქცევას პარლამენტი 2003 წლის განმავლობაში ბლოკავდა. რევოლუციის შემდგომმა პარლამენტმა უმაღლესი განათლების კანონი 2004 წელს დაამტკიცა. როგორც ნათელა სახოკია ამბობს: ”სწორედ აქ დაიწყო პრობლემა - პრობლემა იმის, რომ ყველაფერი ჩქარა უნდა გაკეთდეს. სწორედ აქ იყო შეცდომები, რომელსაც ახლა პრეზიდენტიც აღიარებს.”

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა სწორედ 2002 წელს მომზადებულმა კანონპროექტმა განსაზღვრა. თუმცა, მისი იმავე წელს დამტკიცების შემთხვევაში, გამოცდები მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 2007 წლიდან უნდა ჩატარებულიყო. რევოლუციის შემდგომმა განათლების სამინისტრომ კანონპროექტის სრულიად ახალი ვარიანტი შექმნა. არაერთი შეუსაბამობის გამო, ის თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწუნეს და, საბოლოოდ, კანონის სახით, მისი და 2002 წლის პროექტის ერთგვარად შეჯერებული ვარიანტი მივიღეთ. განათლების ამჟამინდელ კანონში ნათელა სახოკიასთვის ყველაზე დადებითი ერთიანი ეროვნული გამოცდებია, თუმცა მხოლოდ მისი ფორმა და არა შინაარსი: ”საბოლოოდ გამოვიდა, რომ ერთ მხარეს ეროვნული გამოცდებია, მეორე მხარეს კი - უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები. ისინი ერთმანეთთან შეუთანხმებელია.” სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორისთვის წარმოუდგენელია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნარ-ჩვევებს ჰქონდეს: ”სხვათა შორის, იმის გამო, რომ ბავშვებს რაღაც სიტყვები არ უსწავლიათ და მისი მნიშვნელობა არ იციან, უნარ-ჩვევების ლოგიკურ ამოცანებსაც ვერ ხსნიან.” ერთ დროს წარმატებად აღიარებული უნარ-ჩვევების გამოცდის გამო, უკმაყოფილება ამ კვირაში პრეზიდენტმაც გამოთქვა. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორის თქმით, შეცდომების აღიარება კარგია, მაგრამ არაფერს შეცვლის, თუ მას მხოლოდ რაღაც დეტალების ჩამოთვლა მოჰყვება და არა ერთიან სისტემაზე ფიქრი: ”სისტემაში ერთ ადგილს რომ ხელს მოჰკიდებ, ის ყველაფერს ჩაითრევს. პროფესიონალის საქმე ის არის, რომ დაინახოს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ადგილს. აი, მაგალითად, 10 გამოცდა - ჯერ ერთი, გაუგებარია რატომ 10 და არა 7, ან 12? და რას გამოიწვევს ეს 10 გამოცდა? რა მოხდება ჩვენს სკოლაში, სადაც ბავშვები უკვე დიდი ხანია აღარ დადიან? უამრავი ასეთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი თანმიმდევრული და სერიოზული მუშაობით უნდა გაეცეს. ქვეყანას აქვს უფლება იცოდეს, ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და მთლიან სისტემაში მოიყვანენ.” მთლიანი სისტემა კი საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი და პროფტექნიკური სასწავლებლები, უმაღლესის შემდგომი განათლება და დასაქმებაა. ”განათლების სისტემა ქვეყნის ერთიანი სისტემის ნაწილია და ამაზე ერთიანად უნდა იფიქრო, რაც, სამწუხაროდ, პრეზიდენტის გამოსვლიდან არ ჩანდა”, - ამბობს ნათელა სახოკია.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი პრობლემას იმაშიც ხედავს, რომ ხელისუფლება პროფესიონალებს არ უსმენს: ”კეთილგანწყობით გამოთქმული შენიშვნები იგნორირებული იყო. ერთმა, განათლების ახლაც მესვეურია, მითხრა, დემოკრატია ის არის, რომ თქვენ ერთი აზრი გაქვთ და მე - მეორეო. ეს აბსოლუტურად მცდარია, რადგან პროფესიულ საქმიანობაში არა დემოკრატია, არამედ პროფესიონალიზმია. თუ ადამიანი არგუმენტირებულად გეუბნება, რომ რაღაც არ იმუშავებს, ვალდებული ხარ მოუსმინო.” როგორც ნათელა სახოკია ამბობს, საქართველოს განათლების სისტემასა და სამინისტროში ბევრი მაღალი რანგის პროფესიონალია და, პირველ ყოვლისა, მათ უნდა დაეკითხონ.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა, ექსპერტის შეფასებით, ის არის, რომ ხელისუფლება საზოგადოებას რეფორმის შინაარსს და მიზანს არ განუმარტავს: ”თუ ადამიანებს არ ესმით, რას აპირებ და არ ეთანხმებიან, რეფორმა არასდროს იმუშავებს. ადამიანს ძალით ვერ გააბედნიერებ.” რეფორმის შედეგი საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები უნდა იყოს, თავად რეფორმა კი - სისტემურად, ლოგიკურად და თანმიმდევრულად ფიქრის და ასეთივე მოქმედების შედეგი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ის წარმატებულად მივიჩნიოთ, - ამბობს ნათელა სახოკია, რომლის შეფასებით, საქართველოში განათლების რეფორმა თავიდანაა დასაწყები: ”მთელი სისტემა თავიდანაა მოსაფიქრებელი. ეს რთული პროცესია, შესაძლოა, მტკივნეული და გრძელი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ასე არ გამოვა, რომ, აი, მაგალითად, 2011 წელს რაღაც კონკრეტულს გავაკეთებთ, 3-4 წლის შემდეგ კი კვლავ აღმოვაჩენთ, რომ ცუდი ყოფილა. თან, გარდა იმისა, რომ რეფორმა ძალიან სერიოზულად უნდა დაიგეგმოს, მუდმივად უნდა იყოს ჯგუფი ან ინსტიტუტი, რომელიც ამას თვალყურს ადევნებს. სოციალური სფერო ისეთი რთულია, რომ სანამ დაიწყებ რეფორმას, ჯერ ბევრი უნდა იფიქრო, შემდეგ სულ თვალყური ადევნო და მზად იყო, რომ პროცესის მიმდინარეობა ცვალო. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ევროკავშირი გვაძლევს სწორედ ასეთ რეკომენდაციას.”
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG